ნანა სულავა
„ალიას“ დაუკავშირდა 37 წლის გარი შაჰბაზიანი, რომელიც დეტალურად გვიამბობს, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრობისას რაც დამართეს.
გარი შაჰბაზიანი:
– 2016 წელს წვრილმანი ხულიგნობისთვის გამასამართლეს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სასჯელს ვიხდიდი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. დაპატიმრებიდან სულ მალე ცხვირში პოლიპები აღმომაჩნდა და სისხლდენა დამეწყო. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს და ქირურქმა მალხაზ გაგვიშვილმა გამიკეთა ოპერაცია, რომლის შედეგად ცხვირმა დაიწყო დეფორმირება, რადგან ვაიქურურგმა ხრტილი გამიხვრიტა. პატიმრობის ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წელს, ავარიის შედეგად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის გამო, მეორედ აღმოვჩნდი ციხეში. ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო დამიმძიმდა. დახმარებისთვის მივმართე გლდანის მერვე დაწესებულების ექიმს ნანა მაღრაძეს და ისევ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ მალხაზ გაგვიშვილთან წამიყვანეს, ვინც გამიკეთა პირველი ოპერაცია. მას ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ვკითხე, რამ გამოიწვია ოპერაციის შემდეგ ცხვირის დეფორმაცია- ეთქი? არ ვიციო, მიპასუხა. გავბრაზდი, რას ჰქვია, არ იცი, თუ არ იცოდი, რატომ გამიკეთე ოპერაცია-მეთქი? პლასტიკური ქირურგიაა საჭიროო, მითხრა და ასე დავშორდით. ჩემი მდგომარეობა დღითი-დღე უფრო და უფრო უარესდებოდა. ცხვირმა საერთოდ დაკარგა ფორმა. ისევ მოვითხოვე ექიმთან წაყვანა. მიმიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. ერთ-ერთმა ექიმმა განმიცხადა, ტურბოპლასტიკა უნდა გაკეთდესო. ეს რა არის, ამიხსენით-მეთქი. ეს არის სასუნთქი გზების გახსნაო. მე მაგისთვის არ მოვსულვარ, მე მოვედი დეფორმირებული ცხვირის გამოსასწორებლად-მეთქი. დეპარტამენტმა შენ ამ პროფილით გამოგიშვაო. მე არ ვარ თქვენი პაციენტი-მეთქი, ვუპასუხე. ექიმმა მითხრა, მე რომ ოპერაცია გაგიკეთოთ, მაინც დაგჭირდებათ მეორე პლასტიკური ქირურგიაო. ამის მოსმენის შემდეგ იქვე დავწერე განცხადება: უარს ვაცხადებ ტურბოპლასტიკაზე, მე მესაჭიროება რინოპლასტიკა, რაც ნიშნავს დეფორმირებული ცხვირის გასწორებას-მეთქი. მითხრეს, რინოპლასტიკას აქ ვერ გაგიკეთებთო. ე.ი. სულ სხვა პროფილით მიმიყვანეს. დავტოვე ღუდუშაურის კლინიკა და დავბრუნდი ციხეში, მაგრამ ციხის ადმინისტრაციასთან მომივიდა კამათი. იქ ნაცების დროსაც რომ მუშაობდა, ისეთი კაცია სოციალურის უფროსი, როინ დეკანოიძე. მასთან დავის შემდეგ დაბორკილი წამიყვანეს გლდანის ციხიდან ბათუმის ციხეში.
– ბათუმის ციხეში რატომ გადაგიყვანეს?
– არ ვიცი, განსაკუთრებული რისკი რატომ მომისაჯეს. ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ დეფორმირებული ცხვირის გასწორებას ვითხოვდი. ჩემი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ წამიყვანეს ბათუმის კლინიკაში, რომელსაც „ირისის ჯანმრთელობის ცენტრს“ ეძახიან, სპეციალისტთან რაულ ხინკალაძესთან. იმანაც მითხრა, პლასტიკური ქირურგია გჭირდებათო. დავბრუნდი ბათუმის ციხეში და ერთი კვირის შემდეგ წამიყვანეს თბილისში, “ვივამედის“ კლინიკაში. რა ვიცოდი, წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი რომ მელოდა. „ვივამედის“ ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციამდე ქრონოლოგიურად ვუამბე, რა საშინელებებიც გავიარე. ვაჩვენე ყველა დოკუმენტი. ავუხსენი, რომ მჭირდებოდა პლასტიკური ქირურგია, რათა საქმის კურსში ყოფილიყო, მაგრამ რაც მანამდე დანარჩენმა ექიმებმა დამაკლეს, ნინო ბეგიაშვილმა სულ მთლად მომითავა. ჩემი ცხვირის ერთი ნესტო დასავლეთით იყო, მეორე კი აღმოსავლეთისკენ იყურებოდა. ხრტილი შიგნით ჩავარდა. ცხვირიდან ჩირქი მდიოდა და დანეკროზება დაიწყო.
– ამაზე რა თქვა ექიმმა ბეგიაშვილმა?
– რას იტყოდა? ჯალათები არიან. სხვა შეფასება არ შემიძლია. ასეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ისევ ბათუმის ციხეში, იმხელა გზაზე, წამიყვანეს. ახლა ცხვირის დეფორმირებას დაემატა სასუნთქი გზების გადაკეტვაც. როგორც გავიგე, კლინიკა „ვივამედს“ ადრე „ლანცეტი“ ერქვა. მხოლოდ სახელი შეუცვალეს, თორემ „ლანცეტში“ ანალოგიური რამ ხდებოდა თურმე, პაციენტებს ამწარებდნენ იქ მომუშავე ექიმები. ბათუმის ციხეში მუშაობს ექიმი ნანა ჯიჯოევა, რომელიც, როგორც შევიტყვე, ნაცების დროს ქალთა ციხეში სისასტიკით გამოირჩეოდა და ცნობილია, როგორც ჯალათი ექიმი. როცა მას მივმართე დახმარებისთვის, მითხრა, ისევ „ვივამედში“ გადაგიყვანთო. რატომ „ვივამედში“, იქ დამღუპეს და ისევ იქ მიგყავართ-მეთქი? ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, სადაც გაგიკეთეს ოპერაცია, ისევ იქ უნდა მიგიყვანოთო. ვერაფერს იზამ. პატიმარი ხარ, დაუცველი და უმწეო. პატიმარი სააკაშვილი სამეფო მანქანით გადაადგილდება, მე კი თბილისიდან ბათუმში ისეთი დანჯღრეული მანქანით დამატარებდნენ, გვერდები არ მივარგა. სამშობლოს მოღალატეს და ხალხის მტერს თან ჰყვებიან, ყველა მის კაპრიზს ასრულებენ. ყველა ამერიკელი და ევროპელი დეპუტატი ექომაგება. თუ სამართლიანები არიან, მე გამომექომაგონ. უკვე იძულებული ვარ, ევროპის სასამართლოში ფეხით ჩავიდე.
– „ვივამედში“ ისევ იმ ექიმთან მიგიყვანეს?
– დიახ, შეშინებული დამხვდა. საერთოდ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ვივამედში“ 2021 წელს სამი ოპერაცია გამიკეთდა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ტკივილის გასაყუჩებლად მორფი რომ გაეკეთებიინათ, ესეც კი არ მეკუთვნოდა თურმე და რაღაც ტკივილგამაყუჩებელს მაძლევდნენ.
– რატომ?
– „აწყობილმა თოჯინამ“, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ, ამ კლინიკის დირექტორმა, განაცხადა, ეს მორფინისტია და არ შეიძლება მორფის გაკეთებაო. არადა, არასდროს არ მქონია შეხება ნარკოტიკთან. ნარკომანები თავის სახლში მოიკითხოს. „პლანიც“ კი არ გამისინჯავს… მახსოვს, როცა მეორე ოპერაცია გამიკეთა ნინო ბეგიაშვილმა, არც ამომასუნთეს ნარკოზიდან გამოსული ადამიანი და ორ საათში ბათუმში დამაბრუნეს. რატომ მაბრუნებთ ასე სწრაფად, კარგად არ ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, ეს დეპარტამენტის ბრძანება არისო, მითხრეს. დამაბრუნეს ბათუმის ციხეში, სადაც ორი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ ჩირქი მდიოდა. აგერ მაქვს ყველა საბუთი, სადაც ყველაფერი წერია. ორი კვირის შემდეგ ციხის ექიმთან ნანა ჯიჯოევასთან მიმიყვანეს, მაგრამ, როგორც წესი, რომც კვდებოდე, ჯიჯოევა გეტყვის, არაფერი გჭირსო. ძალიან ცუდად ვიყავი. ციხის ადმინისტრაციას მივმართე და ისევ „ვივამედის“ ყასაბ ექიმთან ნინო ბეგიაშვილთან მიმიყვანეს. სასწრაფოდ გამიკეთეს ნარკოზი და მესამედ ამ ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი. მე ხომ ვერაფერს ვხედავდი. ეს რომ ასეა, ჩემი ფოტოებიდანაც დაინახავთ. ცხვირმოჭრილი დამაბრუნეს ბათუმში. მოვითხოვე ექსპერტიზა. მივმართე მაშინდელ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას. მოვიდა, გადამიღეს ფოტოები, რომ ქირურგიული ჩარევით მოხდა ცხვირის მოკვეთა. ამასობაში ფსიქიკა ბოლომდე დამერღვა და სასამართლო გადაწყვეტილებით ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდი. დავრჩი უცხვიროდ. სასჯელი დამიმთავრდა. ექვსი თვეა, რაც ციხიდან გამოვედი. ვარ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში. „ვივამედის“ კლინიკა მპირდებოდა, გამოვასწორებთ შეცდომას და გაგიკეთებთ ოპერაციასო, მაგრამ ამაოდ. ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა მომწერა, კლინიკამ დაგვიკიდაო.
– ეს რატომ მოგწერათ?
– ეტყობა, ეს ექიმი განსაკუთრებული შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია. მე მივმართე სასამართლო ექსპერტიზას, მივმართე ჯანდაცვის ექსპერტებს. კატეგორიული უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე. ეს საბუთიც ხელთ მაქვს. მე ბრალს არ ვდებ ქართველ ექიმებს ეთნიკური წარმოშობის სხვა პაციენტების დაჩაგვრაში. მე მათ ბრალს ვდებ არაპროფესიონალიზმში, გულგრილობაში. ვადანაშაულებ ხელისუფლებას, რადგან მას არ აინტერესებს ექიმის სოციალური და შრომითი უფლებები, არ აინტერესებს ღარიბი პაციენტების სამოქალაქო უფლებები. მათთვის სულერთია, სომეხი იქნება თუ ქართველი, ვისაც მოერევა, ყველას დაჩაგრავს.
„ალია“ შეეცადა მომხდარზე კომენტარის გასაკეთებლად დაკავშირებოდა გარი შაჰბაზიანის ექიმს ნინო ბეგიაშვილს, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. არც „მესიჯებს“ პასუხობს. დავუკავშირდი „ვივა მედის“ დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს.
– ბატონო ზურაბ, თქვენს კლინიკაში ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა გაუკეთა ოპერაციები პატიმარ გარი შაჰბაზიანს, რომელსაც ცხვირი აქვს მოჭრილი. მან დახმარებისთვის „ალიას“ მიმართა. რა მოხდა, იქნებ გვითხრათ?
– გარი შაჰბაზიანმა ვის არ მიმართა!
– კაცს ცხვირი მოაჭრეს და ჩუმად როგორ იქნება?
– ცხვირმა დანეკროზება დაიწყო და ოპერაცია იმიტომ გაუკეთდა. ამ ოპერაციის შესახებ დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოშია და მას მიმართეთ… ახლა საჭესთან ვარ.
მეორე დღეს ბატონ ზურაბს ისევ დავურეკე, მაგრამ მან აღარ მიპასუხა. მინდოდა, მისთვის მეკითხა, ჰქონდა თუ არა კლინიკის ექიმ ბეგიაშვილს, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება? როგორც შევიტყვე, ის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია და არა – ქირურგი. რაც შეეხება ჯანდაცვის დასკვნას ოპერაციის შესახებ, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსს ლიკა ჭუმბურიძეს. მან აღნიშნა, რომ დასკვნა, რომელიც დადო რეგულირების სააგენტომ, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდეა დაწერილი. უფროსი ზაალ კაპანაძე განთავისუფლებულია. დაგაკავშირებთ მის მოადგილეს კახაბერ შალიკაძეს, რომელიც ჩემი მოადგილეცაა და საქმის კურსშია ამ დასკვნასთან დაკავშირებითო.
კახაბერ შალიკაძე:
– გარი შაჰბაზიანის სამეციდინო მომსახურება გახმაურებული ფაქტია. იგი შესწავლილი იქნა, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაცია მიეწოდება პაციენტს. პაციენტს უფლება აქვს ინფორმაცია გათქვას. მე არ შემიძლია ინფორმაცია მოგაწოდოთ, პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე. ერთი შემიძლია ვთქვა, ექიმი სერთიფიცირებული თუ არ არის, მას უფლება არა აქვს, ოპერაცია გააკეთოს.
დაზარალებულმა გარი შაჰბაზიანმა სამართალი ვერ ოპოვა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, თბილისში სტუმრად ჩამოსულ ბუენოს აირესის რკინიგზის საავადმყოფოს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ექიმს გაბრიელ ბერიძეს დაუკავშირდა, რომელსაც შარშან ჟვანიას კლინიკაში, კოვიდის დიაგნოზით, დედა გარდაეცვალა. ბატონი გაბრიელი მას შემდეგ იკვლევს დედის გარდაცვალების მიზეზებს. მან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან წერდა „ალია“. ბატონ გაბრიელ ბერიძეს, პაციენტ გარი შაჰბაზიანის მიერ მიწოდებული ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დასკვნა ძირფესვიანად შეუსწავლია და მან „ალიასთან“ ამ თემაზე ღიად ისაუბრა.
გაბრიელ ბერიძე:
– პაციენტმა მომმართა კონსულტაციისთვის, რომ გადამეხედა კლინიკური ისტორიისთვის და ე.წ. ჯანდაცვის დასკვნისთვის. რა გითხრათ, ქალბატონო ნანა, იმდენი დარღვევაა, რომ ვერ დაითვლი. ამას მარტო ცუდი სამედიცინო მომსახურება კი არ ჰქვია, ეს არის დაუდევრობა, გულგრილობა და ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტი. შეცდომების გამოსწორების მხრივ, რაც კი ხარჯი აქვს გაწეული პაციენტს, ყველა სამედიცინო მანიპულაცია უნდა გამოასწოროს და აუნაზღაუროს ჯანდაცვის სამინისტრომ, უნდა შეამოწმოს კადრები, რომლებიც მუშაობენ ამ კლინიკაში, რომ ადამიანები არ დაღუპონ. შეამოწმონ, აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ ჩაერთონ სამედიცინო მომსახურებაში? რადგან ოპერაციები გაკეთდა არაპროფესიონალურად. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უფლება არა აქვს, გააკეთოს ქირურგიული ოპერაცია. მე სანამ ასეთი სახის ოპერაციას გავაკეთებდი, 4 წელიწადი გავიარე რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში ევროპაში, პარიზში, ამსტერდამში, ჰამბურგში, მოსკოვში და მერე, რომ დავამთავრე, ბუენოს აირესში ვმუშაობდი დამხმარე ქირურგად. მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებდი დამოუკიდებლად ოპერაციებს. აქ კი რა ხდება, მედეას სამშობლოში? ღიად ვაცხადებ, ექსპერიმენტებს აკეთებენ ადამიანებზე. გარი შაჰბაზიანის შემთხვევაში რეკონსტრუქციული ქირურგიაა საჭირო, რადგან ცხვირიდან ვერ სუნთქავს. მას სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება სჭირდება. პაციენტს აქვს ჰიპოქსია – ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში. და ეს ყველაფერი უნდა აუნაზღაუროს იმ კლინიკამ, რომლის არაკვალიფიციურმა ექიმმაც ჩაატარა ეს ოპერაციები და, ყველაზე მთავარი, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს დასკვნა არის ყალბი.
– რატომ?
– რატომ და დადგენილი არ არის, რომელმა ექსპერტმა დადო დასკვნა. ერთი თვის განმავლობაში სასამართლო ექსპერტიზა ითხოვდა დასკვნის დადებას. ქირურგს უნდა დაედო დასკვნა წერილობით და წარმოიდგინეთ, რეგისტრირებული წერილი არ არსებობს. არ არსებობს პაციენტის დოკუმენტაცია. პაციენტის ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. პირველი ქირურგია გაკეთდა არაკვალიფიციური ექიმის მიერ. მეორე და მესამე ქირურგიაც იმავე ექიმმა გააკეთა. აი, ამ შემთხვევაში პენიტენციალური სისტემიდან (სახელმწიფო ბიუჯეტიდან) არის ძალიან დიდი თანხები გაწერილი, მაგალითად, თავის ქალის დამსხვრეული ძვლების აღდგენა და პლასტიკა. ეს პაციენტს სრულებით არ სჭირდებოდა და ამაზე თანხებია გაწერილი; თითქოს პაციენტს მისცეს 20 ამპულა პროპოფენი, რაც ერთ კაცს კი არა, 20 კაცზე მეტს ყოფნის; თითქოს გამოიყენეს მეტრ-ნახევარი ლეიკოპლასტირი. რა, დააწებეს სამედიცინო მაგიდაზე? კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი რამ. ეს თანხები შევიდა „ვივა მედში“. ეს კლინიკა დასაკეტია. იქ სასწრაფოდ უნდა იმუშაოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა. პაციენტის კლინიკური ისტორია არაკომპეტენტურია. პაციენტის თანხმობის გარეშე რატომ გაკეთდა სამედიცინო პროცედურა? ანესთეზიოლოგის მიერ შევსებული პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ფორმა, თითქოს არაფერი სტკიოდა, ყალბია. ანესთეზიოლოგის მიერ არის გაკეთებული პაციენტის ხელმოწერა, რაც ფალსიფიცირებულია. სამჯერ არის დოკუმენტირებული ცხვირის ნიჟარების რეზექცია (მოკვეთა), დანარჩენი კიდევ უამრავი დარღვევა გამოძიების პრეროგატივაა. რასაც ვამბობ, ყველაფერი სიმართლეა და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. თუ რამე უზუსტობას იპოვიან ჩემს შეფასებებში, მიპასუხონ მე, პლასტიკურ ქირურგს გაბრიელ ბერიძეს.
კომენტარები