ექსკლუზივი „ალიას“ „ოქროს არქივიდან“
დღეს სკანდალი ატყდა მას შემდეგ, რაც პაატა იმნაძემ განაცხადა:
„პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“
«ალიას» «ოქროს არქივში» უამრავი ექსკლუზიური და სკანდალური მასალაა, მათ შორის, 2010 წლის შემოდგომაზე მომხდარი ამბის, როდესაც პაატა იმნაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ თანამდებობიდან გადააყენა, მის დაჭერასაც კი აპირებდა, თუმცა ერთმა ზარმა ყველაფერი შეცვალა.
გთავაზობთ 2010 წლის «ალიაში» გამოქვეყნებულ სტატიას მცირედი შემოკლებით.
«ალიას» ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მიაწოდეს და პირველი, რაც გავაკეთეთ, მისი გადამოწმება მოვახდინეთ ადრესატთან. საქმე ეხება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, პაატა იმნაძის ერთდღიან გადაყენებას თანამდებობიდან და შემდეგ ისევ უკან დაბრუნებას. როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა, მსგავსი პრეცედენტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კი არა, მთავრობაშიც არ მომხდარა. კერძოდ, 29 ნოემბერს პაატა იმნაძეს ოფიციალურად გამოუცხადეს, რომ ის გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან, იყო საუბარი იმაზეც, რომ მას დააკავებდნენ. სამშაბათს – 30 ნოემბერს მის ადგილზე დანიშნეს ნატო ავალიანი. ეს უკანასკნელი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია «აშშ-ს განვითარების ჯანდაცვის ფონდის «აიჰაის» თავმჯდომარე. ოთხშაბათს – 1 დეკემბერს ნატო ავალიანს გამოუცხადეს, რომ ის განთავისუფლებულია ე.წ. დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ხუთშაბათს – 2 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ ისევ დანიშნეს პაატა იმნაძე. ამ ოთხდღიანი პაუზის შემდეგ, პაატა იმნაძემ ხმაურისა და სკანდალების თავიდან ასაცილებლად ნატო ავალიანი დანიშნა თავის მოადგილედ მენეჯმენტსა და თუ რაღაც ამდაგვარ საკითხებში.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, თუ რა მოხდა 1 და 2 დეკემბერს შორის – დაავადებათა კონტროლის ახალი თავმჯდომარის დანიშვნასა და მის გაშვებას შორის. როგორც «ალიას» აუწყეს, პაატა იმნაძის გაშვებიდან მეორე დღეს დაირეკა პრეზიდენტის აპარატში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტიდან, კერძოდ კი, პენტაგონიდან. კონკრეტულად მიშასთვის არ უთქვამთ, მაგრამ ვისაც უთხრეს, იმან ძალიან კარგად გაიგო, რომ იმნაძე სასწრაფოდ უნდა დაებრუნებინათ თავის ადგილას(!!!). სასწრაფოდ, უხმაუროდ, ყოველგვარი კვალის გარეშე – ვითომ არც არაფერი მომხდარა. ასეც მოხდა. ერთადერთი, რამაც გარეთ გამოჟონა, ის გახლდათ, რომ ზარი ოკეანისგაღმიდან დონალდ რამსფელდის გარემოცვიდან იყო. სწორედ ამიტომ არ ჩართეს პროცესში ამერიკის საელჩო საქართველოში. ეს უკანასკნელი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ეკუთვნის, დონალდ რამსფელდი კი ჯორჯ ბუშის მარჯვენა ხელი და ბიზნესპარტნიორი გახლდათ ვაქცინების საქმეში.
პაატა იმნაძეს თანამდებობაზე დაბრუნებას დონალდ რამსფელდის სახელს უკავშირებენ. მართალია, ეს პიროვნება აღარ არის აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მულტიმილიონერი, ფარმაცევტული კომპანიების ლობისტი, «ტამიფლუს» ე.წ. მფლობელი და ჯორჯ ბუშის გარემოცვის წევრია. გავლენები და კავშირები კოლოსალური აქვს და საკითხი დღეს ასე უნდა დაისვას – რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში ამჯერად. არადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთადერთია, რომელსაც დღიდან «ვარდების რევოლუციისა» არაფერი შეხებია – არც კარუსელი, არც რეფორმები, მოხსნა-დანიშვნები. ეს არც არავის უკვირდა, იმიტომ რომ ეპიდემიები მთლად ჯანდაცვის კომპეტენცია არ არის, უფრო ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოებაა. მოკლედ, ინფორმაციის გადასამოწმებლად პაატა იმნაძეს დავუკავშირდით.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე:
– ბატონო პაატა, ჩვენი ინფორმაციით, 29 ნოემბერს თქვენ გაგათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და თქვენს მაგივრად დანიშნეს ამერიკული არასამთავრობოს უფროსი ნატო ავალიანი…
– არა, ნატო ავალიანი წარდგენილია, მაგრამ მე არ გავუთავისუფლებივარ…
– დავასრულებ, თუ შეიძლება. ამის შემდეგ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან დაირეკა საქართველოში და თქვენ დაგაბრუნეს თქვენს ადგილზე. საუბარია რამსფელდის გარემოცვაზე…
– არა, მასე არა. იმიტომ, რომ გეუბნებით… ჯერ ერთი, ეგ იყო ოთხი დღის წინ.
– რა იყო ოთხი დღის წინ?
– როდესაც დაიწყო, ვთქვათ… ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი სამსახურის რეორგანიზაცია და ყველა თანამშრომელი გავაფრთხილეთ, ეს იყო 1 ნოემბერს და პირველი დეკემბრიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, პროცესი რეორგანიზაციის.
– ბატონო პაატა, ჩვენ თქვენს რამდენიმე თანამშრომელს ვესაუბრეთ და მათ დაგვიდასტურეს, რომ თქვენ ორი დღის განმავლობაში აღარ იყავით თავმჯდომარე და მათ წარუდგინეს ახალი თავმჯდომარე – ნატო ავალიანი…
– რეორგანიზაციის ფარგლებში ასე გაიგეს, თითქოს მე აღარ ვიყავი. ისე, ნატო ავალიანის წარდგენას მეც დავუჭირე მხარი, ველოდებით იმას, რომ სამინისტრო დაამტკიცებს მას. ის იქნება მოადგილე მენეჯმენტის საკითხებში. დაავადებათა კონტროლის თავმჯდომარედ მე ვრჩები. ანუ დღეს იცვლება სტრუქტურა და მენეჯმენტი და ფუნქციები ფართოვდება.
– კარგით, ისიც არასწორად გაიგეს, რომ თანამშრომელ-ეპიდემიოლოგთა ნაწილს უშვებთ სამსახურიდან?
– არა, შემცირება იგეგმება.
– რამდენი?
– 20%-იანი.
«ალია», 2010 წლის დეკემბერი
P.S. საინტერესო ამბები ხდებოდა სანდრო კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობიდან წასვლისა და ანდრო ურუშაძის დანიშვნის პერიოდში, როდესაც კოკა ფრუიძე და რამდენიმე ექიმი დაიჭირეს და პაატა იმნაძეზე, რომელიც იმ საქმეში მართლა არაფერ შუაში იყო, აპირებდნენ ჯოხის გადატეხვას, რათა „ზემოთ“ ვინც ბევრი ფული ჭამა, ის გადარჩენილიყო. ამ სკანდალურ მასალებს „ალიას“ არქივიდან, მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.
კომენტარები