სატვირთო ავტომობილის ქართველ მძღოლს, რომელიც 53 წლისაა, კორონავირუსი სომხეთში ტვირთის გადაზიდვისას დაუდგინდა. ინფიცირებული გორის რაიონის მცხოვრებია.
ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება – საქართველოში თუ სომხეთში.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული.
,,საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება.
აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი – ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარი გიუნაშვილმა.
კომენტარები