რუსი ოკუპანტები ამ წუთებში სოფელ ატოცში ახალ საგუშაგოს აგებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, უკანონო აქტივობა ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიქსირდება. ქაცარავა უკანონო სამუშაოების ამსახველ კადრებს გვაწვდის.
ცოტა ხნის წინ, სუსმა განცხადება გაავრცელა, ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ გააქტიურეს ცხელი ხაზი. სუსში აცხადებენ, რომ უკანონო აქტივობები ოკუპირებულ ნაწილში განხორციელდა.
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.
აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე.” ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
კომენტარები