11 ივნისიდან ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება და ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთი მხარე უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურებმა აღაშფოთა.
საქმე ისაა, რომ მაისურზე დატანილია უკრაინის რუკის კონტურები, რომელშიც შედის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. გარდა ამისა, მაისურზე არის წარწერა – “დიდება უკრაინას.“
“დიდება უკრაინას“ – მაისურის უკანა მხარეს წერია. ამ სლოგანს სკანდირებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები უკრაინაში 2014 წელს.
BBC-სთან კომენტარი გააკეთა Uefa-ს წარმომადგენელმა – “უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურები (და ასევე სხვა გუნდების) ევრო 2020-სთვის უეფას მიერ უკვე დამტკიცებულია, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით“, – აცხადებენ უეფაში.
“გვჯერა, ეს მაისური მეტ ძალას მისცემს ჩვენს მოთამაშეებს – მათ უკრაინისთვის უნდა იბრძოლონ“, – ამბობს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ხემძღვანელი, ანრეი პაველკო.
რუსი პოლიტიკოსების განცხადებით, რუკის დატანა უკრაინელი ფეხბურთელების მაისურებზე, უკრაინის მხრიდან “პოლიტიკური პროვოკაციაა.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ის, რაც მაისურებზეა დატანილი “შეუძლებელ ილუზიას“ ქმნის. მისივე თქმით, სლოგანი – “დიდება უკრაინას“, ნაციონალისტურია.
ცნობისთვის, ევრო 2020 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატს 11 ქალაქი უმასპინძლებს, მათ შორისაა, რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, სადაც ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.
წყარო: BBC.com
კომენტარები