ლევან ჯავახიშვილი
ხელისუფლებამ, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საქართველოს მასშტაბით ასეულ ათასობით ადამიანს დაურეგისტრირა ის მიწა, რომელთაც ისინი წლების და ათწლეულების მანძილზე დე ფაქტო ფლობდნენ, მაგრამ ამის იურიდიული მტკიცებულება არ გააჩნდათ. ხელისუფლების ინიციატივით, ამ ადამიანებს საჯარო რეესტრში დაურეგისტრდათ მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები, ყველა ხარჯი ხელისუფლებამ გაიღო, მისცეს მიწის მესაკუთრის მოწმობა–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და დღეს უკან ართმევენ. მეტიც–ამ ხალხს თაღლითობაში სდებენ ბრალს, თითქოს სახელმწიფო მოხელეებს მოატყუეს და ის მიწები დააარეგისტრირებინეს მათ სახელზე, რომელთაც მანამდე არ ფლობდნენ. დღეს ამ ხალხს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით ასამართლებენ, რაც თაღლითობას ითვალისწინებს და დიდ შეღავათად უთვლიან იმას, რომ არ იჭერენ, 5-წლიან პირობით სასჯელს უსჯიან და მიწების უკან, სახელმწიფოსთვის ჩაბარებას სთხოვენ. ასევე, კონკრეტულ თანხას ბიუჯეტის სასარგებლოდ ახდევინებენ. ამ სახელმწიფო აფერის შესახებ, „ალიას“ საგურამოს მკვიდრი, გიორგი მოძღვრიშვილი უყვება:
– 2019 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ რეგიონებში იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთები, რომელთაც ისინი წლების მანძილზე ფლობდნენ. ზოგიერთები კომუნისტების დროიდან ფლობდნენ მიწებს, ამუშავებდნენ, ან საძოვრებად ჰქონდათ, მაგრამ მათ მფლობელობაში იურიდიულად არ იყო. რეგისტრაციას 3 მოწმე სჭირდებოდა, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ესა თუ ის ოჯახი თუ პირი ფლობდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთს. სოფელში ყველამ იცის, ვინ რომელ მიწას ფლობს და 3 მოწმის პოვნა რა პრობლემა იყო, მთელი სოფელი დაუდგება ასეთ ადამიანებს მოწმედ. ჩვენგან ბევრს არაფერს ითხოვდნენ, განცხადება უნდა დაგვეწერა მცხეთის გამგობაში, რომ კონკრეტულ მიწას ვფლობდით და მისი დარეგისტრირება გვსურდა, მერე უნდა გვეჩვენებინა მიწა, რომელსაც ვფლობდით და მიგვეყვანა 3 მოწმე. დანარჩენს უკვე იუსტიციის სამინისტრო აკეთებდა, მიწის აზომვას, მერე აზომვითი ნახაზების გაკეთებას, მათ საჯარო რეესტრში გაგზავნას, არქივში დოკუმენტების მოძიებას და სხვა დანარჩენს. სხვა და სხვა რეგიონში იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც პიროვნების მიერ მიწის ფლობის შესახებ გარკვეული დოკუმენტური ინფორმაცია არსებობდა და არქივში ინახებოდა. ამ დოკუმენტების მოძიებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, საჯარო რეესტრიდან იღებდი ამონაწერს, რომ მიწის კანონიერი მფლობელი იყავი. მე დავირეგისტრირე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჯერ კიდევ მამაჩემი ფლობდა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელნი იყვნენ იუსტიციის სამინისტროს უწყებები – საჯარო რეესტრი, არქივი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც მიწის რეგისტრაციაში იყვნენ ჩართულნი. ასევე, ამ საქმეში სხვა და სხვა ფორმით ჩართულნი იყვნენ მცხეთის რაიონის გამგეობა, გამგეობის რწმუნებული, ეკონომიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. როდესაც მიწის მფლობელი 3 მოწმესთან ერთად აცხადებდა პრეტენზიას კონკრეტულ ნაკვეთზე, ამას ჯერ მცხეთის რაიონის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი ადასტურებდა და შემდეგ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იწყებდნენ აზომვით სამუშაოებს. ამბობენ, რომ საქართველოში 300 ათასმა კაცმა დაირეგისტრირა მიწა ამ გზით. ახლა გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ორი არჩევნების მოსაგებად გააკეთეს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ბევრმა მადლიერმა მიწის მფლობელმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ეს იყო კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი.
– ამის მერე რა ხდება, ბატონო გიორგი?
– 2022 წელს, მიწის ყველა კანონიერ მფლობელს და მოწმეებს დაგვირეკეს სუს–ის ანტიკორუფციული სამსახურიდან, დაგვიბარეს დაკითხვაზე და გვითხრეს, თურმე ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანია სახელმწიფო სტრუქტურები, პირველ რიგში, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები და მათ ის მიწები ავაზომინეთ, რომელთაც არ ვფლობდით და ეს მიწები გატარდა რეგისტრაციაში. 180–ე, თაღლითობის მუხლით აღძრეს საქმე ყველას წინააღმდეგ. ხალხს ახლა ეკითხებიან, საბუთები თუ გქონდათ, რომ მიწას კანონიერად ფლობდითო. ეს საბუთები რომ გვქონოდა, წავიდოდით და თავად დავირეგისტრირებდით მიწას, რად გვინდოდა სახელმწიფოს დახმარება? მცხეთის შემთხვევაში, რაიონული არქივი დაიწვა, არქივში არანაირი დოკუმენტაცია მიწის მფლობელთა შესახებ არ არსებობდა, მაგრამ საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, რომ ყველას გვეკუთვნოდა მიწა, ვისაც 3 მოწმე და მცხეთის რაიონის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი დაუდასტურებდა მფლობელობას და მოგვცეს მიწის მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტები. როგორ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, ასეულ ათასობით კაცმა მთელი საქართველოს მასტაბით გაიღვიძოს, განცხადება დაწეროს გამგეობაში, მიწას ვფლობთ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არა გვაქვს და მოდი, იუსტიციის და სხვა სამინისტროები მოვატყუოთ და მიწები დავირეგისტრიროთო. ახლა მიწის მფლობელებს ცალკე ასამართლებენ, მოწმეებს–ცალკე. ბევრი ხალხია, ამდენს ვერ აპატიმრებენ, თორემ ციხეშიც გაუშვებდნენ. მიწის მფლობელებს 5 წლიან პირობით სასჯელს აძლევენ, 5–დან 7 ათასამდე ჯარიმა და ნაკვეთებს უკან ართმევენ ხალხს, რომლებიც სახელმწიფოს მიაქვს. თან თაღლითობის მუხლით ნასამართლევი რჩება პატიოსანი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი. მოწმეებსაც თაღლითობის მუხლით ასამართლებენ და 2000–დან 3000 ლარამდე თანხით აჯარიმებენ.
– უკვე იყო შემთხვევები გასამართლებისა და დაჯარიმებისა?
– თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საგურამოს საქმეებს. კი, საურამოში უკვე იყო ასეთი შემთხვევები. ბევრი გაასამართლეს, ფულიც გადაახდევინეს მიწის მფლობელებსაც და მათ მოწმეებსაც. ისედაც უქონელმა ხალხმა, მიწის ნაკვეთები გაყიდა, ბანკიდან კრედიტები აიღო და ისე გადაიხადა ეს ჯარიმები. ჩემთან ერთად ასამართლებენ ერთ საგურამოელ გოგონას, ჩემს ყოფილ მოსწავლეს, სკოლაში შრომას ვასწავლიდი. მამამისმა შეიტანა განცხადება მიწის რეგისტრაციაზე და დაირეგისტრირა. მერე მამა დააეღუპა. მემკვიდრეობით გადავიდა მასზე მიწის ნაკვეთი, ხელი არაფერზე აქვს მოწერილი, არც რეგისტრაციის პროცესში იყო სხვაგვარად ჩართული და ახლა თაღლითობას ედვებიან. თვალებში ვერ ვუყურებ. სკოლაში სულ პატიოსნებასა და სამართლიანობაზე ველაპარაკებოდი და ამ დროს რამხელა უსამართლობის წინაშე დგას. საგურამოს გარდა, სხვაგანაც იყო გასამართლების შემთხვევები. სუს–ში პირდაპირ გვითხრეს – 300 000 კაცია თქვენსავით და აქ ყველა მოვაო. დაშინება მიდის ხალხისა, აღიარეთ, რომ თქვენ მოიტყუეთ, ის მიწა დაარეგისტრირებინეთ სახელმწიფოს, რომელსაც არ ფლობდით, თორემ ციხეში გიკრავთ თავსო. მოწმეებსაც ამას ეუბნებიან, აღიარეთ, რომ მოიტყუეთ და ცრუ–მოწმედ დაუდექით მიწის მფლობელებსო. გამოდის, რომ ამდენ ხალხს მოგვიტყუებია გამგეობები, გამგეობების რწმუნებულთა აპარატების თანამშრომლები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები, სადაც ამ დოკუმენტაციამ გაიარა. თან ისე მოვატყუეთ, რომ ვერ ერთმა ამ სახელმწიფო უწყებამ, 300 000 კაცის საქმეში, ერთი ხარვეზი ვერ ნახა და ყველას დაურეგისტრირა მიწა. თუ სუს–ს ვენდობით და მართლა სამასმა ათასმა კაცმა დაირეგისტრირა მიწა, თითოს 3 მოწმე ხომ ჰყავდა? გამოდის, 900 000 კაცია დამნაშავე მათი აზრით და აბა, წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს აუბედურებენ, ტყუილად ასამართლებენ თაღლითობის მუხლით ამხელა ფულს ახდევინებენ. კარგი, ზოგი 2 და 3 კაცს დაუდგა მოწმედ, ეს ციფრი დაბლა ჩამოვწიოთ ცოტა და 500–600 ათასი კაცი მაინც გამოდის. ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ერთად ეთაღლითოს, ეგეთი რაღაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და გამოდის, საქართველოში მოხდა პირველად და თან ეს გლეხებმა ჩაიდინეს – ამას გვმიმტკიცებენ სუს–ი და პროკურატურა ერთად.
– გისმენთ და ეჭვი გამიჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის დაბრუნებულ მიწებს ხელისუფლების წარმომადგებლები ჩაიგდებენ ჩალის ფასად. თქვენ რა ვერსია გაქვთ?
–კი, უკვე იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა პირებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა ახლობლებმა დაისაკუთრეს ამ ჩამორთმეული მიწების ნაწილი, ჩვენთანაც, სხვა რაიონებშიც. სამეგრელოში ჩამორთვეს ხალხს და უკვე თხილის პლანტაციები გააშენეს. ჯერ კონკრეტულად არ ვიცით, ვის ხელში გადავიდა ეს მიწები, რა ფასად იყიდეს სახელმწიფოსგან, მაგრამ მაგასაც დავაზუსტებთ და მოგაწვდით ინფორმაციას. დაბალ ზონებში მაცხოვრებლებს მაქსიმუმ 1 ჰა.250 კვ.მ მიწის დარეგისტრირების უფლება გვქონდა, მაღალმთიან რეგიონებში –5 ჰექტრისა. არის შემთხვევები, ხალხს ჰექტრობით დარეგისტრირებული მიწები ჩამოართვეს და მერე მავანმა იყიდა სახელმწიფოსგან.
– ცოტა პარადოქსული არ გამოდის? ამას ახლა რატომ აკეთებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ? თუ 2019 წელს, ორი არჩევნების მოსაგებად დაურეგისტრირა ხალხს მიწები, ახლა საწინაღმდეგოს რატომ აკეთებენ? ოქტომბერში ხომ არჩევნებია?
– მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ვიღაც „უჩალიჩებს“. ამ მოტყუებული, უსამართლოდ გასამართლებული და დაჯარიმებული ხალხიდან, ხმას არავინ მისცემს ხელისუფლებას. ისიც კი გააკეთეს, რომ თუ მიწები უნდოდათ, ეთქვათ ხალხისთვის, რომ რაღაც შეცდომა მოხდა, უკან უნდა წავიღოთ მიწებიო და თავიანთი გადაწყვეტილების ანულირება მოეხდინათ. ეს თაღლითობის მუხლით გასამართლება და ამხელა ჯარიმები დიდი უნამუსობაა. ამას დაამატეთ ადვოკატთა ხარჯები, ხალხის შეურაცხყოფა და ნერვების დაწყვეტა, თვეობით სტრესში ყოფნა.
– რას აპირებთ?
– არა, შეგუებას არ ვაპირებთ, ერთმანეთთან კავშირი გვქვს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მაცხოვრებელ დაზარალებულებს. გვინდა შევქმნათ ჩვენი ინტერესების დაცვის ორგანიზაცია და დავიცვათ თავი. თუ ბევრნი ვიქნებით, მიზანსაც მივაღწევთ. ხალხმა უნდა გაიღვიძოს. ეს ხელისუფლება ხომ მარტო მაშინ გაქცევს ყურადღებას და მიდის კომპრომისზე, როდესაც პროტესტანტი ხალხის დიდ რაოდენობას ხედავ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი:
– საქართველოში ხელისუფლება ერთ მხარეს არის და ხალხი მეორე მხარეს. როდესაც სჭირდებათ, რომ ხალხმა მათ ხმა მისცეს, ათას რაღაცას ჰპირდებიან. ერთ–ერთი ასეთი დაპირება ის იყო, რომ ადამიანებს, რომელთაც მფლობელობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, მას დაუკანონებდნენ. საგურამოში და სხვაგანაც. ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეა, როგორც მეუბნებიან, რომელთაც მიწა დაუკანონეს და ამ დაკანონებაში მონაწილებდა სახელმწიფო–ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები და შემდეგ უკვე დაკანონების პროცესი ხდებოდა იუსტიციის სამინისტროში. მიწის საკუთრების მოწმობას აძლევდნენ მათ იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრში ამოდიოდნენ, როგორც მესაკუთრეები. უცებ, ვიღაც მსუნაგ ადამიანებს მოუნდათ ისეთი მიწების ხელში ჩაგდება, რომელიც საკმაო თანხა ღირდა. მერე გადწაყვიტეს, ამ მსუნაგი ადამიანების მადის დასაკმაყოფილებლად, ეს მიწის მფლობელები დაებარებინათ ლენინის ორდენოსან საქართველოს პროკურატურაში და ბრალი წაეყენებინათ. ახლა ამ უდანაშაულო ხალხს აბრალებენ, რომ თითქოს მათ შეცდომაში შეიყვანეს სახელმწიფო. სახელმწიფო შეცდომაში როგორ უნდა შეეყვანათ, როდესაც თვითმმართველი ორგანოები მონაწილეობდნენ რეგისტრაციის პროცესში. თუ ვინმე არ ფლობდა მიწის ნაკვეთს და განცხადება დაწერა, ამა და ამ მიწის ნაკვეთს ვფლობდიო, გამგეობის აპარატის რწმუნებულები ხშირ შემთხვევებში იმავე სოფლების მაცხოვრებლები არიან, სადაც ეს ხალხი ამბობდა, რომ იქ მიწას ფლობდა. ამ რწმუნებულებმა თუ იცოდნენ, რომ არ ფლობდნენ და იტყუებოდნენ, მაშინ უნდა ემხილათ ეს ხალხი სიცრუეში. რატომ უდასტურებდნენ, რომ ფლობდნენ მიწებს? აქ თუ ვინმეს დანაშაულზე ვლაპარაკობთ, აქ თუ სიყალბე იყო, დანაშაული ჩადენილი, პირველ რიგში ამ სახელმწიფო რწმუნებულებს უნდა მოჰკითხონ პასუხი, მათგან უნდა დაიწყონ დამნაშავეთა დასჯა, თუკი ვინმეა დასასჯელი. ასევე, დასასჯელები არიან საჯარო რეესტრის მოხელეები, როდესაც საჯარო რეესტრი რწმუნდებოდა, რომ დოკუმენტაცია იყო სრულ წესრიგში და ამის მერე ურეგისტრირებდა მიწას მოქალაქეებს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ამ საქმეში, სულ მცირე 3 სამინისტრო იყო ჩართული და დანაშაული მათაც გამოეპარათ? ეს ხალხი არჩევნებისთვის გამოიყენეს და ახლა ბრალი წაუყენეს, თაღლითობის მუხლით ასამართლებენ, იმ მიწებსაც უკან ართმევენ და სოლიდურ ჯარიმებსაც ახდევინებენ. ტყუილი დანაშაული არ არის და თუნდაც ვინმემ მოიტყუა, ჯერ სოფლის რწმუნებულებს უნდა ეთქვათ, ეს კაცი იტყუება და სხვის მიწას ეუფლებაო და მერე, სოფლებში ყოველი გოჯი მიწა ვიღაცას ეკუთვნის, ვიღაც ეუფლება და ის დე ფაქტო, რეალური მფლობელი ხომ იტყოდა, არა, ეს მიწა ჩემია და ეს კაცი ტყუილად ეპატრონება, ტყუილს ამბობსო? საჯარო რეესტრს მე და შენ რომ მივმართოთ, პარლამენტის შენობა ჩვენია და მოგვეცითო, თან ათასი მოწმე მივიყვანოთ, ხომ არ დაგვირეგისტრირებენ? ცხადია, არა. აი, ეს სიტუაციაა ამ ამბავშიც, იმ ხალხს დაურეგისტრირეს იმიტომ, რომ საფუძველი ჰქონდათ. მოკლედ, ძალიან დიდი უსამართლობაა. თუ უკანონობა მოხდა, ბრალი წაყენებული უნდა ჰქონდეთ, არა იმ ადამიანებს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის მოხელეებს. რეალურად კი არაფერი დანაშაული არ მომხდარა, სახელმწიფოს ინიციატივა იყო ამ მიწების დაკანონება და დაუკანონეს, უკანონობაა მიწების უკან ჩამორთმევა. ესენი იგივეს აკეთებენ, რასაც „ნაცები“ აკეთებდნენ, ხალხს კანონიერ მფლობელობაში არსებულ კერძო საკუთრებას ართმევენ. „ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ხალხს „ნაცების“ მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას შეპირდა. 35 000 განცხადება იყო შესული პროკურატურაში 2013 წელს ქონების წართმევაზე. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოატყუა ხალხი, ხარვეზების დამდგენ კომისიას შევქმნით, ამ გზით დაგიბრუნებთ ქონებასო და არ შექმნა. „ნაცების“ წართვეული დაუბრუნეს კი არა, ახლა თვითონ ართმევენ ხალხს ქონებას.
კომენტარები