ანი დვალიშვილი, ალია
წელს საშემოდგომო სამუშაოები უბრალოდ ვერ ჩატარდა, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამისთვის არ ეცალა, მოსახლეობას კი ფული არ ჰქონდა. თანაც, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც თავს მიწის დამუშავებით ირჩენს, პარლამენტს ელოდა, რათა მიწის შესყიდვისა თუ ლეგალიზების გამარტივებული კანონის მიღება დაანონსდა.
მოლოდინი არ გამართლდა – თუ აქამდე მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეიძლებოდა და საჯარო რეესტრში საბუთების წარდგენა უფასო იყო, ახლა გადასახადის ფასი 400 ლარიდან იწყება და რაც მთავარიაა, ამ თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ თქვენი მოთხოვნა გარანტირებულად დაკმაყოფილდება. ანუ, მიწის რეფორმა კი არ გამარტივდა, გართულდდა და მოსახლეობას თუნდაც გასაფორმებელი თანხის გადახდა გაუჭირდება.
ჰო, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არც ამაზე გააკეთა განცხადება, ან კი რა უნდა თქვან, როცა თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში, რეალურად არაფერი გაკეთებულა. გაიხსენეთ ერთი პროექტი მაინც, რომელზეც ვიტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და რომელმაც მიწაზე დასაქმებულ ადამიანებს რაიმე შეღავათი მისცა.
სოფლის მეურნეობის პროდუქტები ყოველდღიურად ძვირდება და უკეთესის პერსპექტივა არც სამომავლოდ ჩანს. ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ინფრასტრუქტურაა. ჰო, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რადგან ტურიზმის განვითარების ფონზე, უკან მიდის სოფლის მეურნეობა. ავიღოთ მთიანი რეგიონების მაგალითი, სადაც ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. ახლა იქ მხოლოდ ტურიზმზე არიან გადასული და საქონელი პრაქტიკულად აღარ ჰყავთ. კაახეთშიც, ყურძნის დიდი ოდენობით მოყვანის სანაცვლოდ, ცდილობენ შატოები ააშენონ და მცირე, მაგრამ კარგად მოვლილი ვენახი ჰქონდეთ. ერთადერთი შიდა ქართლია, სადაც ხილის კვლავ დიდი ოდენობით იკრიფება და რომ არა წელს რუსული მხარის მიერ გადახდილი რეკორდული ფასი, ესეც აზრს დაკარგავდა.
იმის გათვალისსწინებით, რომ საქართველოს საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა და 33 მილიარდ ლარს გასცდა, სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი მასშტაბური ინვესტიციისთვის ვერ მოიცლის. ანუ, წელს და გაისად და კიდევ იმის გაისად, ამის ფუფუნება არ გვექნება და რეალურად, ერთადერთი გამოსავალი სწორედ მიწის რეფორმის გამარტივებაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის შეჩერების შემდეგ, მათზე მიწები მართლაც არ იყიდება, ძალიან შემცდარა. ისინი ხელს აწერენ საქართვეოს მოქალაქესთან (4-5 ათასი დოლარის სანაცვლოდ), შემდეგ მასზე აფორმებენ ნაყიდ მიწას და ერთადერთ მემკვიდრედ თავად სახელდებიან საქორწინო კონტრაქტში. რა თქმა უნდა, ესეც კარგად იციან ხელისუფლებაში, მაგრამ არაფერს აკეთებენ.
კომენტარები