28 ივლისს, თბილისი–წყნეთის ტრასაზე, „კაკლების“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესმენმა ირაკლი ღლონტმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს, რომელიც წყნეთში მიდიოდა, მანქანიდან 5 ტყვია ესროლა. სულაბერიძეს არც ერთი არ მოხვედრია. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ გამო მოხდა. ვნახოთ, გამოძიება, იმედია, მომხდარს პასუხს გასცემს.
ვინ არის ირაკლი ღლონტი? ირაკლი ღლონტი 1980 წელს, 20 ივნისაა დაბადებული და დაკავებულია ბიზნესსაქმიანობით. 2017 წლიდან ის არის კომპანია “აის+”-ის 80%-იანი მფლობელი. 2010 წლიდან ის რესტორანი “გურიას” კაპიტალის სხვადასხვა რაოდენობის წილს ფლობდა, ხოლო 2018 წლის ბოლო მონაცემეით, ის აღნიშნული რესტორნის 28%-იანი წილის მფლობელია. მისი ბიზნესპარტნიორები კი არიან ნატალია მგელაძე, გიზო მიქაძე და ავთანდილ ლომაძე. წარსულში, კერძოდ 2016 წელს, ირალი ღლონტი იყო შპს “ფერსტ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი. ხოლო კომპანიის დირექტორი იყო დათო ლომჯარია. ამასთან, 2010 წლიდან ირაკლი ღლონტი ერთ-ერთ პარტნიორად ფიქსირდება შპს “ფრუტ პროცესინგ კომპანი”-შიც. ამ წელს მისი წილი 35%-ს შეადგენდა, 2011 წელს კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. ბიზნესმენი ამ კომპანიაში პარტნიორად 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. სხვატა შორის, ლერი სულაბერიძე ამბობს, რომ ის ბიზნესმენს არც კი იცნობს და მისი სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.
რამდენიმე დღის წინ სულაბარიძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება…
მედია ლერი სულაბერიძეს ბიზნესმენად მოიხსენიებს. ვერ გეტყვით, როგორი ბიზნესმენია სულაბერიძე, ან როდის გახდა, მაგრამ მთელმა საქართველომ თუ არა, მთელმა თბილისმა ნამდვილად კარგად იცის მისი წარსული და კრიმინალური თავგადასავლები.
ლერი სულაბერიძე „ვერის საძმოს“ წევრი იყო, რომელსაც „მხედრიონელები“ მფარველობდნენ, საძმოს ნაწილი, პარალელურად, „მხედრიონის“ წევრიც იყო. მაგალითად, ძმები ნიკა და გიორგი (ჟორიკა) რურუები, გიორგი რამიშვილი (ზარალა), „მუსტაფა“…. „ვერის საძმო“ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მათი ლიდერები, ვინც ჩამოვთვალე, ისინი იყვნენ და კიდევ რამდენიმე კაცი, მათ შორის, ლერი სულაბერიძე. საძმოს შიგნით არსებულ ამ დაჯგუფებას, ამ ლიდერებს „ბოროტები“ შეარქვეს, რადგან განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ სახელს უკავშირდება არაერთი სისხლიანი დანაშაული, მათ შორის, მკვლელობები, მაგრამ ეს დანაშაულებები დღემდე გამოუძიებელია.
ლერი სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის „დინამოს“ შს სამინისტროსთვის წართმევის პროცესში. საფეხბურთო კლუბი შსს–ს სპორტკლუბ „დინამოს“ ეკუთვნოდა. ზეწოლის შედეგად, შსს აიძულეს, დაეთმო „დინამოს“ 90%–იანი წილი, რომელიც „მხედრიონთან“ დაახლოებულმა მერაბ ჟორდანიამ და მერაბ რატიანმა გადაიფორმეს. მათთან ერთად, „დინამოს“ დირექტორატის წევრები გახდნენ „მხედრიონის“ ლიდერები, გია სვანაძე და ზაზა ვეფხვაძე. მოგვიანებით, ლერი სულაბერიძეც იყო „დინამოს“ დირექტორატის წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, სულაბერიძეს კავშირი ჰქონდა იმ ფინანსურ და სატრანსფერო მაქინაციებში, რაც „დინამოში“ ხდებოდა და შესაბამისად, მასაც აძლევდნენ წილს. ამ დანაშაულებების გამო ორჯერ დაიჭირეს მერაბ ჟორდანია, მერაბ რატიანი, რომან შოთაძე, ნიკუშა დოლიძე და სხვები, მაგრამ ლერი სულაბერიძე გადარჩა, რადგან მის წინააღმდეგ დოკუმენტური მტკიცებულებები არ არსებობდა, დაჭერილებმა კი მის თანამონაწილეობაზე კრინტი არ დასძრეს, რადგან, როგორც მაშინ ამბობდნენ, მისი ძალიან ეშინოდათ. აი, აქ კარგად ჩანს, ვინ არის ლერი სულაბერიძე და რისი გამკეთებელია. მერაბ ჟორდანია იმ დროს იყო საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე გავლენიანი ადამიანის, კახი ასათიანის სიძე, ხოლო კახი ასათიანი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის მეგობარი. ტარიელ ონიანს კი მაშინ უდიდესი გავლენა ჰქონდა ქართულ კრიმინალურ სამყაროში. აი, ასეთი კაცის სიძეს რომ ლერი სულაბერიძისა შეეშინდება, უკვე გასაგებია, ვინ არის ის და რა ავტორიტეტი ჰქონდა. ამასთან, თავად მერაბ ჟორდანია, მიუხედავად მიმტევებლური ხასიათისა, მშიშარა კაცი არ არის და ქედი არავისთვის მოუხრია.
მოგვიანებით, თბილისის „დინამო“ შსს–მ დაიბრუნა და კლუბი ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა. „მხედრიონელებს“ კახა თარგამაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ზურაბ ჩხაიძემ წაართვეს უკანონოდ მითვისებული კლუბი. ამ დროს „მხედრიონის“ დიდება ჩასვენებული იყო და პოლიციის სამინისტროს დიდი გავლენს ჰქონდა. „დინამოსთვის“ დავა დღემდე არ დასრულებულა, მაგრამ ეს ახლა ჩვენთვის საინტერესო არ არის.
ლერი სულაბერიძის სახელს უკავშირდება ერთი კურიოზული შემთხვევა. 2002 წელს, მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ იყრიდა კენჭს. მისი კონკურენტი დავით პეტრიაშვილი იყო, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატი იყო და მის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა. უკვე წინასწარ იყო ცნობილი იმ დელეგატთა ვინაობა, რომელი რომელ კანდიდატს უჭერდა მხარს. მათ შორის იყო, რამდენადაც მახსოვს, მინი–ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით გრძელიშვილი, ის პეტრიაშვილის მომხრე იყო. რაკიღა კანდიდატთა მომხრე–მოწინააღმდეგეთა ვინაობა გახმაურდა, ისიც ცნობილი იყო, რომ მერაბ ჟორდანიას ერთი ხმა აკლდებოდა, პეტრიაშვილი კი, შესაბამისად, ერთი ხმით იგებდა. ეს ერთი ხმა რომ არა, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებდა და ყრილობა ხელახლა გაიმართებოდა. მერე კი, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ყრილობა სასტუმრო „მეტეხი–პალასში“ გაიმართა. ლერი სულაბერიძე, ცხადია მერაბ ჟორდანიას მომხრე იყო. ჟორდანიას დახმარება და ამ ერთი, გადამწყვეტი ხმის გაბათილება, მან უცნაურად გადაწყვიტა. ყრილობის დღეს, სახლიდან გამოსულ დავით გრძელიშვილს დახვდა მეგობართან ერთად და სთხოვა, მანქანაში ჩაჯდომოდა, რადგან მასთან სალაპარაკო ჰქონდა. გრძელიშვილმა უთხრა, რომ ის პეტრიაშვილს აძლევდა ხმას და არანაირ ლაპარაკს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, აზრი არ ჰქონდა. სულაბერიძემ უთხრა, რომ რამდენიმე სიტყვა ჰქონდა სათქმელი და ხმას თუ პეტრიაშვილს მისცემდა, მისთვის პრობლემა არ იყო. გრძელიშვილი ჩაუჯდა მანქანაში სულაბერიძეს. მან იარაღი დაადო შუბლზე გრძელიშვილს და უთხრა, რომ ხმას არც ერთი კანდიდატს არ მისცემდა. როგორ, მომკლავო? – გაუკვირდა გრძელიშვილს. მაგას ახლავე განახებო, უთხრა სულაბერიძემ. ორივენი უკან ისხდნენ, გრძელიშვილს ფერდზე იარაღი მიადო და უთხრა, ხმას თუ ამოიღებ, გესვრიო. გრძელიშვილმა კარგად იცოდა, რომ ესროდა და ჩუმად იყო. მისმა მეგობარმა კი დათქმულ ადგილას მიიყვანა ორივენი მანქანით. ეს იყო ლერი სულაბერიძის მეგობრის რესტორანი. დაახლოებით 4 საათი, დავით გრძელიშვილი ამ რესტორანში ჰყავდა სულაბერიძეს პატიმრობაში, თუმცა, საუკეთესო კონიაკს ასმევდა, საუკეთესოს აჭმევდა, კარგ მუსიკას ასმენინებდა და მისთვის არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, პისტოლეტი ედო მაგიდაზე და ეს ნიშანი იყო გრძელიშვილისთვის, რომ რესტორნიდან ყრილობის დასრულებამდე ვერ გავიდოდა. ამასობაში ყრილობა დასრულდა, არჩევნები მერაბ ჟორდანიამ მოიგო. ლერი სულაბერიძეს დაურეკეს და უთხრეს ეს ამბავი. ამის შემდეგ, მან საკუთარი მანქანით წაიყვანა რესტორნიდან გრძელიშვილი და ავლაბარში, „მეტეხის“ სიახლოვეს დატოვა. აღარ მახსოვს, პირველად ვის დაურეკა გრძელიშვილმა, მაგრამ ვისაც დაურეკა, ის მიხვდა, რომ მაგარი მთვრალი იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრძელიშვილი, ეს ძალზედ პასუხისმგებლიანი კაცი, დათვრა და ყრილობაზე იმიტომ ვერ მივიდა. იმ ყრილობას მეც ვესწრებოდი. ეს ამბავი ვინც გაიგო, ყველას გაუკვირდა. თუმცა, ცოტა ხანში გავრცელდა ის ინფორმაცია, რაც ზემოთ მოგახსენეთ – გრძელიშვილის გატაცებისა და რესტორანში მძევლად აყვანის ამბავი. პეტრიაშვილის მომხრეებს დიდი აურზაური არ აუტეხავთ, რადგან ყრილობის მიმდინარეობისას ვითარება შეიცვალა, ერთი ხმა აღარ აღმოჩნდა გადამწყვეტი, პეტრიაშვილის რამდენიმე მომხრემ პოზიცია შეიცვალა და ჟორდანიას მისცა ხმა, მან რამდენიმე ხმით წააგო არჩევნები. გრძელიშვილის ხმა გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. მოკლედ ვიტყვი, რა მოხდა არჩევნებზე და რატომ მოიგო წაგებული არჩევნები ჟორდანიამ. ამ დროს მერაბ ჟორდანია და კახი ასათიანის შვილი, მაკა ასათიანი უკვე გაშორებულნი იყვნენ. კახი ყრილობის დელეგატი იყო, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ის არჩევნებზე არ მივიდოდა და არც ჟორდანიას უჭერდა მხარს. არჩევნებამდე, ერთი სიტყვა არ დაუსველებია მერაბის მხარდასაჭერად. თუმცა, ბოლო მომენტში, გადაიფიქრა. უთქვამს, მერაბი შვილივით მიყვარდა, ჩვენს ამდენწლიან თბილ ურთიერთობას, თუნდაც საკუთარი შვილის ოჯახის დანგერევას ვერ გადავაყოლებ, ეს ჩემი მხრიდან ღალატი იქნებაო. კახი ასათიანი „მეტეხი–პალასში“ რომ გამოჩნდა, უკვე ცხადი იყო, ჟორდანიას მხარდასაჭერად იყო მოსული. მოგვიანებით, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ყრილობის დელეგატმა სერგო კოტრიკაძემ მითხრა, კახი რომ დარბაზში შემოვიდა, უკვე ნათელი იყო, არჩევნებს მერაბი მოიგებდაო. ბევრი ფული დახარჯა პატარკაციშვილმა, ამბობდნენ, რამდენიმე დელეგატი მოისყიდა კიდეც, მაგრამ ამ ხალხმა მერაბ ჟორდანიას მისცა ხმა და მეორე დღეს, პატარკაციშვილის შუამავალს, კონვერტით ფული უკან დაუბრუნესო. ერთი ხმაში პატარკაციშვილმა 50 000 დოლარი გადაიხადაო, მაგრამ ბევრმა ბოლოს კახის ერთგულება ამჯობინა ამ ფულსო, ესეც ითქვა. კახი ასათიანმა გადააბიჯა პირად წყენას და მივიდა ყოფილი სიძის მხარდასჭერად. ყრილობაზე მისმა გამოსვლამ პეტრიაშვილის შანსები გაანადგურა და ამას მეც ვისმენდი. დელეგატებს სულ პუნქტობრივად დაუმტკიცა, იმ ეტაპზე რატომ იყო უმჯობესი მერაბ ჟორდანიას არჩევა და არა პეტრიშვილისა. ერთსაც დავძენ. ეს იყო ცხადი მაგალითი, თუ როგორ გადაწონა ერთი კაცის უზარმაზარმა ავტორიტეტმა უზარმაზარი ფული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მე პირადად, დავით პეტრიაშვილის მოგება მინდოდა.
ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ხმა გავრცელდა, მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის კიბეზე დაგორდა და დაიმტვრაო. ჟორდანია ერთხელ ხელჯოხით და სახეზე ნაიარევითაც გამოჩნდა საზოგადოებაში. თუმცა, საქმე დაგორებაში არ იყო. გავრცელებული და უფრო დამაჯერებელი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას, ფედერაციაში ლერი სულაბერიძემ მიაკითხა. საქმე ფულს ეხებოდა, რომელსაც სულაბერიძე ითხოვდა და ჟორდანია სთხოვდა, დაეცადა ცოტა ხანს და მისცემდა იმ ფულს. სულაბერიძე დაჟინებით ითხოვდა თანხას, ახლავე მომიტანე, ორჯერ უკვე მომატყუეო. ლაპარაკი ყვირილში გადაიზარდა, ყვირილი ჩხუბში და ლერი სულაბერიძემ მერაბ ჟორდანიას საკუთარ კაბინეტში ჯერ სახეში მუშტი გაარტყა, მერე მაგიდაზე არტყმევინა თავი, ყბაც გაუტეხა და ბოლოს, წაქცეული წიხლებით სცემა. ფედერაციის დაცვმაც ვერ გაბედა ლერი სულაბერიძის დაკავება და ფედერაციიდან მისი გამოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტში შევიდნენ და ამ ყველაფერს უყურებდნენ. ამბობენ, რომ სულაბერიძეს ხელში პისტოლეტი ეჭირა და მისი ტარიც ჩაარტყა თავში ჟორდანიას. საქმეს რომ მორჩა, სულაბერიძე მშვიდად გამოვიდა ვაკეში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის შენობიდან, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მერაბ ჟორდანიამ ამ ამბის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და რამდენიმე დღეში გადაუხადა სულაბერიძეს ის თანხა, რომელსაც ითხოვდა და რომელიც, არ ვიცი, რა იყო და ვის ეკუთვნოდა.
წლების ამბობენ, რომ ლერი სულაბერიძე მონაწილეობდა თორაძეების ოჯახის ამოჟლეტაში, 1992 წლის 3 მარტს, ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე, ვერის სასაფლაოსთან, ჯერ ზაურ თორაძე და იზო ქურხული–თორაძე ჩახცრილეს მანქანაში, ავტომატის 300–ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მანქანას. შემდეგ მეზობლის ბინაში დახოცეს სამი ძმა, მოგვიანებით კი ორი ძმა გააქრეს, ისინი დღემდე არავის უნახავს. იყო თუ არა სულაბერიძე იმ დროს იქ, ზუსტად არავინ იცის, რადგან ბევრი ნიღბიანი ისროდა. თუმცა, თორაძეებთან „ბოროტების“ დაპირისპირების პროვოცირება, ფაქტობრივად, მან მოახდინა, რასაც ეს საშინელი ტრაგედია მოჰყვა.
ძმები თორაძეები უკვე დაპირისპირებულნი იყვნენ „ბოროტებთან“ (აღსანიშნავია, რომ იმ დროს, მათ დაჯგუფებას ეს სახელწოდება ჯერ არ ერქვა, არც „ვერის საძმო“ იყო ჩამოყალიბებული. ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა. იმ დროს მომავალი „ბოროტები“ „მხედრიონის“ წევრები იყვნენ და თბილისის კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობდნენ, თუმცა, მე მაინც „ბოროტებად“ მოვიხსენიებ. ეს იმიტომ განვმარტე, მკითხველმა არ იფიქროს, რომ რაიმე ამერია ). გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თორაძემ ქუჩაში, უცნობ პიროვნებას ტყავის ქურთუკი გახადა. უცნობი “ბოროტების” ახლობელი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ვერაზე ჯერ შელაპარაკება და შემდეგ, სროლა. თუმცა, უმჯობესია, ფაქტობრივ მასალას გავეცნოთ.
1991 წლის 24 სექტემბერს, „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე, რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად თორაძეებს ოჯახში ესტუმრა. მათ კახა და იმედა თორაძეები დახვდნენ. პაატა ჩლაიძის მიზანი იყო, დაპირისპირებული მხარეები შეერიგებინა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ არც ერთი მხარე არ დაიხევდა უკან, აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი. არსებობს ამ შეხვედრის 42 წუთიანი ჩანაწერი, რომელიც თორაძეებმა გააკეთეს. ამ ჩანაწერიდან გთავაზობთ იმ მონაკვეთს, დასაწყისს, სადაც კახა და იმედა თორაძეები, „ბოროტებთან“ დაპირისპირების მიზეზსა და ამ საქმეში, ლერი სულაბერიძის წვლილზე საუბრობენ.
„კახა თორაძე: მივდიოდით, მიგვყავდა აქედან ხელოსნები, რემონტია და…კალანდაძეზე ჩავიარეთ, ერთი 20–30 სული, ნუ, ეხლა ვერელები არიან, ვიცნობ, ნუ, ისე. არავითარი ის არ გვქონია მაგათთან ისეთი, არავითარი მეგობრული „ატნაშენიე“, რო იტყვიან. ნუ, ჩვენ საერთოდ არაფერში არ ვერევით, არც რო იტყვიან ან ეს, ან – ის. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ამბით. ნუ, როგორც იტყვიან, საშოვარს ვშოულობთ, მაგრამ არა ესე რა. ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ… ნუ, გაგვაჩერეს სტვენა–სტვენით იქიდან, რო ჰაი–ჰუი… ნუ, მეთქი რა მოხდა, რა? „დავზადნე“ და ვუთხარი, რაშია საქმე? იყო „მუსტაფა“ და დევდარიანი. ორივე მოვიდნენ, დანარჩენები უკან იყვნენ. თქვენთან საქმე გვაქვსო. მე ვუთხარი, ეხლა? ხელოსნები მომყავს მეტროსთან– თქო.
იმედა თორაძე: ხო, ჩაიყვანეო, რა.
კახა თორაძე: ხო, ჩაიყვანე და ამოდიო. კაი– თქო. ჩავედით. რო ამოვტრიალდით, ჩვენ მივდიოდით ორი მანქანით საქმეზე, მაგრამ რატომღაც ამოვიარეთ. ჩვენ რო დავაგვიანეთ ჩასვლა, ჩემი ძმებიც ჩამოვიდნენ მანქანით. ხოდა, ნუ, ორივე შევხვდით იმ კალანდაძეზე. ხოდა ისაო, ვიღაცასო თქვენაო აწუხებთო საბურთალოზეო. „პროსტაო“, ჩემი ნაცნობის ახლობელიაო.
იმედა თორაძე: თან მაგის დედაც მოვ#ყანო, მარაო… თავი უნდა დაანებეო.
კახა თორაძე: მაგის დედაც მოვ#ყანო, მაგრან გეუბნებით ეხლაო, თქვენ უნდა თავი დაანებოთო.
პაატა ჩლაიძის თანმხლები პირი: ვინ გელაპარაკება ამას?
კახა თორაძე: ეს დევდარიანი და „მუსტაფა“. ნუ, დანარჩნები უსმენენ, რა თქმა უნდა. ნუ, მერე ჩვენ ვუთხარით, რომ ჯერ ეს ერთი, ესეთი ფაქტი არ არის დღესდღეობით საბურთალოზე და ვიღაცას ესე არ ვაწუხებ. მაგრამ ჯერ ეს ერთი, არის თხოვნის ის ხო? თუ მოხვალ და თუ ვინმეს ვაწუხებ და შესაწუხებელია, ნუ, შენ რომ აწუხებ, მე ხომ არ გეუბნები შენ. ისე არ უნდა მითხრა შენ მე. თუ ეხლა მეგობრულია ანდა, როგორც უბნელმა მე მთხოვო, მე შემიძლია ეს. უბრალოდ, თხოვნის ამბავში დავთმობ. მაგრამ ეგეთი არ ყოფილა. თუ გინდა, იმათაც უთხარი, ერთი რომელი ფაქტი იყო საბურთალოზე, ჩვენ რო ეგრე ვაწუხებდეთ, ვთქვათ… გინდაც ვაწუხებდეთ. ნუ, ბოლო–ბოლო თუ არ აწუხებთო, ესე იგი, შეგვეშალეთო, მაგრამ რაო? ესე იგი, რა, რო ყოფილიყოო, რა, არ დათმობდითო? მე ვუთხარი – არა! რატო უნდა დავთმო? ხოდა, ესეთი რაღაცა და მაშინო, უსიამოვნება მოგვივიდოდაო. ნუ, თუ გინდათ რო მოხდეს უსიამოვნება, მოხდეს მაშინ უსიამოვნება. გამოვიდა ლერი სულაბარიძე. „ვაფშე“ არ უსმენდა მაგ საქმეს. სუ იქით იყო, ათ მეტრაში. გამოიყვანა ეს, იმედა და ერთი წუთიო, რა. რაღაცა უსიამოვნებაზე მოვკარი ყურიო, რო ნიკაო გეუბნებოდაო, ეს დევდარიანი. ხოდა, რა არიო, მერე რაშია საქმეო? დადექი და მოუსმინეო, ვლაპარაკობთო. ხოდა, არა ერთი წუთიო, რა. ამ დროს გააქანა და გლიჯა ეგრევე.
იმედა თორაძე: და დანა გახსნა
კახა თორაძე: და დანა ეგრევე გახსნა.“
აქ ჩანაწერის 7 წუთიანი მონაკვეთი წაშლილი თუ ამოყრილია, მაგრამ თამარ თორაძე თავის წიგნში “ვერელი თორაძეები“, ამბის გაგრძელებას ასე აღწერს. „მე სანამ ამოვიღე იარაღი და დავუშინე, ლაშა მანქანის საბარგულში რაღაცას ჩალიჩობდა. ეგრევე „კანისტრა“ ხია სახეში ლერი სულაბერიძეს. კახამ „გვაჯის“ ესროლა დაჭრა. სროლა ავტეხეთ და გაიქცნენ, სადარბაზოებში შეცვივდნენ, – ყვებოდა გაკვირვებული იმედა.“
აი, ეს კაცია ლერი სულაბერიძე, რომლის წარსულზეც, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ არ ლაპარაკობენ რომ ეშინიათ… არ ვიცი, ახლა რა ხდება, მაგრამ წლების წინ ის ყველაფერზე წამსვლელი იყო და ბევრი მტერი რომ ჰყავს, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა…
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ #27
კომენტარები