გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ საუბრისას და ამბობს, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა:
“კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული… სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში.
რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის… ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში.” – განაცხადა გედევანიშვილმა.
ვასილ გედევანიშვილი დღეს ამბობს, რომ კონკრეტულად ეს ფერდობი იყო თუ არა მეწყერსაშიში, არ იცის, მაგრამ იცის, რომ მთელი სოფელი იყო მეწყერსაშიშ ზონაში, იგი ამბობს, რომ იმისათვის, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაციები გაეცათ დამატებითი კვლევები იყო ჩასატარებელი, თუმცა, რატომ არ ჩაატარა სახელმწიფომ დამატებითი კვლევა, არ იყო ამის სურვილი, თუ სახელმწიფომ უარი თქვა დამატებით ფინანსებზე, დამატებითი კვლევებისათვის, ან იქნებ, ეროვნულ სააგენტოს არ აქვს იმის კომპეტენცია რომ დამატებითი კვლევები ჩაატაროს, ამას გედევანიშვილი არ ამბობს.
„პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი. დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
გედევანიშვილს არ განუმარტავს, თუ დამატებითი კვლევები იყო საჭირო რათა სოფლების დაცლის რეკომენდაცია გაეცათ, როგორ შეიძლება, დამატებითმა კვლევებმა და კონკრეტული ადგილების დაცლის რეკომენდაცია, არ იყო რისკის დამზღვევი.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი.
“მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, – თქვა გედევანიშვილმა, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს გარემოს სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა და სტიქიის ზონად იყო მონიშნული სოფელი ნერგეეთი.
“მოსალოდნელია მეწყერი” – გარემოს სააგენტო ხელისუფლებას 2022 წელს აფრთხილებდა
კომენტარები