სოფელ მისაქციელში დაკარგული 4 წლის ბავშვი მაშველებმა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.
მაშველები დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.
პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები