ტემპერატურის მატება დამიფიქსირდა თუ არა, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, დავუკავშირდი ჯანდაცვის ცხელ ხაზს, საიდანაც გადამამისამართეს 112-ში. 112-მა მითხრა, რომ მეორე დღეს ტრენინგგავლილი ექიმი დამიკავშირდებოდა და გავივლიდი კონსულტაციას ტელეფონით, მანამდე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამომიგზავნა.
სასწრაფო დახმარების ექიმმა გზიდან დამირეკა და „ჯიგრულად“ მკითხე, რატომ გამოვიძახე სასწრაფო, თუ მხოლოდ ის სიმპტომები მქონდა, რაც 112-მა გადასცა და არც სუნთქვა მიჭირდა, არც კონტაქტში ვიყავი ინფიცირებულთან – ვუპასუხე, რომ მე არ გამომიძახია, მე უბრალოდ ინსტრუქციას მივყევი და 112-ის ოპერატორმა გამოუშვა ბრიგადა. – მაშინ აღჭურვილობის გარეშე მოვალო, მითხრა.
მოვიდა, გამიზომა თავისი ელექტრო თერმომეტრით სიცხე – ანუ თერმოსკრინინგი ჩამიტარა, არ აჩვენა სიცხე ელექტრო თერმომეტრმა, ისევ ძველი, ლარად ნაყიდი, მექანიკური თერმომეტრი გამოვიყენეთ და ტემპერატურა მქონდა. რადგან სხვა სიმპტომი არ მქონდა, სატურაციაც ნორმაში იყო – დაისვენეო, გამოიძინეო, მითხრეს და წავიდნენ.
გათენდა, თუ არა, 112-ის ოჯახის ექიმმა დამირეკა, გამომკითხა ისევ სიმპტომები, კორონავირუსი იმანაც გამორიცხა და ანტიბიოტიკ „აუგმენტინის“ 5 დღიანი კურსი დამინიშნა. დამიბარა, რა დროც უნდა იყოს, დამირეკეო და რამდენიმე დღე მპასუხობდა კიდეც, მაგრამ მას მერე, რაც თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში სცადა ჩემი გადაბირება (იქაც მუშაობს, თურმე) და ჩემი დაზღვევის გადატანა, მოტივით, რომ ჩემი პოლიკლინიკა (სადაც ჩაწერილი ვიყავი და ვარ) ჯანდაცვის სამინისტრომ დახურა, თურმე და მე უარი ვუთხარი, სასწრაფოდ გამითიშა და მას მერე ზარზე აღარ უპასუხია.
112-ის ოჯახის ექიმმა არ იცოდა, რომ მე პარალელურად, ჩემ პოლიკლინიკაშიც ვიყავი მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში და ვიცოდი, რომ მატყუებდა და პოლიკლინიკების ნაწილი მართლაც გაუქმდა, მაგრამ ჩემი – არა.
ხო, 112-ს ოჯახის ექიმიც იგივეს მირჩევდა, დაისვენე და გამოიძინეო…
მომდევნო ორი კვირა, ამაოდ ვცდილობდი მეპოვნა პოლიკლინიკა, რომელიც მიმიღებდა სიცხიანს და გამიკეთებდა ანალიზებს. სიცხე მერყეობდა 37.0-დან 37.8-მდე და სიცხიანი პაციენტის მიღება არავის სურდა.
პარალელურად ვცდილობდი, სადმე, სახელმწიფო პროგრამით სწრაფი ტესტი ჩამეტარებინა, მაგრამ – ამაოდ. სწრაფ ტესტს იმ შემთხვევაში გაგიკეთებთ, თუ 24 საათის მანძილზე დაწვები, რომელიმე ცხელების ცენტრშიო, თუმცა, თავად ექიმები არ მირჩევდნენ იქ დაწოლას, რადგან, როგორც მეუბნებოდნენ, მე არ მქონდა კოვიდის სიმპტომები.
მე-18 დღეს, სწრაფი ტესტი მაჩუქეს, სახლში ჩემით გავიკეთე და რეზულტატი იყო, რომ კორონავირუსი არც ახლა მაქვს და არც გადატანილი.
გავიდა სამი კვირა და სიცხე ისევ ჯიუტად მაქვს. ამ 21 დღიდან, 10 დღე ანტიბიოტიკი ვსვი.
დავიწყე მოძიება, რისგან შეიძლება მქონდეს სიცხე, რა სახის ანალიზი შემიძლია ჩავიტარო, პარალელურად, დავიწყე ფულის მობილიზება, რადგან, არც ერთ ანალიზს სახელმწიფო არ ანაზღაურებდა.
რადენიმე ექიმმა ერთხმად მირჩია, წავსულიყავი ცხელების ცენტრში, დავწოლილიყავი 24 საათით, უფასოდ გამომიკვლევდნენ და ისინიც მშვიდად იქნებოდნენ და მეც. წავედი რესპუბლიკურ კლინიკაში, სადაც ჩემ მისვლამდე, ერთ-ერთმა ექიმმა დარეკა და იკითხა, მიმიღებდნენ, თუ არა.
იმ დროს მივედი, როცა ბატონი ლევანი, კლინიკის დირექტორი, ჟურნალისტებთან ინტერვიუს მორჩა, მივესალმე, მისვლის მიზეზი ვუთხარი, თავად მიმასწავლა გზა, ტელეფონი აიღო, პარალელურად მე დავრეკავ, გავაფრთხილებ და მიგიღებენო.
რადგან, „რესპუბლიკურში“ სხვა კლინიკიდან მოვხვდი, თან არ მქონდა წაღებული ნივთები, არ ვიყავი მზად, რომ 24 საათი დავრჩენილიყავი, არც წესები ვიცოდი, ამიტომ პიარის სამსახურს დავურეკე და ვკითხე, მქონდა თუ არა უფლება, ნივთების ასაღებად წავსულიყავი. – სასწრაფოთი მოხვედიო? – არა-თქო. – მაშინ, რატომ არის პრობლემა, იგივე გზით წახვიდე და მოიტანო პირადი ნივთები, ვერ ვხვდებიო… რა ვიცი, მაინც გადავამოწმე.
მისაღებში ძალიან სასიამოვნო გოგო შემხვდა, თავაზიანად გამომკითხა ყველა სიმპტომი, ანკეტა შეავსო და პალატამდე მიმაცილა.
შევდგი თუ არა ფეხი, ვითხოვე ნებართვა, პირადი ნივთების მოტანის…
-დაგაჯარიმებენ…
-ვინ? რატომ? – ვკითხე და დადუმდნენ…
-ექიმს დაელოდეთ…
40 წუთი მაინც ველოდე ექიმს. ექიმს ელოდა სამი პაციენტიც, რომლებიც დერეფანში იდგნენ და აპროტესტებდნენ, სად იყო ექიმი, რომელიც მათ გაწერას დაპირდა, რადგან 24 საათიც გავიდა და მეტიც. ექთნები პასუხობდნენ, რომ ექიმი მესამე სართულზეა და იქ ავსებს პაციენტების ფორმა-100-ს. ვიკითხე, რატომ არ ავსებს მორიგე ექიმი თავის განყოფილებაში ფორმა-100-ს, მითხრეს, რომ ასეა საჭირო.
როგორც იქნა, მოვიდა ექიმი და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ფორმა ასი არა აქვს შევსებული, მისი მაგიდა და კომპიუტერიც დერეფანში იდგა, ამიტომ პაციენტებთან მუდმივ დიალოგში იყო, კარს ვერ მიუხურავდა.
პაციენტი ეკითხებოდა, რატომ არ წერს? 24 საათზე მეტია უკვე აქ არის…
-მე ერთი ვარ და თქვენ ათასი, თქვენ მე ჭკუას ნუ მასწავლით, ვინ როდის უნდა გავწერო, მე უკეთ ვიცი, თუ თქვენ? – ყვირის ექიმი…
აქეთ პაციენტები ყვირიან, იქეთ ექიმი, ჯანმრთელი ადამიანი გახდები ცუდად.
ექიმის განცხადებით, „რესპუბლიკური“ საავადმყოფო აღარ არის ცხელების ცენტრი და მინისტრის 1-ლი ივნისის ბრძანების თანახმად, (არადა, უკვე 3 ივნისია) ყველა პაციენტმა იქ უნდა დაასრულოს მკურნალობა, სადაც დაიწყო, თუ უნდა მკურნალობა დაუფინანსდეს – მე თქვენზე ვზრუნავ, გარეთ რომ გახვიდეთ და წაიქცეთ, რა ვქნა?
-რატომ უნდა წავიქცე, არც კორონა დამიდასტურდა და აქაც მხედავთ, რომ არ ვარ ცუდად….
-მე თქვენზე ვზრუნავ, არ მინდა, რომ თანხა გადაიხადოთ, თუ დარჩებით და გააგრძელებთ მკურნალობას, თანხის გადახდა არ მოგიწევთ….
-თანხა უნდა გადავიხადო? რას მეუბნებით? რაში უნდა გადავიხადო თანხა?
-ეს ცხელების ცენტრი აღარაა….
-როდიდან?
-ხომ გითხარით, პირველი ივნისიდან…
-დღეს სამი ივნისია, თუ პირველი ივნისიდან აღარ იყო ცხელების ცენტრი, რატომ მომიყვანა სასწრაფომ თქვენთან? ან თქვენ რატომ მიმიღეთ?
-არც მე მომწონს, ეს ახალი რეგულაცია, მაგრამ რა ვქნა?
-არ მწერთ? მე ჩემი ექიმი მყავს და იმასთან უნდა მივიდე, სამსახურს დავკარგავ დღესაც რომ არ მივიდე, ხომ იმიტომ მომიყვანეთ, რომ კოვიდზე შეგემოწმებინეთ? ხომ მაქვს უარყოფითი პასუხი, მომეცით პასუხი და გამიშვით…
-მე თქვენკენ ვარ და…. რომ გაგიშვა, უნდა მოაწერო, რომ პასუხისმგებელი ხარ, მკურნალობის შეწყვეტაზე და მოაწერ?
-რა თქმა უნდა, მომეცით ფორმა და მოვაწერ…
-აქ არ მაქვს, მოვიტან…
ამასობაში მეორე პაციენტიც ზრდილობიანად ცდილობს თავი შეახსენოს ექიმს:
-ყველა ჩხუბობს და მეც უნდა ვიჩხუბო, რომ გამწეროთ? – ეკითხება წყანარად…
პარალელურად, მესამე პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა გამოდის პალატიდან –
-გავიგონე, თანხაზე საუბრობდით, რის თანხა უნდა გადაგიხადოთ? მე ბავშვობიდან ვარ ალერგიული, მყავს ჩემი ექიმი, სასწრაფომ მითხრა, რომ ჯერ ცხელების ცენტრში უნდა მოვეყვანე, მომიყვანეთ, მეორე დღეა აქა ვარ, კორონავირუსზე ტესტი უარყოფითია, ალერგოლოგს არ გავუსინჯივარ, ალერგიის წამალი არ დამილევია, მთელი ტანი მექავება, ხალხი არ ხართ, გამიშვით, რომ ჩემმა ექიმმა გამსინჯოს და რა ფულს მთხოვთ, ერთი ტესტის ფულს მთხოვთ? თუ ფასიანი იყო, რატომ არ გამაფრთხილეთ?
-ჩემი მოგონილი არ არის ეს რეგულაციები, უცებ ვიზამ, წკაპს ვუზამ, – ხელის მოძრაობით აჩვენებს ექიმი და თავიდან იშორებს იმასაც ისე, რომ თანხას არ უსახელებს.
ამასობაში პირველი პაციენტი ისევ ბრუნდება:
– არ მოიტანეთ საბუთი? არ მწერთ?
– არ გინდათ დარჩენა? მოაწერთ საბუთს ხელს?
– ხომ გითხარით, რომ მოვაწერ?
– მე თქვენკენ ვარ, თორემ… დავრეკავ ახლა….
სადღაც რეკავს და უხსნის, რომ პაციენტი ლ-ძე არ ჩერდება, მერე იმ ვიღაცას ტელეფონით უყვება, რომ ყველაფერი სცადა, აუხსნა პაციენტს, რა საფრთხის შემცველია კლინიკის დატოვება (რომ მათზე ზრუნავს და რომ გარეთ თუ გავა, შეიძლება წაიქცეს) და მაინც არ რჩება და მაინც ითხოვს მკურნალობაზე უარის თქმის ფორმას და რა ქნაააას?
მსგავსი საუბარი რამდენჯერმე განმეორდა, თითქოს ვიღაცას ურეკავს, თითქოს ვიღაცას რაღაცას უთანხმებს და თითქოს ის ვიღაცა არ აძლევს უფლებას, თორემ….
არ ვიცი, რეალურად ხორციელდებოდა თუ არა ზარები, თუ რეალურად ხორციელდებოდა – უარესი!
ისევ გამოდის ის გოგო, ალერგიით და იმ საბუთს კითხულობს, წკაპ, რომ უნდოდა – სად არის, ექიმი პასუხობს, რომ ზარს ელოდება…
-ვის ზარს?
-ზემოდან…
-ადმინისტრაციიდან?
-არა…
-თუ ლევან გოფოძის ზარს ელოდებით, ის ოპერაციაზე (შემოსასვლელში გაგონილს ვახმოვანებ).
-არა, ბატონი ლევანიs ზარს არა.
-ვის ზარს ელოდებით, გვარი მითხარი და მე დავურეკავ, – ითხოვს პაციენტი…
….
-არ მპასუხობთ? – ისევ სვამს კითხვას პაციენტი…
-ვაიმე, არ ვიცი და რა გიპასუხოთ, კიდევ ერთხელ ყვირის ექიმი…
ამასობაში მე, რომელსაც ისედაც მღალატობს უკვე ნერვები, სამი კვირაა სიცხე მაქვს და არ ვიცი, რატომ – ექიმს ვთხოვ, უფრო მშვიდად და ზრდილობიანად ესაუბროს პაციენტს.
რის გამოც ექთანმა პროვოკატორი მეძახა…
ექიმს კიდევ ერთხელ ვთხოვე, გავეშვი ჩემი ნივთებისთვის – ვინმემ მოგიტანოსო, ამ დროს, დერეფანში მარტო მე, ექიმი და ექთნები ვიყავით და გადავწყვიტე, ცოტა მეხუმრა, რომ სიტუაცია განმემუხტა და ვუთხარი, რომ არც ქმარი მყავს და არც საყვარელი, ამიტომ პირად ნივთებს ვერავინ მომიტანს…
დამპირდა რომ გაარკვევდა….
ცოტა ხანში გამოდის ისევ პირველი პაციენტი და კითხულობს, სად არის მისი საბუთები…
– ხელს მოაწერთ მკურნალობაზე უარის თქმის ფურცელზე? – მესამედ ეკითხება ექიმი….
– ხომ გითხარით, რომ მოვაწერ….
– დავრეკავ…
მე პარალელურად ჯანდაცვაში ვცდილობ დარეკვას და იმის გარკვევას, რას ქვია გაუქმდა ცხელების ცენტრები, თუ ცხელების ცენტრი უქმდება, შეზღუდვები რატომ რჩება და იმ ხალხს, ვისაც 200 ლარითაც ვერ დაეხმარნენ, იმ ნაჩუქარ თუ ბიუჯეტიდან ნაყიდ ტესტებში ფული უნდათ რომ გადაახდევინონ? პასუხი ვერ მივიღე…
ისევ შევახსენე ექიმს ჩემი არსებობა…
ცოტა ხანში, მესმის დერეფნიდან ისევ ექიმის ხმამაღალი, ოღონდ ამჯერად არაგაბრაზებული ხმით, ვიღაცას ჩემზე ესაუბრება და ამბობს, რომ „ეს პროტექციით მოსული პაციენტი, უზრდელს ეძახის“, (ჩემზე ამბობს…) რომ ანალიზების გაკეთების მერე რა უფლება აქვს გარეთ გამიშვას, რომ პრეტენზიული ვარ და სახლში მინდა წასვლა, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად და აყოლებს – ეს გოგო ამბობს, არც ქმარი მყავს და არც საყვარელიო….
ვაცადე საუბრის დასრულება და მერე ვკითხე, როდის ვთქვი, რომ პროტექციით ვარ? – თქვენ არა, სხვამ თქვაო… ვაახ.
-როდის გიწოდეთ უზრდელი?
-ასე გამოდიოდა, აზრი იგივე იყო…
-მე ფილოლოგი ვარ და კი, ასე გამოდიოდა, – მორბის ექთანი, აი, პროვოკატორი ვინც მეძახა – ეჰ, ფილოლოგი რომ ექთანია, ეგ ცალკე უბედურებაა, ვფიქრობ გულში და უკვე არ მაინტერესებს სიცხე მაქვს, თუ არა, არც ანალიზები მინდა, მარტო გაქცევა მინდა….
-ანალიზების გაკეთების მერე ვერ გავუშვებო, რომ თქვით, ანალიზები რომ არ გაგიკეთებიათ ჯერ არც ერთი…
-ახლა გაგიკეთებთ…
-აღარ მინდა…
-აუცილებელია, გჭირდებათ…
-თუ აუცილებელი იყო, აქამდე გამიკეთებდით, თითქმის ორი საათია აქა ვარ…
-ექიმმა თუ არ მითხრა, ისე ანალიზს ვერ ავიღებ, მარიგებს ჭკუას ექთანი – თითქოს გაიდლაინს ჯანდაცვის სამინისტრო არ ადგენდეს და ექიმის გადასაწყვეტი იყოს გაიდლაინის შეცვლა…
მომიტანეს საბუთები ხელის მოსაწერად, მათ შორის, მკურნალობაზე უარის თქმის ფურცელი – დავხედე და შეუვსებელია, მე რა ვიცი, რას ჩაწერენ მერე, ცარიელ ფურცლებში, მოვითხოვე შეევსოთ და ისე მოეტანათ – ჩაწერეს დიაგნოზი -BE34-9 დაუზუსტებელი ვირუსული ინფექცია.
ვიკითხე, როგორ დაადგინეს, რომ ვირუსული ინფექცია მაქვს და არა მიკრობული…
– ყველას ასე ვუწერთ, ვისაც სიცხე აქვს…
– ანალიზის გარეშე?
– ყველას ასე ვუწერთ, ასეთია წესია…
აი, იქ გაჩერების აზრი?
წამოვედი, წამოსვლის წინ მომაძახეს, მარტო შენ მიდიხარ უკმაყოფილოო….
თითქოს ის სამი პაციენტი, ლამის ორი საათის წინ რომ მივედი და დერეფანში დამხვდნენ პრეტენზიებით და წამოვედი და ისევ დერეფანში დავტოვე იგივე პრეტენზიებით, გაშვებული ჰყავდა უკვე და დაკმაყოფილებული…
არ ვიცი, მსგავსი დამოკიდებულება პაციენტის მისამართით, ყვირილი, ყველა ძალის გამოყენება, რომ პაციენტი დატოვო კლინიკაში, მათ შორის, მუქარა რომ თანხის გადახდა მოუწევს, მართლა არსად მინახავს.
იმ დღესვე ჩავაყენე პიარის სამსახურის საქმის კურსში, რომელმაც მითხრა, მეგონა, წახვედით უკვე სახლში ნივთების მოსატანადო…
ნივთების მოსატანად კი არა, სულ წამოვედი და უბრალოდ კი არ წამოვედი, შეურაცხყოფილი წამოვედი… დღემდე არავინ შემხმიანებია.
ხო, რაც შეეხება სიცხეს, უამრავ კვლევაში გადავიხადე თანხა და ჯანმრთელი ხარო, მითხრეს, უბრალოდ ახალი ვირუსებია, რომლებიც 5 კვირა გრძელდება, გავა 5 კვირა და გაგივლისო…
იმის გასაგებად, რომ ჯანმრთელი ვარ და რაღაცა უსახელო ვირუსი მჭირს, უამრავი თანხა გადავყარე, უამრავი დღე ვინერვიულე და „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში შოკიც გადავიტანე.
მოკლედ ასეა, სანამ ცხელების ცენტრში გადაგიყვანენ, გაიკითხეთ, ხომ არ გაუქმდა ცხელების ცენტრი, ხომ არ გახდა ფასიანი, სანამ გადაგიყვანენ, მოითხოვეთ საბუთი, რომ თუ კორონავირუსი არ გექნებათ, ნამდვილად უკან გამოგიშვებენ და უამრავი გზით არ ეცდებიან კლინიკაში დაგტოვონ…
ნეტავი რამდენს რიცხავს სახელმწიფო კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის?
ნუთუ საქმე მხოლოდ ფულშია?
იმედია, სახელმწიფომ, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოს ჩემ გამო თეთრიც არ გადაუხადა, რადგან მე იქ მომსახურება არ მიმიღია, პირიქით, მივიღე სტრესი და ის დროა, იქეთ ვითხოვდე მორალური ზიანის ანაზღაურებას.
გული მიგრძნობს, გაგრძელება იქნება…
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები