თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთს ემუქრება და აფრთხილებს.
“როცა ჩვენ ვცდილობთ რომ პატივი ვცეთ მეზობლურ უფლებებს ეგეოსის ზღვის ორივე მხარეს, საბერძნეთი პროვოკაციებს აგრძელებს. თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, დღეს მიიღებთ შედეგებს, როგორც ეს წარსულში მოხდა. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის”. – თქვა ჩავუშოღლუმ.
ამას გარდა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთს მოუწოდა, რომ სხვისი “ხელსაწყო” არ იყვნენ და “შეწყვიტონ პროვოკაციები”.
აქამდე, გასულ დღეს, 11 სექტემბერს თურქეთმა საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორი ხომალდი ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ათენის განცხადებით, თურქეთისკენ მიმავალი გემი მათ მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც მას აედევნენ და გამაგრთხილებელი გასროლა შეასრულეს.
ბოლო თვეებში თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსის ზღვის გარშემო ურთიერთობა დაიძაბა.
ივნისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. ამას გარდა, ივნისში ის შეეხო ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა.
ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.
ჩავუშოღლუს გაფრთხილებას მალე მოჰყვა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარაც. 9 ივნისს ერდოღანმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვის კუნძულების დემილიტარიზაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ეს ნათქვამი “სერიოზული” იყო და “არ ხუმრობდა”.
3 სექტემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი კვლავ დაადანაშაულა, ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაციასა და ამჯერად “ოკუპაციაშიც”. ერდოღანი ათენს კვლავ დაემუქრა და თქვა, რომ მზადაა გააკეთოს “ის, რაც საჭიროა”, “როცა დრო მოვა”.
ერდოღანის სიტყვები ათენმა NATO-სა და გაეროს წარმომადგენლებთან გააკრიტიკეს.
ტაბულა.
კომენტარები