“სააკაშვილს სურს, ერთი პარტიის ლიდერობიდან, გადაიქცეს მრავალპარტიულ ლიდერად”
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის: პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს. პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.
წელს ისინი დასრულდებიან!
წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!
წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე!
დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!”
„ალიას“ სააკაშვილის სავარაუდო გეგმების შესახებ, იმ კულუარული ხმების შესახებ, რომელიც მის ამ განცხადებას მოჰყვა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.
– ბატონო ვალერი, რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ მოულოდნელ განცხადებაზე? „ნაცმოძრაობაში“ ახალი დაჯგუფებები იქმნება? მიშა ახალ პარტიას ქმნის?
– არა მგონია, ახალ პარტიას თუ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნიდეს სააკაშვილი. მე ასე არ ვუყურებ. ეს განცხადება სააკაშვილის სიურპრიზია, მისი ჩანაფიქრის შინაარსი ჩვენ ჯერ არ ვიცით. შეიძლება მას სხვა რაიმე მოდელი ჰქონდეს ჩაფიქრებული. დღეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ გაიგივებულია ერთმანეთთან, პარტიას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, აღმასრულებელი ხელისუფლება და სააკაშვილი არ არის პარტიის მართვაში, შიდა პარტიულ ცხოვრებაში ეფექტურად ჩართული. რასაც პარტიაში შეიმუშავებენ, შესაძლოა, არც ეთანხმება, მაგრამ იმ გეგმებს, იმ პარტიულ გადაწყვეტილებებს პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც თავს უქნევს. პარტიის რეალური ლიდერია და გუნდური პრინციპით თამაშისას, სხვაგვარად შეუძლებელია. სააკაშვილი ამის გამო, ამ მიზეზით, მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. სააკაშვილი არ არის უმნიშვნელო პოლიტიკოსი, საკმაოდ წონიანია, რაც არ უნდა ბევრი აგინონ, ესეც მისი აღიარების დასტურია. აქვს საერთაშორისო აღიარება და მას კვლავ ანგარიშს უწევენ დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. ბრძოლებში იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ამ ბრძოლაში დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების დატოვება მოუწია. პირიქით, მისმა პოლიტიკამ გაიმარჯვა სხვისი სახელით. ამიტომ, მისი პოტენციალი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ვფიქრობ, სურს, რომ დარჩეს ქართველ პოლიტიკურ ლიდერად, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს და ამ რანგში ელაპარაკოს სხვა პარტიულ ლიდერებს, სხვა ქართველ პოლიტიკოსებს. უფრო ნაციონალური, ეროვნული ინტერესები გამოიყვანოს ასპარეზზე და არა მხოლოდ პარტიული ინტერესები. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ამისთვის არის გათვლილი. ისტორია თავისას იტყვის, ჩვენ თუ არ ვიტყვით. სააკაშვილს მიეწერება ქართული სახელმწიფოს პოზიტივები, ამ მხრივ ბევრი გააკეთა, არარსებული ინსტიტუციები შექმნა და უკვე არსებული გააძლიერა, ეს ფაქტია. ამიტომ, როგორც მშენებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოღვაწე ადამიანი, ის უკვე ისტორიის ნაწილია, როგორც ზვიად გამსახურდია. გამსახურდია არის ისტორიის გმირი, რომელიც ვეებერთელა საბჭოთა კავშირს შეეჭიდა და ამ ბრძოლის შედეგად, დამოუკიდებლობა მიიღო საქართველომ. სააკაშვილს აქვს ისტორიაში დარჩენის ამბიციები და პრეტენზიები. ვფიქრობ, რომ მას აქვს მიზანი, რომ ამ ნაბიჯით შექმნას გარკვეული სათათბირო, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება წარმოდგენილი, ყველა იქნება თანასწორი და თანაბარი, იქნება მუდმივი საგნობრივი მსჯელობა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების შესახებ. და არა რაღაც მოკლევადიან და კონკრეტულ საკითხებზე. მე ასე მგონია და ახლა სხვანაირად ვერ ვიფიქრებ. მიშას მაგ განცხადების შემდეგ, სულ ვფიქრობდი, რა მიზეზი უნდა არსებობდეს საიმისოდ, რომ რაღაც ცალკე პოლიტიკური მოძრაობა შექმნას. ლოგიკით მაგ მიზეზს ვერ მივაკვლიე.
– ერთი სავარაუდო მიზეზის შესახებ მე მოგახსენებთ. სააკაშვილის გადაწყვეტილებებს ხომ არ ბლოკავენ „ნაცმოძრაობაში“? წონა ხომ არ დაუვარდა? ამიტომ ხომ არ გახდა იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგა?
– მე არ მაქვს ინტენსიური ურთიერთობა „ნაცმოძრაობასთან“, ვერც იმას ვიტყვი, რომ მათ კულუარებში ვარ ჩახედული, მაგრამ რასაც გარედან ვუყურებ, სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. შეუძლებელია ადამიანი დევნაში იყოს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და თავის ქვეყანაში პარტიის მართვის პულტთან იჯდეს. სააკაშვილს უკრაინაშიც უამრავი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, ყოველდღიური შეხვედრების რეჟიმშია იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიმდინარეობს ყოველდღიური ცოცხალი კონსულტაციები და მას არ აქვს საკუთარ პარტიასთან ელემენტარული, ფიზიკური პირობები, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდეს კონსულტაციები, პარტიის ყველა გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. კი, ყოველკვირეულ რეჟიმში მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში, შესაძლოა, საკვანძო საკითხები მის გარეშე არ წყდება, მაგრამ ეს არ კმარა. მოწყვეტილი რომ ხარ შიდა პარტიულ საქმიანობას, ინტენსიურად რომ არ ხარ ჩართული. შესაძლოა, ისეთი დეტალი გამოგეპაროს, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებაზე უარყოფითად იმოქმედოს, შეცდომა დაგაშვებინოს. როგორი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებებიც არ უნდა არსებობდეს, შეუძლებელია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში სრულფასოვნად მიიღო პარტიის მუშაობაში მონაწილეობა სხვა ქვეყნიდან. ამიტომ, შიდა პარტიული, პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიციები ყოველთვის ვერ იქნება თანხვედრი სააკაშვილის პოზიციებთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი მგონია ეს პროცესი. პარტიის სხვა ლიდერებსა და სააკაშვილს შორის, სრული თანხვედრა ვერ იქნება. ის სხვა სიბრტყეშია. ზოგჯერ რეალობას მოწყვეტილი, ესენი რეალობაში არიან. ცხადია, ამით სააკაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, კომფორტულად, ცხადია, ვერ იგრძნობს თავს. თუმცა, ეს არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად, რომ მან პარტია დატოვოს. მას შეუძლია მთლიანად გარდაქმნას პარტია, შეცვალოს პოლიტსაბჭოც და სხვა რგოლებიც. “ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილია, ეს ხომ ყველამ ვიცით? ელექტორატი სააკაშვილზეა მიბმული და არა სხვა ლიდერზე ან ლიდერებზე. თუ ის საჭესთან ზის, მართავს მანქანას, მგზავრების გამოცვლა, ახალი მგზავრების აყვანაც არ არის მისთვის პრობლემა. ამიტომ, არ უნდა იყოს ეს ლოგიკა სწორი, რომ შიდა პარტიული მიზეზთა გარემოებების გამო დგამს ასეთ ნაბიჯს. მით უმეტეს, ამ ეტაპზე, სააკაშვილთან მისი პარტიის ბირთვის დაპირისპირების შესახებ, საფუძვლიანი და დამაჯერებელი ვერსია არც გამიგონია. ჭორების დონეზე, იცოცხლეთ, ათასი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ჭორია და სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ისევ ერთად არიან. მოკლედ, სააკაშვილს სურს, ერთი პარტიის ლიდერობიდან, გადაიქცეს მრავალპარტიულ ლიდერად. ეს მგონია ფორმულა და მისი გადაწყვეტილების მიზეზი და საფუძველი. შეიძლება, უფრო უპრიანიც იყოს მისი გადაწყვეტილება. სააკაშვილი ჯარით არავის სჭირდებოდეს, ხოლო როგორც ფიგურა, ლიდერი სჭირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს.
– ასეთ შემთხვევაში, ლიდერის გარეშე რჩება „ნაცმოძრაობა“.
– რატომ რჩება ლიდერის გარეშე, მათ ჰყავთ პარტიულ ყრილობაზე არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. ის არის ახლა ამ პარტიის მმართველიც და ლიდერიც.
– „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისთვის სად სააკაშვილის წონა და სად გრიგოლ ვაშაძისა? თავად ბრძანეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მიშასთან ასოცირდება. რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან „ნაციონალები“ სააკაშვილის გარეშე, თუ მან მართლა გადაწყვიტა ზეპარტიულ ლიდერად გახდომა?
– ბიძინა ივანიშვილის პრობლემა რა არის, ხომ იცით? ბიძინას პრობლემა არალეგიტიმურობა და ჩრდილოვანი მმართველობაა. მისი უზარმაზარი გავლენის შესაფერისი კი არა, არანაირი სახელმწიფო პოსტი არ გააჩნია და ისე მართავს ქვეყანას. ამას ედავება მთელი სამყარო. მიშას პრობლემაც არალეგიტიმურობაა. პარტიას ჰყავდეს თავმჯდომარე და მიშა მართავდეს, ისევ ჩრდილოვანი მმართველი გამოდის პარტიისა. თუ შენც ჩრდილოვანი მმართველი ხარ, მაშინ სხვას იმავეს რატომ ედავები? კი, განსხვავება არის პარტიისა და ქვეყნის არალეგიტიმურ, არაფორმალურ მმართველს შორის, მაგრამ პრინციპი იგივეა. ამ ჩრდილიდან გამოსვლა უნდა მიშას, ასე მგონია და ეს სრულიად ლოგიკურია.
– „ნაცმოძრაობა“ დატოვეს პოლიტსაბჭოს წევრებმა, ესენი სააკაშვილთან ხომ არ წავლენ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მიშას ახალ შტაბში?
– თუ მიშა იგივე გზას ადგას და ახალი პარტია უნდა შექმნას, ეს არის პოლიტიკური შეცდომა. თუ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ლიდერშიპი, ეს უკვე სხვა მასშტაბებია. „ნაცმოძრაობიდან“ გასული ხალხი, სად წავა და სად არა, ეს სხვა საქმეა.
– ბატონო ვალერი, თუ მიშამ შექმნა სათათბირო ერთიანი პოლიტიკური სპექტრისთვის, რასაც თქვენ ვარაუდობთ, ეს ხალხი იმ სათათბიროსთვის ხომ არ სჭირდება? მაგას ვკითხულობ. საქართველოში ვერ ჩამოვა და იმ ბიბლიოთეკაში, იმ შტაბში ხომ სჭირდება ხალხი, ამ შტაბმა მუშაობა რომ დაიწყოს? ესენი, ვინც ჩამოვთვალე, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მიშასთვის საქმის გაკეთება შეუძლიათ.
– ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება.
– მიშას „მოტეხვას“ ხომ არ აპირებდნენ „ნაციონალთა“ სხვა ლიდერები და მიშამ ხომ არ დაასწრო და ეს ახალი ცენტრის შექმნა იმიტომ ხომ არ გადაწყვიტა? საკუთარი პარტიიდან გამოგდებულ–გადაგდებულ ლიდერს მერე ჩალის ფასი ექნებოდა. მით უმეტეს, ორივემ ვიცით, რომ გიგა ბოკერია და მისი გუნდი მიშას დიქტატს, ახირებებს, არაადეკვატურ განცხადებებს გაექცა „ნაცმოძრაობიდან“ და იყო კონკრეტული ფაქტები, რომ მიშას „ნაცმოძრაობის“ არა ერთ ლიდერთან ჰქონდა ბოლო წლებში დაპირისპირება.
– მაგათ ყველას აქვს ეგ გეგმა, რომ მიშა „ჩატეხონ“. მიშა გახადონ უმნიშვნელო ფიგურა, მოიშორონ კონკურენციიდან. მე მასთან მქონდა შეხვედრა და საუბარი და ვკითხე, რას ფიქრობდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. 2020–ის არჩევნებზე ჰქონდა მარტივი და მკაფიო მიდგომა. პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, ყველა პარტიის ლიდერი უნდა დაჯდეს ერთად. ერთ ფორმატში, უნდა გაერთიანდეს ყველა და მოუგონ არჩევნები „ქართულ ოცნებას“. ეს მითხრა მიშამ. რაც შეეხება თავად მიშას, არანაირი პრეტენზია, ამბიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ ჰქონდა, არ გეგმავდა მასში მონაწილეობას. შესაბამისად, არც ახლა აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. მან ჩემთან ხაზგასმით თქვა, რომ ვიდრე არ მომიწევს ქართულ სასამართლოში ფიზიკურად მისვლა და იმ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება მიყენებს, მანამდე პოლიტიკურ პროცესებში პირადად მონაწილეობის პრეტენზია არ მაქვსო. 2020–ის არჩევნებში მონაწილეობას მიშა არ გეგმავს. ისევე, როგორც მან თქვა, რომ თუ არჩევნები მოიგო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობას“ ახალ პარლამენტში არ ექნება დომინატობის ის პრეტენზია, რომ მინისტრთა პორტფელების უმეტესობა წაიღოს. ოღონდ იმ პირობით, რომ როგორც კი დასტაბილურდება ვითარება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. აი, ამის მერე უკვე ბრალდებისგან გათავისუფლდება სააკაშვილი, ყველა ბრალს მოუხსნის პროკურატურა, რის გამოც დასდეს მსჯავრი, რის გამოც იძებნება და დაიწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს მითხრა და რაც მითხრა, იმას გიმეორებთ.
– ვერც მიიღებს ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას, სააკაშვილი მსჯავრდებული და ძებნილია.
– ჰოდა, არარეალურიც არის მისი ქართულ პოლიტიკაში აქტიურობა, ამიტომაც არის ასეთი ხედვა რომ აქვს. ამ პოზიციის საჯაროდ განცხადებას, გარკვეული ნაკლი აქვს. ამომრჩეველი იკითხავს, შენ თუ არ მონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში, შენ თუ არ მოდიხარ, მე რატომ უნდა მოვიდე არჩევნებზე და რატომ უნდა მივცე ხმა შენს პარტიას? ის ამბობს, კი მოვდივარ, მაგრამ ჯერ არა. ფორმულა ეგ არის.
– „ქართულმა ოცნებამ“ აჩიკო თალაკვაძის მეთაურობით საპარლამენტო დელეგაცია რომ გაგზავნა ვაშინგტონში, ამ დელეგაციამ რა ჩამოიტანა ისეთი ამერიკიდან, რომ გაბადრული სახეებით საუბრობენ მედიასთან და მათ კომენტარებში იკითხება, ამერიკელმა კონგრესმენმა ძიებმა კი დაგტუქესეს, თუმცა რომ ველოდით, არც ისე მკაცრადო. ბავშვი სახლში რაღაცას რომ დააშავებს, არ მიტყეპავენ და მარტო სიტყვიერად დატუქსავენ, ამ დელეგაცის ყველა წევრს ეგეთი სიფათი აქვს.
– ვიდრე წავიდოდა ეს დელეგცია, მანამდე ვთქვი, რომ როგორც წესი, ასე ხდება. ამერიკასთან რომ რთულდება ურთიერთობა, იგეგმება სასწრაფო სამთავრობო–საპარლამენტო ვიზიტები. ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი, შეხვდა ამერიკელ პოლიტიკოსებს და მოამზადა ნიადაგი საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლისათვის. ესენი ასეთი ტიპის შეხვედრებზე მუდამ ჩადიან ქეისით, წინადადებების რაღაც პაკეტით, ჩვენ ვართ სტაბილური პოლიტიკური ძალა, გვინდა ქვეყანაში სტაბილიზაცია, ამიტომ თქვენს რეკომენდაციებს გავითვალისწინეთო – აი, ამას ეტყოდნენ იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ვისაც შეხვდნენ და რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ. ამის შემდეგ ამერიკელები გადმოულაგებდნენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ამის გარეშე ხელცარიელი თალაკვაძე ვის რად უნდა ამერიკაში? სასაცილოდაც არ მყოფნის, რომ თალაკვაძე ჩავიდა ამერიკაში და ვიღაცა „შეკერა“. „შეკერე“ გამორიცხული თემაა ამერიკაში, იქ მთავარი არის ღირებულებები და პოლიტიკური სისტემები. თუ ესენი ჩავიდნენ იმ წინადადებით, რომ ამერიკელთა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, ოპოზიციასთან გაივლიან კონსულტაციას საარჩევნო სისტემის შესახებ, იქ დაუკონკრეტებდნენ ამას. გამორიცხულია, არ ეთქვათ, როგორ საარჩევნო სისტემაზე და რა ვადებში უნდა შეთანხმდნენ ოპოზიციასთან. თუ ამ კონსესუსს მიაღწევს ოპოზიცია და ხელისუფლება და მერე დანიშნავენ არჩევნებს, მაშინ ჩატარდება ნორმალური არჩევნები და დაიდება ლეგიტიმური შედეგები. თუ არ მიიღწევა კონსესუსი, ისე დანიშნავს და ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, მაშინ ეს არჩევნები გამოცხადდება არალეგიტიმურად. ამერიკა შეუფასებს, რომ ეს იყო არალეგიტიმური და უკანონო არჩევნები. გარდა ამისა, დარღვევები იმდენი იქნება იმ არჩევნებზე, ეს დამატებითი საფუძველი იქნება, რომ არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად. ამერიკას აჰყვებიან ევროკავშირის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და გათავებულია ამათი საქმე.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №5
კომენტარები