პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
“მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.”
გამოდის, პრემიერს აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშავილი, ვითომ შიმშილობს და მართლა არ შიმშილობს… აფერისტია და გვატყუებს, უბრალოდ დიეტაზეა, დიეტურად იკვებება?
ციხის ადმინისტრაციის და იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობს, მან გამოიწერა თაფლი, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა თაფლის ჭამზე, რომ ასევე იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თაფლის დანარჩენი ქილებიც კი უკან დააბრუნა.
პრემიერს ავიწყდება, რომ სააკაშვილი სადღაც თავის აგარაკზე კი არ “დიეტობს”, ის ციხეში ზის, იმ ციხეში, რომელსაც პრემიერის დანიშნული იუსტიციის მინისტრი უნდა აკონტროლებდეს – რა გამოდის? იუსტიციის მინისტრი და ციხის ადმინისტრაცია კი არ აკონტროლებს ციხეს, არამედ სააკაშვილი აკონტროლებს მინისტრს და ციხის ადმინისტრაციას?
ღარიბაშვილის სისტემის ციხიდან თუ ახერხებს სააკაშვილი ხალხის მოტყუებას, გამოდის, შეთქმულებასთან გვქონია საქმე – უღალატია მაშინ იუსტიციის მინისტრს გუნდისთვის და პრემიერისთვის – რადგან, მის გარეშე, პატიმარი სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამხელა ტყუილის დამტკიცებას და “ვითომ შიმშილობის”, მართლა შიმშილობად გასაღებას, უღალატია ციხის ადმინისტრაციას გუნდისა და პრემიერისთვის, გამოდის, რადგან, თუ ვითომ შიმშილობს სააკაშვილი, ისინი რატომღა ამტკიცებენ, რომ მართლა შიმშილობს? უღალატია მაშინ ჯანდაცვის მინისტრს და ექიმებს პრემიერისთვის, რადგან, თუ სააკაშვილი ვითომ შიმშილობს და იტყუება, ვის დასანახად მართავენ ექიმთა კონსილიუმს?
ღარიბაშვილმა ახლა “დიდი ღალატის” სქემა კი “გაშიფრა”, მაგრამ აწი რას იზამს? მოხსნის იუსტიციის “მოღალატე” მინისტრს? დაიჭერს ჯანდაცვის “მოღალატე” მინისტრს? პასუხს აგებინებს ციხის “მოღალატე” ადმინისტრაციას? რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები?
ყველანი ნაცები ყოფილან, გამოდის თქვენი ნათქვამიდან, პრემიერო, იუსტიციის მინისტრიც, ჯანდაცვის მინისტრიც, ციხის ადმინისტრაციაც, ყველანი მიშას მხარეს ყოფილან და ყველანი მიშასთან ყოფილან შეთქმულები, ხოდა, თუ ასეა, თქვენ, ვიღასი პრემიერი ხართ? თქვენი გუნდი რომ იძახის 1 ოქტომბრის მერე, მოვიგეთ უკვეო, რა მოიგეთ? ეს ამდენი ხალხი, ყველა თუ მიშასთანაა შეთქმული, ვის იმედად ატარებთ მეორე ტურს?
ახლა იუსტიციის მინისტრი და ციხის ადმინისტრაცია უნდა გამოაცხადოთ მოღალატეებად, ან უნდა თქვათ, რომ თქვენ მოიტყუეთ და თქვენ ხართ მატყუარა – რამე მესამე გზაც არსებობს ამ განცხადების მერე?
SOS – ნიშანი თქვენ არ გეკუთვნით, პრემიერო, თქვენ, თქვენი განცხადებების გადამკიდე, რა SOS ნიშანი გიშველით, SOS ნიშანი ქართველი ხალხისთვისაა.
კომენტარები