„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებთ 2020 წელს? თავიდან პოლიტიკურ ნაწილზე ვისაუბროთ…
– მნიშვნელოვანი წელი იყო. ყველაზე დაძაბული, მოლოდინებით აღსავსე პროცესები იწყებოდა საპარლამენტო არჩევნებისას. გახსოვთ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტაციას ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში, იმ მოლოდინით, რომ არჩევნების გაყალბება იყო შესაძლებელი. ოპოზიციური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი და ამერიკა აცხადებდნენ, რომ თუ საქართველო ვერ ჩააბარებდა ამ ტესტს, არჩევნებს გააყალბებდა ხელისუფლება, შესაძლოა, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ეცნოთ. ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი იყო ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისგან. მუქარა თუ არა, გამაფრთხილებელი გზავნილები მოდიოდა. მოკლედ, ყველა მოელოდა, რომ მმართველი პარტია გააყალბებდა არჩევნებს და აფრთხილებდნენ მას, რომ ეს არ გაეკეთებინა და შეგუებოდა კოალიციურ მმართველობას. ლოგიკურად, ასეც უნდა მომხდარიყო, ჩვენ უნდა მიგვეღო კოალიციური პარლამენტი. უკაცრავად და, „ქართულმა ოცნებამ“ ფეხებზე დაიკიდა მთელი მსოფლიო, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტისა და გავლენიანი პოლიტიკოსების გაფრთხილება. მაინც გაბედა და ითავხედა, წავიდა არჩევნების გაყალბების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც დღემდე საქართველოში არავის გამოუყენებია. არჩევნების წინ არანაირი დაპირება არ გასცა, მოსახლეობას არ უთხრა, რა პრობლემებს გადაუჭრიდა მას, არანაირი პროგრამა არ გააჩნია მმართველ პარტიას, არც ერთ სფეროში და არ ვიცი, რის იმედად არიან. არჩევნების გაყალბება იყო მათი პასუხი მოსახლეობისთვის. ხალხს უთხრეს, არ მაინტერესებს თქვენი არჩევანი, ვისაც გინდა, მიეცით ხმა, მთავარი ის ოქმებია, რომელსაც ჩვენ შევადგენთ საარჩევნო კომისიებშიო. დასცინეს ამომრჩევლებს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ოპოზიცია ამ უნამუსობას არ შეეგუებოდა. მაქსიმალური პროცენტი, რაც მიიღო, „ოცნებამ“, ეს იყო 40%. ოქმებიც კი არ არის საჭირო ამაში დასარწმუნებლად. გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აიღეთ და ეს საკმარისია. არც ერთი ბათილი ბიულეტენი არ ამოსვლია „ქართულ ოცნებას“, მარტო ოპოზიციური პარტიებისა და მაჟორიტარების ბიულეტენები იყო ბათილი. მაინც და მაინც, ოპოზიციის მხარდამჭერებს ეშლებოდათ ბიულეტენებში კანდიდატურის შემოხაზვის წესები? ეს ხომ აბსურდია? ახლა მეორე. რაც გადააკეთეს ოქმები, ისიც მგონია, რომ 10%–მდე კიდევ იქ არის მიტაცებული ხმები. 8% ხომ ოფიციალურად მოიპარეს და ესეც რომ დავამატოთ, გამოდის, კატასტროფული შედეგები ჰქონდა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. ბათილი ბიულეტენები ბიულეტენების საერთო რაოდენობაში არ ჩათვალეს. არადა, კაცი მივიდა არჩევნებზე, დავუშვათ და მართლა ყველას შეეშალა და ყველა ოპოზიციის წარმომადგენელმა გააფუჭა ბიულეტენი. ეს 80 000 კაცი ხომ იყო არჩევნებზე? ჰოდა, შედეგები არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობიდან უნდა დათვალო, ასეა დემოკრატიულ ქვეყნებში. მე მივედი არჩევნებზე, გავაფუჭე ბიულეტენი, მაგრამ ჩემი ბიულეტენი, უნდა მიათვალო ხმების საერთო რაოდენობას. ესენი ადგნენ, ეს 80 000 ბიულეტენი გადადეს, არ მიათვალეს სხვა ბიულეტენებს და მარტო ვარგისი ბიულეტენებიდან დაითვალეს ხმები. ეგ 80 000 ბათილი ბიულეტენიც უნდა მიეთვალათ და ისე დაეანგარიშებინათ პარტიებისთვის მიღებული ხმები. ეს რომ გაეკეთებინათ, მაშინ ხმების დაახლოებით 9% მოაკლდებოდა „ქართულ ოცნებას“ – არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა აიწევდა და შესაბამისად, დაიწევდა „ქართული ოცნების“ მიღებული ხმები. ეს და სხვა მანიპულაციები, დაინახა ყველამ, მთელმა დასავლეთმა. აგერ, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჩამოთვალა ყველა ის მეთოდი, რომლითაც გაყალბდა არჩევნები. ამიტომ, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებთან შეგუებას არავინ აპირებს, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. ამას რომ შეეგუო, მაშინ უნდა შეეგუო იმას, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად გააყალბებს არჩევნებს, არჩევნებს აზრი ეკარგება, არჩევნების გზით ხელისუფლება არ შეიცვლება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო კარგავს დემოკრატიას და თავის ფუნქციას. შესაბამისად, რეალურად მივიღეთ ის, რომ 2020 წელი მძიმე იყო პოლიტიკური, საარჩევნო თვალსაზრისითაც და მძიმე იყო ქვეყნის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ასეთ არჩევნებს დემოკრატიულ სტანდარტებთან საერთო არაფერი აქვს. დღეს და ხვალ ნაკლებად, მაგრამ იანვრის მეორე ნახევრიდან ჩვენ მოვისმენთ ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის გავლენიანი პოლიტიკოსების, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმწვავეს შეფასებებს ამ არჩევნებისა და მისი შედეგების შესახებ. გვეტყვიან, რომ ისინი არ შეეგუებიან დემოკრატიას, რომელსაც შიგნით ავტორიტარული სისტემა აქვს. ერთპარტიული პარლამენტი რომ ავტოკტრატიაა, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. აქვე ვიტყვი, რომ ეს წელი იყო ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების დაჭერებისა და დევნის წელი. მხოლოდ დასავლეთის ზეწოლით გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ნაწილი ხელისუფლებამ. საამისოდ, პრეზიდენტის შეწყალებაც გამოიყენეს, სხვა სამართლებრივი გზები რომ თავადვე გადაიკეტეს. თუმცა, ჯერ კიდევ რჩებიან ციხეში პოლიტპატიმრები. ამ წელს შემოგვიტია კორონავირუსმა და ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებების გამო, ქართული ეკონომიკა სულს ღაფავს. უმძიმესია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა. პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, სამართლებრივად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ეს წელი იყო უმძიმესი. ამ ხუთ ფაქტორს, ჩვენს ქვეყანაში, არასდროს ერთად არ მოუყრია თავი და ეს „მოახერხა“ „ქართულმა ოცნებამ“.
– ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორც წესი, სანქციებს უწესებენ, მოქმედებისა და ლავირების არეალს უზღუდავენ საერთაშორისო პოლიტიკაში, მკაცრად, ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან დემოკრატიული ქვეყნები. ამერიკაში დემოკრატების კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ბევრი ფიქრობს, რომ ბაიდენი არ შეეგუება საქართველოში ერთპარტიულ მმართველობას და ამ ხელისუფლების დემონტაჟს სწორედ ამერიკა დაიწყებს. მით უმეტეს, ამერიკას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის დიდი ფულიც აქვს დახარჯული, ადამიანური რესურსებიც და მათ წყალში გადაყრას დაუშვებს? სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შესუსტებას შეეგუება და არ შეეცდება ძველებური გავლენის დაბრუნებას, რაც საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების გარეშე, შეუძლებელია?
– ამერიკის ელჩი, არჩევნების შემდეგ, ცოტა ჩუმად იყო. თითქოს ისეთი პოზიცია ეკავა, რომ შეეგუა არჩევნების გაყალბებას, მაგრამ ხომ ნახეთ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ მისი ინტერვიუ? იქ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა არ ეგუება ამგვარ, არადემოკრატიულ ხელისუფლებებს. ეს და კიდევ ბევრი რამ, რაც ამ ხელისუფლებას არ ესიამოვნება, ასახული იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ.
მოდი, ყველაფერს დავანებოთ თავი. ქვეყანა მოიცვა ელიტარულმა კორუფციამ. ახალ პარლამენტში ვინც არის შეკრებილი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენიან პოსტებზე ვინც მუშაობენ, ყველა გადასულია ფულის კეთებაზე. ეს არის კასტა, რომლის პატრიოტიზმი არის ფული შოვნა, რომლის ცნობიერება არის ბიუჯეტის ქურდობა, მათი მენტალობა არის უწიგნურობა. აი, ამ სამი კომპონენტით მოდიან ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ამ ხალხს ჩვენ მორალს ვუკითხავთ. ეს იგივეა, მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობდნენ. ამ კასტასთან მორალის კითხვა არ შეიძლება, ეს კასტა უნდა დამარხო, მოიცილო ხელისუფლებიდან. ვიდრე ქართულ საზოგადოებას საზოგადოება ჰქვია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ამ გაუმაძღარ კასტას, ქვეყანა და ხალხი რომ ფეხებზე ჰკიდით, უნდა ებრძოლონ და ზოგადად, ამგვარი ადამიანები მომავალში არ უნდა მოუშვან ქვეყნის სათავეებთან. ანაკლიის პორტი ავიღოთ, ამ პორტის აშენება და ფუნქციონირება ნიშნავდა ამერიკის მხრიდან შავი ზღვის გაკონტროლებას, მათ შორის, შავი ზღვის თურქეთის აკვატორიისას. ცხადია, ეს რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ, რუსეთიდან მოხდა დაწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომლის დეტალებიც ჩვენ არ ვიცით და ივანიშვილმა შეაჩერა პორტის მშენებლობა – შეასრულა რუსეთის დავალება. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ დასრულებულა, რადგან არ დასრულებულა ამერიკისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრა ჩვენს რეგიონში, ორივეს სურს კავკასიის გაკონტროლება. შესაძლოა, მთელი სიმძაფრით, სწორედ ახლა იწყება რეგიონში გავლენის გაძლიერებისთვის მათ შორის დაპირისპირება. სომხეთ–აზერბაიჯანის ომმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპზე რეგიონის ლიდერები რუსეთი და თურქეთი არიან. ერთი სომხეთის მოკავშირეა, მეორე – აზერბაიჯანისა. მათგან რომელიმემ თუ მოახერხა საქართველოზე სრული კონტროლის დამყარება, მაშინ მთელ კავკასიასაც ის გააკონტროლებს. ამერიკის ინტერესებში კი ეს არ შედის. ამერიკა არ მოეშვება ანაკლიის პროექტს და სხვა, გეო–სტრატეგიულ პროექტებს კავკასიაში. კელი დეგნანმა თქვა, რომ ამერიკა დიდი ინტერესებით ადევნებს თვალს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და არ აპირებენ, გარედან უყურონ ამ პროცესებს და აუცილებლად ჩაერევიან. ვფიქრობ, საქართველოს ნატო–ში მიღება დაჩქარდება, რათა საქართველოში განთავსდეს ამერიკის სამხედრო ბაზები და რუსული და თურქული გავლენა შეასუსტონ. შესაბამისად, ამერიკას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ იქნება არც პრორუსული და არც პროთურქული პოლიტიკის გამტარებელი. „ქართული ოცნება“ კი პრორუსული ხელისუფლებაა.
– ერთპარტიული პარლამენტი რამდენ ხანს გაძლებს? გახდება „ქართული ოცნება“ იძულებული, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
– მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში, 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაილურის წყალი დალია. უხარიათ ახლა, ერთად რომ არიან 90 კაცი პარლამენტში, ტაშ–ფანდური აქვთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. 2021 წელი იქნება „ქართული ოცნების“ დასასრული არჩევნების გზით. დასავლეთი სერიოზულ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს, სხვა არაფორმალურ და ფორმალურ მმართველებს ამ ქვეყნისას. იმ 23 კაცს, ვისი სიაც გაგზავნა ოპოზიციამ ამერიკის კონგრესში, გაუყინავენ საბანკო ანგარიშებს და ეს იქნება განხეთქილების მიზეზი „ქართულ ოცნებაში“, პარტია გაიყოფა. შესაბამისად, სხვა და სხვა მხარეს აღმოჩნდებიან დეპუტატები. პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს „ქართული ოცნება“, შეიქმნება ახალი უმრავლესობა ივანიშვილის გარეშე, მას აღარ ეყოლება 76 დეპუტატი და ყოველგვარი რევოლუციისა და არეულობის გარეშე, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ამ არჩევნებში კი ოპოზიცია მოიპოვებს უმრავლესობას და გვეყოლება კოალიციური ხელისუფლება. არავინ ჩაჰყვება ივანიშვილს, არც ბიზნესმენი დეპუტატები და არც ისინი, სხვა მაქინაციებით რომ იშოვნეს ფული. ყველა საკუთარი ფულისა და ქონების გადარჩენას შეეცდება და დადგებიან იმ მხარეს, სადაც ძალაუფლება იქნება. ფულია მათი ღმერთი, ფულის ერთგულები არიან და არა ივანიშვილისა. სხვათაშორის, ამ სცენარზე ჯერ არავის არაფერი უთქვამს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები