გუშინ, შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა და თქვა, რომ მისი ვარაუდით, იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. კითხვას, საიდან დაასკვნეს, რომ ლექსო იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, შსს პასუხობს, რომ ამ ვარაუდამდე კადრების ნახვამ მიიყვანა.
“ალიას” ბევრი კადრი და ვიდეო ახსოვს, როცა “ოცნების” გუნდის წარმომადგენლების სიფხიზლეში ადამიანებს ეჭვი შეჰპარვიათ, თუმცა, ეს ხან ტექნიკურ ხარვეზს ბრალდებოდა, ხან გადაღლას, ხან ცუდად ჰყოფნას…
საუკეთესო მაგალითია “ოცნების” ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოსვლა 2019 წლის 12 მაისს, ამ გამოსვლის შემდეგ, “ოცნების” მხარდამჭერები წერდნენ, რომ ვიდეო დამონტაჟებულია, რომ ეს საერთოდ არ არის მამუკა ბახტაძის ხმა და ა.შ., თუმცა, რასაკვირველია, ყველა მედია ერთდროულად ვერ და არ დაამონტაჟებდა პრემიერის ვიდეოს. მოგვიანებით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ვიდეო და აუდიო გადაცემის დროს, ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნიკური ხარვეზი არც ერთი სხვა გამომსვლელის დროს არ შექმნილა, მაშინ შსს-მ დაუჯერა პრემიერს და არ უთქვამს, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
მაშ, ახლა რატომ არის შსს-თვის არაფხიზელი მდგომარეობის დამამტკიცებელი ფაქტი ვიდეო? რატომ აძლევს ახლა თავს უფლებას, ასეთი განცხადების გაკეთების? რომელია მართალი? ის, რომ ვიდეოს არ უნდა ვენდოთ, თუ ის, რომ უნდა ვენდოთ? თუ ყველაფერს ჩინი წყვეტს და პრემიერთან და მმართველ გუნდთან მიმართებაში სტანდარტი, კანონი და გამოძიება სხვაა?
შსს, თუ მხოლოდ კადრებით უნდა დავადგინოთ არაფხიზელი მდგომარეობა, თქვენზე უკეთ ვიცით კადრების გადაღება და ხომ არ გავაუქმოთ, ამ კუთხით საგამოძიებო სამსახური?
აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით იმასაც, რომ შსს-მ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეო დაასპონსორა, დაფინანსებული რეკლამის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელში. “ალიამ” შეამჩნია, რომ არსებულ ვიდეოში არ არის დაფარული ბავშვის სახე და ჰკითხა შსს-ს, რატომ დატოვეს არასრულწლოვნის სახე იდენტიფიცირებისთვის – თუმცა, მათგან პასუხი არ მიგვიღია.
მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრი, 2019 წ.:
მოგვიანებით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აუდიო და ვიდეო სიგნალის გადაცემის დროს, ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა და მაშინ ეს შსს-ს არ გაუპროტესტებია.
კომენტარები