საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სიტუაცია კრიტიკულად იძაბება ორ ატომურ სახელმწიფოს – პაკისტანსა და ინდოეთს შორის. 22 აპრილს ინდოეთის კონტროლირებად, კონფლიქტურ თუმცა ტურისტულად ძალიან მიმზიდველ ქაშმირის რეგიონში ტერორისტული აქტი მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები ინდოელ ვიზიტორებს დაესხნენ თავს და დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა აიღეს, ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს აღნიშნული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში.
ინდოეთმა პირობა დადო დამნაშავეებისა და ორგანიზატორების დასჯის შესახებ. მოსახლეობა შურისძიებას ითხოვს, რასაც საინფორმაციო კამპანიაც ემატება. ამ ფონზე ინდოეთსა და პაკისტანს შორის საზღვარი ჩაიკეტა, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობების დიდი ნაწილი გაწყდა, რასაც ოფიციალური ისლამაბადის მხრიდან სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება მოჰყვა.ამ ყველაფერს ემატება მთავარი, ინდოეთმა შეაჩერა 1960 წელს დადებული მდინარე ინდის წყლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მდინარე და მისი შენაკადები საზიარო უნდა ყოფილიყო ორ ქვეყანას შორის. პაკისტანი სასოფლო სამეურნეო ქვეყანაა, შესაბამისად, წყალი მისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტაც გამოცხადდა. მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.პაკისტანიცა და ინდოეთიც ატომური იარაღის მქონე ქვეყნები არიან. მათ შორის ოთხი მასშტაბური და რამდენიმე შედარებით მცირე ზომის კონფლიქტი უკვე მოხდა. ახლა კი სიტუაციის ესკალაციას ვადევნებთ თვალს. ეს არ ნიშნავს რომ ომი გარდაუვალია, მაგრამ როდესაც შურისძიების სურვილზე კეთდება აქცენტი, იქ სიტუაციის პროგნოზირება რთული ხდება, მით უფრო რომ ინდოეთში დიდი ხანია ნაციონალისტური სენტიმენტების მქონე მთავრობაა, რომელიც პაკისტანიდან მომავალ საფრთხეებზე აკეთებს ხოლმე აქცენტს.ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი შეიძლება ირანს და ჩინეთს გარკვეულწილად აძლევდეს ხელს – პაკისტანი ირანის მეტოქეა, ხოლო ინდოეთი – ჩინეთის. ზოგადად, რაც უფრო სუსტები იქნებიან ეს სახელმწიფოები, მით უფრო ძლიერი იქნება ჩინეთი რეგიონში. მაგრამ, იმ ფონზე, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და ვაჭრობისათვის მძიმე დარტყმა იქნება ნებისმიერი სახის ომი, სადავოა რამდენად აწყობს ეს ყოველივე ოფიციალურ პეკინს. ამასთან, უშუალოდ ინდოეთისა და პაკისტანის ეკონომიკაზეც დიდ შედეგს მოახდენს ეს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი რამდენიმე დღე და კვირა – რა მოთხოვნებს დააყენებს ინდოეთი და როგორი პასუხი იქნება პაკისტანის მხრიდან. შესაძლოა ამ ყველაფერმა ომის ნაცვლად ურთიერთობის ხანგრძლივი დროით გაწყვეტა ან ინდოეთის შიგნით რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც წინათ არაერთხელ გვინახავს. როგორც არ უნდა იყოს, რეგიონში დაძაბულობა მოიმატებს.
კომენტარები