თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში თავისი პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. როგორ მოახერხა გია როინიშვილთან კვლავ ურთიერთობის აღდგენა, ამაზე მომღერალი საკმაოდ ვრცლად საუბრობს.
თამრიკო ჭოხონელიძე:
„მე მიწასთან არაფერი გამისწორებია. ჩემი შვილები მამისადმი დიდი სიყვარულით იზრდებოდნენ. ვცდილობდი, მათ აგურის გამოცლა არ ეგრძნოთ. ჩვენი ოჯახის დანგრევა ბევრისთვის იყო ძალიან მტკივნეული. არის ოჯახები, რომლებიც ინგრევა, მაგრამ ამის გამო გული არავის სტკივა. პირიქით, ერთგვარი შვებაცაა, ოჯახის წევრებისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. ჩვენ ეს არ გვქონია და როგორც ჩანს, ძაფები ბოლომდე არ გაწყვეტილა, ამიტომაც მოვახერხეთ ხელმეორედ აშენება. ყველას მინდა ვუთხრა: თუ ფიქრობენ, რომ მათი ოჯახის გადარჩენა შესაძლებელია, ხელს ნუ ჩაიქნევენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავის დროზე გაუხარდათ ჩვენი ოჯახის დანგრევა. ასეთები დღესაც ცდილობენ, ქილიკით რაღაც თქვან ჩვენზე. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, თუკი ასეთი ბედნიერი ხართ იმით, რომ ოჯახი ინგრევა, ნუთუ სხვა საქმე არ გაქვთ? სხვისი ცუდად ყოფნით როგორ უნდა გაიხარო და კარგად მყოფის ბედნიერების ჩაშხამებას რატომ უნდა ეცადო?!.
მაგრამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მაკვირვებს. საინტერესო ის არის, რომ ჩემში ამით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია. პარალელურად, იმავეს აკეთებდა გიაც. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ სულ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით ვიგებდი ხოლმე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. ბოლომდე ვერც მე დავკარგე და ვერც გიამ დამკარგა მე, ამიტომ ჩვენი ოჯახი ბოლომდე არ დაშლილა და საბოლოოდ, ისევ გამთლიანდა“.
კომენტარები