„ქართულმა ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაბალია და 2020 წლის არჩევნები თუ არ გააყალბეს, სხვაგვარად ვერ მოიპოვებენ ახალ პარლამენტში უმრავლესობას. ეს ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის უუნარობის, დანაშაულებრივი პოლიტიკის ბრალია, რომელთაც 8 წელიწადში ეკონომიკურად უკან დასწიეს ქვეყანა, უმძიმესი სოციალური ვითარება შექმნეს, ხალხი გაამათხოვრეს. ცხოვრება იმდენად გაძვირდა, ძლივს შექმნილი საშუალო ფენა მოსპეს ქვეყანაში. დარჩნენ მდიდრები და ღარიბები. ეს ერთი მიზეზია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გაუფასურდა და ხალხის დიდი მხარდაჭერა დაკარგა. სხვა მიზეზებიც არსებობს, თუმცა, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული.
„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გუნდის კლანურ მმართველობას ებრძოდა, ისინი გაყარეს, მოვიდნენ და იგივე განაგრძეს. მნიშვნელოვან სახელმწიფი პოსტზე ისე ვერ დაინიშვნები, თუ ბიძინა ივანიშვილის ან მისი გარემოცვის კლანის წევრი არ ხარ, ვერც მსხვილ და საშუალო ბიზნესში მოიკიდებ ფეხს კლანის მხარდაჭერის გარეშე, ამის ნათელი მაგალითი კახა კალაძის მეჯვარე, ილია წულაიაა. ეს ბანკირი მხოლოდ იმიტომ მოხვდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, რომ კალაძის ახლო მეგობარი იყო, მანამდე ის პოლიტიკას ახლო არ გაჰკარებია. ერთხანს ილია წულაია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალში“ მუშაობდა, იურისტად, შემდეგ – და დირექტორად. ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე 11 დღე შიმშილობდა პარლამენტის შენობის წინ, ამ შიმშილობის შედეგად დიაბეტი დაიმართა და ბოლოს, გულწასული ძირს დაეცა, სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და ძლივს გადაარჩინეს. გოჩა მაჩაიძე სამართალს ითხოვდა და იმიტომ შიმშილობდა. მან მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა.
„ალიას“ გოჩა მაჩაიძე უყვებოდა, რომ ის თაღლითების მსხვერპლი გახდა, რომელთაგანაც კაბალური პირობებით პროცენტიანი ვალი აიღო და „გადააგდეს“. მან ვალის ნაწილი გადაიხადა, მაგრამ თაღლითებმა მიითვისეს. თუმცა, ეს ბოლოს იყო. თავის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნას გოჩა მაჩაიძე ილია წულაიას აბრალებს. აცხადებს, რომ მისი უბედურება „სვის კაპიტალში“ კრედიტის აღებიდან დაიწყო.
„საზღვარგარეთ ფეხბურთი არ მითამაშია და ბიზნესი არ მქონია, შესაბამისად, ფინანსური შესაძლებლობა, რომ 11-სართულიანი შენობა დამოუკიდებლად ამეშენებინა, არ მქონდა. გამაჩნდა დანაზოგი, რაც დავხარჯე ამ სახლის მშენებლობაში. შემდეგ მივედი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალთან”. საფინანსოს დირექტორ ჯეიმზ ჯონსთან შევთანხმდი, რომ მომცემდნენ თანხას, მე კი კორპუსს ავაშენებდი. წლის განმავლობაში 48% უნდა გადამეხადა, მე კი თანხა 12 თვის განმავლობაში ტრანშებად უნდა მიმეღო. თუმცა, შეთანხმებიდან 2 თვის შემდეგ, ჯონსონი ილია წულაიამ შეცვალა. თანხა მჭირდებოდა და იძულებული გავხდი, ისეთ პირობებს დავთანხმებოდი, რაც ჩემთვის ძნელად მისაღები იყო. არ ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იყო მშენებელი და რადგან კორპუსის ადგილი კარგია, ცხოვრებაში „ფეხის დადებას“ დამიწყებდა”, _ ამბობს მაჩაიძე.
ის იხსენებს, რომ წულაიას დირექტორად დანიშვნის შემდეგ, კომპანიამ 5 თვის განმავლობაში თანხა არ ჩაურიცხა, შემდეგ კი დამატებითი პირობები წაუყენა.
“მშენებლობას სხვადასხვა მიზეზის გამო მიჩერებდა. ხელის შეშლას ცდილობდა. 5 თვის განმავლობაში ტრანშს არ მაძლევდა. შემდეგ ისევ მომცა, მაგრამ პირობა წამომიყენა, რომ ბინა მისი ცოლის სახელზე გამეფორმებინა. თანდათან ფართს უმატებდა და ბოლოს 110 კვ ბინა წაიღო ჩემგან, რისი მტკიცებულებებიც მაქვს. იქვე დაამატა, “არქი ჯგუფის” ბუღალტრები შენთანაც აიყვანე და ანგარიშიდან 1.500 ლარი დაუნიშნეო. ამასაც დავთანხმდი და ჯამში წულაიას კომპანიის ბუღალტრებს 30.000 ლარი გადავუხადე, არადა, დეკლარაციის შევსების გარდა, არაფერში მეხმარებოდნენ“… გავიდა რამდენიმე კვირა და საფინანსოდან ისევ მირეკავენ, მეორე ახალი დირექტორი, ვინმე ირაკლი ქაფიანიძე გვყავს და შეხვედრა უნდაო. ქაფიანიძესთან ერთად წულაიაც დამხვდა. ახალმა დირექტორმაც გამომიცხადა, ჩემი დები ადიგენში ცხოვრობენ და ორი ბინა უნდა მომცეო. წულაიამ მაშინ თითქოს მხარი დამიჭირა, ამდენი ფართობის ჩუქებას ერთსადარბაზოიანი კორპუსი ვერ გაუძლებსო. მეც გავბედე და ქაფიანიძეს ვუთხარი, ბინებს ვერ გაჩუქებ-მეთქი და წამოვედი.
ამასობაში მშენებლობა თითქმის დავასრულე, მცირე დეტალები მქონდა დარჩენილი. ცოტა ხანში საფინანსოში ისევ შევხვდი წულაიასა და ქაფიანიძეს. მეუბნებიან, წელიწადი გავიდა¬და რადგან ვადები ვერ დაიცავი, 48%-ის ნაცვლად, სესხი 96%-იანი გახდაო. გავოგნდი. ხუთი თვე ტრანში არ მომეცით და 1.079.600-ის ნაცვლად 614.572 დოლარი ჩამირიცხეთ, ეს პირობის დარღვევა არ არის-მეთქი? ვერაფერს გავხდი, მშენებლობის ვალდებულება წულაიამ გადაიბარა, 2013 წლის თებერვალში “ლომას” კუთვნილი ბინების გაყიდვა დაიწყო, საიდანც 682.000 დოლარის შემოსავალი მიიღო, მე კი ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი… სასამართლოსთვის რომ მიმემართა, მშენებლობა შეჩერდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე თანხა სხვა კომპანიასთან მესესხებინა“.. – განუცხადა გოჩა მაჩაიძემ ქართულ მედიას. ეს ერთი ეპიზოდია ილია წულაიას ბიზნეს–საქმიანობიდან.
„ქართული ოცნების“ მომხრეებს მამუკა ხაზარაძე იმიტომ არ მოსწონთ, რომ ის ბანკირი იყო და „მევახშესაც“ იმის გამო ეძახიან, რომ მისი ბანკი ხალხს მაღალი პროცენტით ფულს ასესხებდა, მათ შორის, აძლევდა იპოთეკურ სესხებს. „სვის კაპიტალი“ კი „თი–ბი–სი“ ბანკზე უფრო მაღალ პროცენტში იძლეოდა სესხებს, მათ შორის იპოთეკურს. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასაც ჰყავს ხალხი გამოსახლებული და მათი ბინები გაყიდული. საქართველოში ყველა ერთი უბედურებაა, ბანკიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც, ყველა ხალხს ატყავებს, ხალხის გაუბედურების ხარჯზე მდიდრდება. ამ ხალხის გადახდილი პროცენტებით, გაყიდული უძრავი ქონებიდან ამოღებული ფულიდან იღებდა ხელფასს „სვის კაპიტალის“ დირექტორი ილია წულაია. ის დაქირავებული დირექტორი იყო საიმისოდ, რომ ხალხი გაეტყავებინა და ამის მაგალითად, გოჩა მაჩაიძეც გამოდგება და ამის შემდეგ მას რატომ არ უნდა უწოდო მევახშე? გარდა მაგისა, ილია წულაია თავადაც ეწეოდა მევახშეობას. 2007 წლიდან მან კერძო და იურიდიულ პირებზე სესხად გასცა 9 მილიონ 600 000 დოლარი. 2016 წელს, სარგებლის (პროცენტი) სახით, ილია წულაიამ მიიღო 581 690 ლარი. ეს რაც მის ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული, რომელიც 2016 წელს არის შევსებული, მაგრამ რაც არ არის ასახული? რის დაფიქსირებაც კანონმა არ მოსთხოვა?
მოკლედ, ილია წულაიას მევახშეობა „ქართული ოცნების“ მომხრეებს არ აინტერესებთ, მარტო მამუკა ხაზარაძის მევახშეობაა ცუდი, რადგან ის მათი ოპოზიციონერია. თავის მევახშეს იტანენ, თითქოს ილია წულაიას ხალხი პროცენტს დიდი ნეტარებით უხდიდა და მხოლოდ „თი–ბი–სი“ ბანკი ახრჩობდა მათ. ეს „ქოცური“ ლოგიკაა. “ალიას“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ ილია წულაია მხოლოდ საკუთარ ფულს არ გასცემდა სესხად მაღალი პროცენტებით, ის კახი კალაძის რამდენიმე მილიონ დოლარს ასესხებდა და ცხადია, თავანს პროცენტით უბრუნებდა უკან. ამ ინფორმაციის უტყუარობაზე, ამ ეტაპზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ საგულისხმო ინფორმაციაა და ეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადასტურონ ან უარყონ. თავად კახი კალაძეც, ამ ლოგიკით, მევახშე იყო, „პროგრეს ბანკის“ მეწილე გახლდათ.
ილია წულაიას ძმა, თენგიზ წულაია მის რამდენიმე კომპანიაში პარტნიორია. „მთავარმა არხმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმება უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. მათ შორის მედიასაშუალება მიუთითებს, რომ არის „ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ მიერ გაკეთებული გადარიცხვაც, რომელსაც საქართველოში „ბი ემ ჯი ჯორჯია“ ეკუთვნის.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა. „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 9-წლიანი არსებობის განმავლობაში ბანკმა 8 წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 მილიონ ოთხასი ათასი ლარი იზარალა. 2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.~ მოკლედ, „პროგრეს ბანკს“ ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. `ბი ემ ჯი ჰოლდინგი“ დომინიკის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი თენგიზ წულაია იყო. პოლიტიკური ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ „პროგრესბანკში“ ფულის გათეთრების საქმეს გამოიძიებენ, სხვებთან ერთად, თენგიზ წულაიას არ ასცდება სასჯელი. „ნაცმოძრაობისა“ და თბილისის საკრებულის წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ ფულის გათეთრების საქმეში ილია წულაიაც ფიგურირებდა და ამ ეტაპზე ეს საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშია.
კახი კალაძე ძველი, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ დანგრევას და ხალხის ახალ ბინებში შესახლებას გეგმავს. ამ გრანდიოზული პროექტის პირველ ეტაპზე, მერიამ კონტრაქტი ილია წულაიას კომპანიას, „არქი ჯგუფს“ გაუფორმა. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს კონტრაქტი „არქი ჯგუფს“ კახი კალაძემ ტენდერის გარეშე გაუფორმა, ამ კომპანიას, ვარკეთილის მესამე მასივში არსებული 16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი კომპანია „არქი ჯგუფს” ერთ ლარად გადასცა. „არქი ჯგუფი“ ვარკეთილში აშენებს კორპუსებს და ვაჟა–ფშაველაზე „ხრუშჩოვკებში“ მაცხოვრებელ ხალხს იქ გადაიყვანენ. „კახა კალაძემ 16 მილიონის ლარის ქონება გადასცა კონკრეტულ კომპანიას. ეს კომპანია გაგიკვირდებათ და, შემთხვევით აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია წულაიას კომპანია – „არქი ჯგუფი“. კალაძემ თავის ძმაკაცს 16 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა და ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ვამბობთ, რომ ეს მიწის ნაკვეთი 16 მილიონი ლარის ღირებულებისაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, მერიას ნაკვეთი საბაზრო ფასად რომ გაეყიდა, არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ მეტის დაკმაყოფილებას შეძლებდა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი თავართქილაძე კი აცხადებს, რომ პროექტზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ყველაზე საუკეთესო წინადადება შერჩეულმა კომპანიამ წარადგინა. „ვარკეთილის ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ერთადერთი კრიტერიუმი გამარჯვებულის გამოსავლენად გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, იყო გადმოსაცემი ფართის ოდენობა. დადგენილი იყო მინიმალური ოდენობა და პრეტენდენტები ერთმანეთს კონკურენციის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემდა მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა თავართქილაძემ და აღნიშნა, რომ შერჩევისას მხედველობაში მიღებული იყო კომპანიის გამოცდილებაც. მისი თქმით, რეალურად დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექვსი მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია ჩვენ გადმოგვცემს 7 585 კვ.მ. დასრულებულ და აშენებულ ბინას, რომელიც განაწილდება ავარიული ბინების მესაკუთრეებზე“, – განაცხადა თავართქილაძემ. მან განმარტა, რომ პროექტი ხუთ ეტაპადაა დაყოფილი და ხუთი კორპუსი უნდა აშენდეს.
ირაკლი თავართქილაძეს დავუჯერებდი, მაგრამ მერია დღემდე არ თუ ვერ ასაჯაროებს იმ კომპანიების შეთავაზებებს, რომელთაც „არქი ჯგუფზე“ უარესი წინადადებები შესთავაზეს, დღემდე არც ეს კომპანიები დაუსახელებიათ. მოკლედ, ვერ თუ არ ცდილობენ იმის გაბათილებას, რომ კახი კალაძემ თავის მეჯვარის კომპანიას, ყოველგვარი შერჩევის გარეშე, პირდაპირი წესით გაუფორმა კონტრაქტი და თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე სოლიდური თანხის მოგების საშუალება მისცა.
ლევან ხაბეიშვილი იმასაც ამბობს „ალიასთან“, რომ ამ პროექტიდან ილია წულაია „ატკატს“ კახი კალაძეს მისცემს და ეს რამდენიმე მილიონი ლარი იქნება. მარტო ეს შემთხვევა რომ იყოს, ჯანდაბას. „ქართული ოცნების“ დეპუტატების კომპანიები რიხინ–რიხინით იგებენ ტენდერებს თბილისის მერიაში, სხვა და სხვა ქალაქებისა და გამგეობებში ან, მათაც გამარტივებული წესით უფორმებენ მრავალმილიონიან კონტრაქტებს, იგივე ხდება ინფრასტრუქტურისა და სხვა სამინისტროებში.
„ალია“ კომენტარისთვის ილია წულაისთან დაკავშირებას დიდხანს ცდილობდა. მას რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ ჯერ არ მიპასუხა ტელეფონზე, შემდეგ კი გათიშა. ბოლოს ვრცელი სმს–ი მივწერე და ჩამოვუთვალე ყველა ის მთავარი საკითხი, რომელთა შესახებაც მასთან საუბარი მსურდა.
„ბატონო ილია. გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი გაწუხებთ. ამ საკითხებზე მსურს თქვენთან საუბარი და იმიტომ გირეკავთ. 1. გოჩა მაჩაიძე აცხადებს, რომ მას კაბალური ხელშეკრულება გაუფორმეთ „სვის კაპიტალში~. მერე უფრო დაუმძიმეთ პირობები და 48%–იანი სესხი 96% გაუხადეთ. 2. გოჩა მაჩაიძის თქმით, მას იძულების წესით, გამოართვით 110 კვ.მ. ფართი. საცხოვრებელი ადგილი და მეუღლის სახელზე გააფორმეთ. მაჩაიძე აცხადებს, რომ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ცნობილია. რომ თქვენ იურიდიულ და კერძო პირებზე ფულს გაასესხებდით პროცენტით. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის კახი კლაძის ფულიც იყო და შესაბამისად, მას სარგებელს აძლევდით. 4. გავრცელებული ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ ფულის გათეთრების საქმეში, ფიგურირებთ თქვენ და თქვენი ძმა, თენგიზ წულაია. ეს საქმე ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასმართლოშია. მართალია? 5. საუბარი მსურდა მე–3 მასივში 16 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემაზე. ეს შეთანხმება მერიასთან იმით ხო მარ არის გამოწვეული, რომ კახი კალაძის მეჯვარე ხართ. გთხოვთ, ტელეფონზე თუ არ მიპასუხებთ, სმს–ით დამიდასტურეთ ან უარყავით ეს კითხვები.“
წულაიამ საპასუხოდ სმს–ი გამომიგზავნა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
„მოგესალმებით! თქვენ ისეთი ინფორმაციები გაქვთ, მაგას ჩემი ფანტაზია არ ეყოფა, ამიტომ აზრი არა აქვს ჩვენ გასაუბრებას. ალბათ, აჯობებს ამ თემაზე ისეთ ბუმბერაზ მეზღაპრე ფანტაზიორებს მიმართოთ. როგორიც ნათელაშვილი და ხაბეიშვილი არიან. ისინი მოგაფიქრებინებენ „კარგ“ სენსაციებს. წარმატებებს გისურვებთ. მე ცილისწამებაზე აუცილებლად გიპასუხებთ, ოღონდ კანონით!“
მოკლედ, ილია წულაიას ვურჩევ, ჯერ არ იჩქაროს სასამართლოში გაქცევა. „ალია“ უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლის ილია წულაიასა და კახი კალაძის საერთო საქმიანობას. კვლავ დავუკავშირდებით გოჩა მაჩაიძეს და ამ საკითხის სხვა საინტერესო დეტალებსაც გავაცნობთ მკითხველს. ასევე, იმ სხვა საკითხებს გავარკვევთ, რაც ჯერ მხოლოდ საზოგადოებაში მუსირებს და მისი გაჟღერებისგან თავს ვიკავებ. ჰოდა, ამ ყველაფერს რომ გამოვაქვეყნებ, შეაგროვოს და ბარემ მაშინ იჩივლოს. ალბათ, იქაც აღმოაჩენს „ცილისწამებებს“.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №3
კომენტარები