“სტატისტიკა რაში გვაინტერესებს, როცა უშუალო შეხებაში ვართ ასეთ ადამიანებთან?! იზოლაციაში რატომ არ მოაქციეს? ასეთ პრინციპულ საკითხებზე თვალს ხუჭავენ და რას ელოდებიან, აფეთქებას?”
“იმასაც კი ამბობს ზოგი უვიცი ექიმი, რომ როცა დათბება, ვირუსი არ იქნებაო. ის არ იციან, რომ ეს ვირუსი ქვეწარმავლებისგან, ღამურებისგან, მღრღნელებისგან ვრცელდება ერთდროულად? მოხდა მუტაცია. სიცხეში ქვეწარმავლები გარეთ გამოდიან. წარმოიდგინეთ, ზაფხულში რა მოხდება!.”
ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს სამხედრო ექიმი გიორგი ლილუაშვილი:
– სიმართლე უნდა ვთქვა, მთელი ეს პერიოდი მხოლოდ სტატისტიკაზეა ლაპარაკი და ჯერჯერობით კორონავირუსთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ეპიდემიებთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ყველა დროში ასრულებდა სამხედრო მედიცინა და არა სამოქალაქო მედიცინა. სამხედრო მედიცინა კი დღეს საქართველოში არ არსებობს. თუ რა ხდება დღეს თავდაცვის სფეროში, ჯარში, ამაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს. ან რა უნდა თქვან მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამხედრო ექიმის პროფესია გააქრეს და ეს გააკეთეს ვითომ ახალგაზრდა რეფორმატორებმა, სააკაშვილის გუნდმა. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის, ასევე მალის რესპუბლიკაში მონაწილეობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში. აფრიკაში ყველაზე დიდი პრობლემებია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადგან როცა სამშვიდობო ძალები უცხოეთში მიდიან, ისინი აქ მოწმდებიან და როცა უკან ბრუნდებიან, მათ აქ არავინ ამოწმებს. შესაბამისად, არ ხორციელდება ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მე ეს კარგად ვიცი, რადგან 2004 წლამდე ვმუშაობდი მეთერთმეტე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსად, მაგრამ ნეოფაშისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შემოწმების შემდეგ ჯარისკაცები 100%-ით იყვნენ დაავადებული ინფექციური დაავადებებით. ამაზე ავტეხე განგაში. რამდენი პრესკონფერენცია მოვაწყვე ამ თემაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საერთოდ სამსახურიდან დამითხოვა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „კომანდოს“ პირველ ბატალიონს, სადაც ამერიკელების მიერ აღზრდილი სამხედროები იყვნენ ინფექციური დაავადებების მატარებლები. ამ მხრივ, ყველა სათანადო ინფორმაცია მივაწოდე შესაბამის სამსახურებს, რომ დაავადებები ჯარისკაცებში იწვევდა სიბრმავეს, იმპოტენციას, ინვალიდობას და ა.შ. ეს ყველაფერი გაზეთ „სამხედროში“ გაშუქდა, მაგრამ ნაცებმა გაზეთი დახურეს. იმის ნაცვლად, გამოეკვლიათ და გამოესწორებინათ მდგომარეობა, პირიქით. მე როცა ოქრუაშვილმა დამითხოვა შეიარაღებული ძალებიდან, უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ჩემი განთავისუფლების აქტი, მაგრამ ოქრუაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურში აღდგენილი კაცი ხელმეორედ გამათავისუფლა. თავის დროზე მივმართე ჟურნალისტებს: ინგა გრიგოლიას, ალეკო ელისაშვილს, ახლა რომ ბევრს ლაპარაკობენ კანონიერებაზე, მაგრამ მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. სანამ ახლა ოქრუაშვილს დააპატიმრებდნენ, მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გრიგოლიას „რეაქციაში“ მოწვეული ჰყავდა ოქრუაშვილი. მე დარბაზში ვიყავი. გრიგოლიამ იმდენი მაინც შეძლო, რომ საშუალება არ მომცა ოქრუაშვილთან დამესვა კითხვები. ჩემს სამსახურში დაბრუნებას ვინ ჩივის, სამხედრო ექიმის პროფესია იქნა გაუქმებული მათ მიერ და რა სამწუხაროა ის, რომ რაც წინა რეჟიმმა გააკეთა, იმას აგრძელებს დღევანდელი რეჟიმიც. სამხედრო ექიმებს 20 ათას ვაკანსიაზე გვაქვს შეტანილი განცხადება და ჩვენთვის დამლაგებლის ადგილიც კი არ გაიმეტეს. მე ასევე ვარ სამართალმცოდნე. რომელი უნივერსიტეტიც დავამთავრე წითელ დიპლომზე, ის სასწავლებელი აქვს ფარცხალაძეს დამთავრებული, მაგრამ მას ყალბი დიპლომი აქვს და მთავარ პროკურორად დანიშნეს და მე კი წითელ დიპლომზე დავამთავრე და სამსახურს ვერ ვშოულობ. 2008 წელს, როდესაც ომი მძვინვარებდა, ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა 53 სამხედრო. 2016-ში – 128, 2017-ში – 260, 2018 წელს კი – 157 კაცი. სიკვდილიანობა ორჯერ და სამჯერ გაიზარდა. მოდით, ისევ დავუბრუნდეთ დღევანდელ მდგომარეობას კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსი, როგორც პანდემია, ჩინეთმა შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. ახლა მთავარი პრობლემა არის ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში. ჩინეთში გამოცხადდა განგაში, დაიკეტა ჩინეთის რვა ქალაქი. ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ გაფრთხილებული, სხვა ქვეყნებში ტურისტულად წასულიყვნენ თუ არა. ამაში ხელისუფლებას ვადანაშაულებ. მათი პრეროგატივა იყო. პრინციპულად ამ საკითხზე თავის დროზე რომ მოეხდინათ რეაგირება, ასეთი მძიმე შედეგები არ გვექნებოდა.
– კი, “ალია” იანვარშივე წერდა და შესაბამი სამსახურებს მივმართავდით, რომ სამოგზაუროდ წავლა შეზღუდულიყო, თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ საფრთხე არ არსებობდა. მინისტრი ტიკარაძე აცხადებდა, რომ მწვანე ზოლში ვართ და პირადად ვაკონტროლებ ვირუსსო. რატომ მოხდა ეს, რომ დროულად არ მიიღეს ზომები?
– პოლიტიკური პრობლემებიც არის და ისიც, რომ ვიმეორებ ისევ, სამხედრო მედიცინის პრეროგატივა იყო და არა სამოქალაქო მედიცინის. სამხედრო ექიმები საერთოდ არ ჩანან და არ ღებულობენ მონაწილეობას ამ პროცესებში. ამიტომ ვირუსთან ბრძოლა არაეფექტურია. ხალხს ნუ ატყუებენ. ეს გამოწვეულია სათავეში მყოფი კორუმპირებული ჩინოვნიკების შედეგად. ყველა სფეროში ანალოგიური მდგომარეობაა, რადგან ერთიანი სისტემა ჯერ კიდევ 92 წლიდან მოიშალა.
–გამოდის, ამირან გამყრელიძეს კომპეტენციას უწუნებთ?
-არა, გამყრელიძეს კომპეტენცია აქვს, მაგრამ ის არ არის სამხედრო გამოცდილების ექიმი. ეს სფერო მისთვის უცხოა. სტატისტიკა ოფიციალურად იმდენად საგანგაშოა, რომ მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.
– ჩინეთმა როგორ დაძლია კორონავირუსის პრობლემები?
– ჩინეთის რესპუბლიკის საზოგადოებას ჰყავს პოლიტიკური ავანგარდი კომუნისტური პარტიის სახით, რომლის ცენტრალური კომიტეტიდან დაწყებული, ადგილობრივი კომიტეტით დამთავრებული, ყველა ერთად ორგანიზებულად და კონცენტრირებულად მუშაობდა. არცერთი წუთი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა არ გაუშვიათ ხელიდან. ამას თან ერთვის ის, რომ ჩინეთში უმაღლეს დონეზე დგას სამხედრო მედიცინა. 10 დღეში ააშენეს თანამედროვე დონის ჰოსპიტალი და მარტო ფინანსურ რესურსზე არ არის საუბარი. ლაპარაკია ინტელექტუალურ რესურსზე. ჩინეთმა პირველივე წუთიდან გაატარა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, საზღვრები ჩაკეტეს, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სწრაფად დააბრუნეს უკან. ეს ვირუსი აზიიდან ვრცელდება ყოველთვის, მაგრამ მათ იმუნიტეტი აქვთ, რომ დაძლიონ ეს ავადმყოფობა. დანარჩენ მსოფლიოს არ აქვს იმუნიტეტი და ვერ ებრძვიან.
– საქართველოში რას უნდა ველოდოთ?
– ის რაც ტარდება, არაეფექტურია. იმასაც კი ამბობს ზოგი უვიცი ექიმი, რომ როცა დათბება, ვირუსი არ იქნებაო. ის არ იციან, რომ ეს ვირუსი ქვეწარმავლებისგან, ღამურებისგან, მღრღნელებისგან ვრცელდება ერთდროულად? მოხდა მუტაცია. სიცხეში ქვეწარმავლები გარეთ გამოდიან. წარმოიდგინეთ, ზაფხულში რა მოხდება!. დედაქალაქში სანიტარული მდგომარეობის გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს, ადამიანები პირდაპირ ქუჩებზე წვანან მეტროსადგურებთან. საინტერესოა, რას აკეთებს სოციალური სამსახურები. ეს ადამიანები ახლა მაინც ხომ უნდა მოათავსონ დროებით საცხოვრისებში. სანაგვე ყუთებში რომ იქექებიან, არ ვიცოდი, მაგრამ ნაგვის ყუთების ბიზნესიც ყოფილა. არის ძვირადღირებული ნაგვის ყუთებიც. იქ რიგები დგას, იღებენ უკეთეს მდგომარეობაში მქონე ნაგავს და მერე ამ ნაგავს ყიდიან. ეს ხომ ხალხში ვრცელდება. სტატისტიკა რაში გვაინტერესებს, როცა უშუალო შეხებაში ვართ ასეთ ადამიანებთან. იზოლაციაში რატომ არ მოაქციეს? ასეთ პრინციპულ საკითხებზე თვალს ხუჭავენ. რას ელოდებიან, აფეთქებას? მერე რომ ხელი მოითბონ.
პანდემია უკვე რამდენიმე კონტინენტზე არის დაფიქსირებული. ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. კარანტინიო, გაიძიახიან. მაგრამ თავად სახელმწიფო ექცევა კარანტინში. მოსახლეობას საჭმელი უნდა. კათარზისი დაკეტეს და ადამიანები შიმშილისთვის გაიმეტეს. კორონა მოკლავს ადამიანს თუ შიმშილი, რა მნიშვნელობა აქვს. ქალაქის მერი კალაძე დაგვიანებით აცხადებს, რომ მათი უსაფრთხოების მიზნით ბენეფიციარებს საკვებს, თავიანთ ულუფას, თან გაატანენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მოსთხოვონ, რა გვჭირდება, ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად საჭიროა სწორი კვება. ხალხზე არავინ ფიქრობს. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ იმ ექიმებს, რომლებსაც უშუალოდ აქვს კავშირის კორონავირუსით დაავდებულ ადამიანებთან, ძალიან მიზერული ხელფასი აქვთ. ამ დროს თავად გამყრელიძეს ასჯერ მეტი ანაზღაურება აქვს. არც სასწრაფო დახმარების ექიმები და არც ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი არ არის სრულყოფილი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილი. რა თვალის ახვევაა, როცა სოციალურ ქსელებში დებენ ვითომ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონის სურათს და სინამდვილეში, უცხოური თანამედროვე კლინიკების სურათებია. ვითომ კარგი ფონი რომ შექმნან? ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი საპარტნიორო ფონდთან, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. გადმოეცათ რესპუბლიკური, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიისთვის, თუმცა უარი განაცხადეს. ჩვენ მოვითხოვეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნახაზები, მაგრამ საჯარო რეესტრმა არ გადმოგვცა. გვინდოდა რესტავრაციის პროექტი გაგვეკეთებინა და წარგვედგინა მთავრობისთვის, მაგრამ დაგვიმალეს.
– რა მიზეზით?
– მიზეზი უცნობია. ეს ზემოთ ჩამოთვლილი საავადმყოფოები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის განკარგულებაშია. მათ სურდათ ეს საავადმყოფოები გაესხვისებინათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.
– და რატომ ვერ შეძლეს?
– ერთიანად ვერ გაყიდეს. ნაწილ-ნაწილ აპირებდნენ გაყიდვას. ნაწილი გაიყიდა. ავერსის კლინიკაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკა იყო. ჩვენ გვინდოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს თავისი ფუნქცია დაბრუნებოდა, სადაც მომავალი სამხედრო ექიმები მოემსახურებოდნენ ვეტერანებს, მაგრამ ასე არ უნდათ. სამხედრო ჰოსპიტალი ისანში 2004 წელს დაანგრია ოქრუაშვილმა.
– რატომ დაანგრია?
– რა ვიცი. რატომ აწამებდნენ ხალხსო, ასეთი კითხვა დამისვით თქვენ. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არის სამხედრო მედიცინის გადასაწყვეტი. არ ჰყავთ სამედიცინო კადრები. ჯანდაცვის ახალ მინისტრს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია. ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. თანამედროვე მედიცინა პაციენტს ეუბნება დიაგნოზს და პაციენტი თავად ღებულობს გადაწყვეტილებას, თუ როგორ იმოქმედოს. მე ამ პრობლემებზე უკვე გითხარით და გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს. ამდენ არაპროფესიონალ და არაკვალიფიციურ კადრებს ყველა სფეროში ასეთ შედეგებამდე მივყავართ. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და არა 30 ვერცხლად გაყიდულები და გარიგებულები.
ნანა სულავა
ალია №10
კომენტარები