ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.
– გოგიტა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალებაო. ბევრი არ ელოდა, რომ ივანიშვილს დაადებდა ხელს და უკანონო დავალებების შემკვეთად უშუალოდ მას დაასახელებდა. ახლა რა მოხდება?
– ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია და ბევრ მინისტრს, მათ მოადგილეებს, დეპუტატებს ავალებს რაღაცებს. ეს ყველამ კარგად იცის და აქ ახალი არაფერია. გოგაშვილს ამ განცხადებებისთვის უნდა მოეყოლებინა მტკიცებულებები, ფაქტები და დამაჯერებელი გაეხადა თავისი ნათქვამი. თუ ჩანაწერები და ზოგადად, მატერიალური მტკიცებულებები არ აქვს, მოყვეს დეტალებში სად და რა დაავალა ივანიშვილმა, რა სახის უკანონო დავალებები მისცა, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრებს. დავუშვათ, თქვას, რომ ამა და ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვუსმენდით ივანიშვილის დავალებით, მის სახლში, ოფისში, კაბინეტში, ავტომობილში დავაყენეთ მოსასმენი აპარატურა, ვაწარმოებდით მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალს და ა.შ… მერე თქვას, რა შედეგი მოჰყვა ამას და რა ანგარიში ჩააბარა ივანიშვილს. უნდა დაასახელოს კონკრეტული პიროვნებები, რომელთა მიმართაც ივანიშვილის დავალებით გოგაშვილი ან თავად აწარმოებდა უკანონო საქმიანობას, ან მისი დავალებით ამას სუს-ის სხვა და სხვა სამსახურები აკეთებდნენ. ამგვარ რეალურ ისტორიებს თუ არ მოჰყვება დეტალურად, მაშინ თავისთავად გაჩნდება კითხვები გოგაშვილის მიმართ. თუ ივანიშვილი ავალებდა უკანონობის შესრულებას, აქამდე რატომ არ თქვა, თუნდაც სუს-იდან რაც წამოვიდა, იმ სამ წელიწადში? ახლა რომ დაიჭირეს, იმიტომ ალაპარაკდა ივანიშვილზე, რომ ამით მისმა დაჭერამ პოლიტიკური ელფერი შეიძინოს? ეს და სხვა კითხვები გაჩნდება, თუ გოგაშვილი უფრო დამაჯერებელი არ იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში. მე, პირადად მიმაჩნია, რომ ხელს აწმენდს ბიძინა ივანიშვილს.
– რატომ გამორიცხავ, რომ ხელს კი არ აწმენდს, არამედ მტკიცებულებებიც ჰქონდეს?
– არა, არაფერს გამოვრიცხავ. კარგა ხანია, აღარაფერი მიკვირს. შეიძლება მართლა აქვს ფაქტები, თუმცა, ერთია ვარაუდებით ლაპარაკი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და მეორეა ის რეალობა, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. დაველოდოთ და თუ დაიდო მატერიალური მტკიცებულებები ან იურიდიული ძალის მქონე სხვა სახის ფაქტები, მაშინ გოგაშვილის ნათქვამი დადასტურდება. მანამდე, ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი და გოგაშვილის მონაგონია. ეს არის კლანიდან გარიყული, განწირული ადამიანის ნათქვამი, რომელიც ცდილობს თავისი დანაშაულებები დააბრალოს ყოფილ თანამებრძოლებს. იმას არ ვამბობ, რომ გოგაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს სუს-ში და „ქართულ ოცნებაში“ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ბევრი აქვთ ჩადენილი, მაგრამ ამას დამტკიცებას სჭირდება, მტკიცებულებები სჭირდება. სუს-ი რომ უკანონო საქმიანობას ეწევა, ყველას უსმენს და სხვა და სხვა არაკანონიერ ქმედებებს ანხორციელებს, ეს ყველამ ვიცით, ამის მტკიცებულებები დაიდო. წლების განმავლობაში ამ უკანონობებს თავად სჩადიოდა გოგაშვილი, მის დავალებებს ასრულებდნენ სუს-ის თანამშრომლები. კაი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა ამ დავალებებს, გოგაშვილი ამ შემთხვევაში, მაინც ვერ გამოვა სუფთად, წამებული მანტიას თუ პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ მოირგებს, რადგან უკანონო დავალების შემსრულებელი, ცალსახად დამნაშავეა. მის ქმედებებს მაინც არ აქვს გამართლება. ასეთ შემსრულებლებზე დგას ნებისმიერი შემკვეთი, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა. შემკვეთი და შემსრულებელი არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის ჩემი აზრი.
– შენ მტკიცებულებებზე ამახვილებ ყურადღებას, მაგრამ აქ ერთი უმნიშვნელოვანესი, მთავარი დეტალია – სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე აცხადებს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი მაძლევდა დავალებებს და მე იმათ ვასრულებდიო. წესით, გოგაშვილის მარტო ამ განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და მტკიცებულებები მერე გამოძიებამ უნდა მოიძიოს. ივანიშვილი უკვე დაკითხული უნდა იყოს. ამას კანონი მოითხოვს. ნორმალურ ქვეყანაში ასე არ მოხდებოდა?
– არანაკლები სკანდალური განცხადებები მოგვისმენია ჩვენი პოლიტიკოსებისა თუ გადამდგარი ჩინოვნიკებისა, რომელთაც მყისიერად უნდა მოჰყოლოდა გამოძიების დაწყება, მაგრამ მოჰყვა? ხელიც არავინ გაანძრია. გეთანხმები, გოგაშვილის განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და ეს სიტყვები ოფიციალურ ჩვენებებშიც უნდა გაიმეოროს. თუ დადასტურდა ივანიშვილის ბრალეულობა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას და თუ არ დადასტურდა, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, გოგაშვილს ბრალი უნდა წაუყენონ.
– კი, ასეა, მაგრამ ხომ ვიცით, ივანიშვილს დაკითხვაზეც კი ვერ დაიბარებს ვერავინ, არათუ გამოძიება დაიწყონ. აი, გოგაშვილს რომ ეთქვა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მაძლევდნენ დავალებებსო, უკვე დაწყებული იქნებოდა გამოძიება, არა?
– კი, ასე იქნებოდა. კანონი რომ არ კანონობს ჩვენთან, მაგას რა ბევრი ლაპარაკი უნდა, ყველამ ვიცით.
კომენტარები