თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი წერს:
“ორი დღის წინ ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ თბილისში შემოიყვანა ელექტრო თვითმგორი (სკუტერი), რასაც თბილისის მერი და ტრანსპორტის განვითარების საგენტო სიხარულით შეხვდა, როგორც გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ ეს იყო კერძო ინიციატივა და ამაში ბიუჯეტის ფული არ იხარჯებოდა
მოხდა საოცრება, “მემარჯვენედ” პოზიციონირებადი პირები აღშფოთებულები შემოვარდნენ სააგენტოს გვერდზე უკმაყოფილებით თუ რა ძვირია და როგორ არ დავასუბსიდირეთ აღნიშნული პროექტი და როგორ არ გავხადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის.
მინდა განვმარტო მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს არის კერძო ბიზნესი.
მათ თავისი გათვლებით დაადგინეს ფასი. თუ ბაზარი ამ ფასს ვერ მიიღებს, აუცილებლად მოუწევთ ფასების გადახედვა. იმიტომ რომ ფასს, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნა- მიწოდებას უხილავი ხელი არეგულირებს.
ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კერძო ბიზნესის განვითარებას!
ჩვენ არ ვგეგმავთ ვუკარნახოთ ფასები და არ ვარღვევთ კონკურენციის პრინციპებს!
მივესალმები მეტ ასეთ ახალ წამოწყებას!
ნაკლები გამონაბოლქვი და მეტი ალტერნატიული გადაადგილების შესაძლებლობა თბილისს”
შეგახსენებთ, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი პროექტი ამოქმედდა, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ კომპანია “სქროლმა” ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.
თავის მხრივ “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.
“ალია” მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გაიგეს, რა შეიძლება ღირდეს სკუტერის დაქირავება 1 საათით – უკმაყოფილება გამოთქვეს, რომელიც, როგორც ჩანს თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ეწყინა.
მართალია, ვიქტორ წილოსანი ამტკიცებს, ჩვენ ყველა ბიზნესს ვეხმარებით ბიზნესის განვითარებაშიო, მაგრამ არ მახსენდება მცირე მეწარმეების ბიზნესი გაეპიარებინოს ქალაქის მერს თავის ცნობილ ლაივებში.
თუ ვტყუით და თუ ბატონი ვიქტორი მართალს ამბობს, მცირე მეწარმეებო, მიწერეთ ბატონ ვიქტორს, ის თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც ზოგ ბიზნესს ეხმარება და ქალაქის მერის, ბატონი კალაძის მოსვლას, ლაივის ჩაწერასა და უფასო რეკლამასაც თავად ბატონი ვიქტორი ითავებს.
თბილისის ტრანსპორტის სამსახური თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბატონი ვიქტორი, თბილისის მერიის პოზიციას აჟღერებს.
კომენტარები