2017 წლის 21–22 ნოემბერს, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია დღემდე ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს, კონტრტერორისტულმა სპეცრაზმმა მოკლა ახმედ ჩატაევი (სხვა ვერსიით, მან თავი აიფეთქა) ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი, სტამბულის, 2016 წლის ზაფხულში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორია, რომლის დროსაც 49 ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა. ასევე, სპეცრაზმმა მოკლა ასლამბეკ სოლტახმედოვი, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა და და იბრაჰიმ ადაშევი. დააკავეს ეროვნებით ჩეჩენი შუაიფ ბორზიევი, რომელსაც, ასევე, ინტერპოლი ეძებდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი და დაიჭრა ორი პილიციელი.
პირველი კითხვა, რაც მაშინ გაჩნდა საზოგადოებაში ის იყო, თუ როგორ შემოეპარა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს ცალხელა და ცალფეხა ახმედ ჩატაევი, მისი 3 თანამებრძოლი, რომელთაგან ორნი ინტერპოლით იძებნებოდა? – ამ კითხვაზე ჯერ არ არსებობს პასუხი. სუს–ს არ გაუვრცელებია განცხადება, როგორ და რა გზით შემოაღწიეს ქვეყანაში.
ახმედ ჩატაევი “ისლამური სახელმწიფოს” ერთ–ერთი ლიდერი იყო, რომელიც ამ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთ ქვედანაყოფს წვრთნიდა. 2015 წლის აგვისტოში აშშ-მ, ჩატაევი გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინაში, ჩატაევი და მისი დაცვის წევრები იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ ჩეჩნეთში აპირებდნენ გადასვლას და თავის შეფარებას. თუმცა, ამის უტყუარი დასტური არ არსებობს.
ასევე, კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ ტერორისტებს ბინაში ჰქონდათ იმდენი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომ 17–18 საათიანი სპეცოპერაციისას, უწყვეტი ორმხრივი სროლისას ეყოთ და ისინი რომ დახოცეს, ბინიდან კიდევ დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ვინ აშოვნინა ამდენი იარაღი ტერორისტებს და როგორ მოახერხეს მათი ბინაში შეტანა ისე, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა ვერაფერი შეამჩნიეს?
„ალიას“ კონფიდენციალურმა წყარომ ჩატაევისა და მისი ხალხის თბილისში შემოსვლის, აქ დაყოვნების მიზეზის შესახებ, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაწოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, თემა მეტად სენსიტიურია, „ალია“ ამ თავითვე აცხადებს, რომ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უტყუარ ჭეშმარიტებად არ მოვიჩნევთ. თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, მას ვასაჯაროებთ.
“ისლამური სახელმწიფოს განადგურების შემდეგ, ახმედ ჩატაევი სირიიდან ჯერ ერაყში გადავიდა, შემდეგ კი საქართველოში აღმოჩნდა. ის და მისი დაცვის წევრები, თითქმის ერთი თვე ცხოვრობდნენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ჩატაევის დაღუპვის შემდეგ, „კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა“ უმარ იდიგოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციიდან თვენახევრით ადრე მას ჩატაევმა შემოუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა. თუმცა, იდიგოვმა ჩატაევს შეუთვალა, საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა და ამაზე არც იფიქროო. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩამოვიდა საქართველოში.
გავრცელებული ინფორმაციით, მას პანკისში ოჯახის და ახლობლების მონახულება სურდა და მერე ჩეჩნეთში უნდა გადასულიყო. თუმცა, მაქვს საწინააღმდეგო ინფორმაცია, ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის შესახებ. თავის დროზე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ამ თემაზზე, რომ სუს–ის იმჟამინდელ უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ჩატაევმა მისცა სოლიდური თანხა ხორცის ბიზნესში დასაბანდებლად და თბილისში ჩამოვიდა ამ ფულის, თავნისა და მოგების ასაღებად. რამდენადაც მახსოვს, მაშინ ითქვა, რომ 300 000 დოლარი მისცა ჩატაევმა გოგაშვილს.
ამ კონტექსტში ნახსენები იყო სუს–ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიმაკაძე და სუს–ის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. ირაკლი ჩიმაკაძე ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ჩატაევთან სწორედ ისინი თანამშრომლობდნენ. ეს მან ოფიციალურად განაცხადა. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, საშუალება ჰქონდეს, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი სამ კაცთან ერთად შემოეყვანა საქართველოში. თუ შემოიყვანა, მაშინ ამას სუს–ის და შსს–ს გარეშე ვერ შეძლებდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობას მაინც დღევანდელი ხელისუფლება ინაწილებს მის შემოყვანაზე.
ვფიქრობ, ჩიმაკაძემ ამ შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მიერ მრავალგზის ნაცად ხერხს მიმართა, მტრის ხატს, „ნაცებს“ გადააბრალა ეს ამბავიც და ვიღაცებს სჯერათ ამ სისულელისა. ახლა მთავარს მოგახსენებთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩატაევი ნამდვილად საკუთარი ფულის ასაღებად იყო ჩამოსული საქართველოში, მისი აქ ჩამოსვლა უზრუნველყო სუს–მა, იმ ხალხს ვგულისხმობ, ვისაც ფული მისცა ჩატაევმა. გოგაშვილი „ნახალოვკის“ ბაზარში მუშაობდა ხორცის გამყიდველად, კარგად იცნობს იმ ხალხს, ვინც ამ ბიზნესში ტრიალებს და მას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ნებისმიერი თანხის დაბანდება, იმხელა გავლენა ჰქონდა, ნებისმიერ ბიზნესმენს გააგდებდა ამ ბიზნესიდან და მისი ადგილს მისი მინდობილი პირი დაიკავებდა. თუმცა, ეს არ არის მთავარი. კონკრეტულად რა შეხება ჰქონდა და აქვს გოგაშვილს ხორცის ბიზნესთან, ამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს შემდგომში მოგახსენებთ.
აქვე ერთ განმარტებას გავაკეთებ – შეიძლება ვინმემ იკითხოს, ამხელა სამსახურის უფროსის მოადგილემ, რატომ დააბანდებინა ჩატაევს ფული ხორცის და არა სხვა, უფრო მომგებიან ბიზნესშიო? მით უფრო, დღეს ხელისუფლების გავლენიან წარმომადგენლებს ყველა მსხვილ ბიზნესზე თათი აქვთ დადებული. ჯერ ერთი, ხორცის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია. 100 კილოგრამი ძროხის ხორცი, ყველანაირი ხარჯის გასტუმრების შემდეგ, მინიმუმ, 20 პროცენტ მოგებას ტოვებს და მინიმუმ, 15 ლარად რომ ვიანგარიშოთ 1 კგ. ხორცი, ეს უკვე 300 ლარია. მით უფრო მომგებიანია ეს ბიზნესი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე უმთავრესად ზაქის ხორცი იყიდება, მას ასაღებენ ღორის ხორცად. ცხადია. ზაქის ხორცის საბითუმო ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე საქონლისა და შესაბამისად, მოგებაც მეტია. საქონლის ხორცთან შედარებით, უფრო მომგებიანია ღორის ხორცი, რადგან მას ნაკლები ხარჯი აქვს. ღორის მხოლოდ შიგნეული არ იჭმევა, დანარჩენი საკვებად ვარგისია და შესაბამის ფასად იყიდება. ეს კარგად იცის სოსო გოგაშვილმა და მან იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე მე. როგორც ვთქვი, გოგაშვილი „ნახალოვკის“ ბაზარში მუშაობდა ხორცის გამყიდველად. შესაბამისად, ის კარგად იცნობდა და იცნობს ხორცის ბიზნესში მოტრიალე ხალხს და მათთან არც საქმის დაჭერა გაუჭირდებოდა, არც მათი გაძევება ბაზრიდან და არც ფულის დაბანდება. საერთო ბაზრის იმდენ წილს გააკონტროლებდა, რამდენსაც მოისურვებდა, ვაჭარზე მშიშარა ხალხი იშვიათია, მათი დაშინება და ბაზრიდან გაძევება იოლად შეეძლო გოგაშვილს. აქ ხორცის იმპორტიორებზე არ ვსაუბრობ, მათ გაყინული ხორცის ნაწარმი შემოაქვთ. თბილისის ბაზრები, მარკეტები, რესტორნები, კაფეტერიები, საშაურმეები მარაგდება საქართველოს რეგიონებიდან, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი საქონლის ხორცით. ასევე, ჩვენი რეგიონებიდან და სომხეთიდან შემოყვანილი ღორის ხორცით. ხორცის ბიზნესი, საკვები პროდუქტების სხვა სახეობებთან შედარებით, მეტად მომგებიანია. ლოგიკურია, თუ ახლის სწავლას, გაკვალული ბილიკით სიარული თუ არჩია გოგაშვილმა და ფული იმ საქმეში დააბანდა, სადაც წლები მუშაობდა და რა საქმესაც ხუთი თითივით იცნობდა.
ახლა ისევ ჩატაევის ამბავს დავუბრუნდეთ. ჩატაევის საქართველოში შემოსვლას, აქ მისი ყოფნის მიზანს და მასთან, მის თანმხლებთან დაკავშირებული სხვა დეტალებს იძიებენ ამერიკისა და თურქეთის სპეცსამსახურები. ორივე მხარეს ერთი მიზანი აქვს. გამოარკვიონ, მათ მტერთან ხომ არ თანამშრომლობდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები? ხომ არ ეხმარებოდნენ საერთაშორისო ტერორისტებს? მაქვს მეტად სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ამერიკის საელჩოდან მომაწოდეს. ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ერაყში მყოფ ახმედ ჩატაევთან სატელეფონო ზარები განხორციელდა სუს–ის მფლობელობაში არსებული დახურული სატელეფონო ხაზიდან.
დაფიქსირებულია 22 სატელეფონო ზარი ორი სხვა და სხვა ნომრიდან. რამდენიმე ზარი განხორციელებულია ჩატაევს ურეკავდნენ სუსიდან და 4 შემთხვევაში, თავად ჩატაევმა გადმორეკა ამ ნომრებზე. ასევე, ამავე ნომრებზე ერთჯერადი მობილური ტელეფონით განხორციელებულია სატელეფონი ზარები იმ კორპუსთან ყველაზე ახლოს მდებარე მობილური სატელეფონო კომპანიის ანძიდან. რომელშიც ჩატაევი და მისი ხალხი ცხოვრობდა. რომელი სატელეფონო კომპანიის ანძაა, ამას ვარკვევ. საგულისხმოა, რომ ზარები განხორციელდა 21 და 22 ნოემბერსაც, როდესაც სპეცოპერაცია ტარდებოდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.
მოკლედ, ჩატაევს ურეკავდნენ სუს–ის დახურული ნომრებიდან და ჩატაევი რეკავდა ამ ნომრებზე ერაყში ყოფნისას და თბილისში ყოფნის პერიოდშიც. მითხრეს, რომ ამერიკელებისთვის ჯერ უცნობია, რომელი და ვისი სატელეფონო ნომრებიდან დარეკეს ჩატაევთან, მაგრამ დახურული ხაზით, სუს–ის თანამშრომელთა გარკვეული კატეგორია სარგებლობს. თუმცა, ვფიქრობ, მათთვის ნომრებიც ცნობილია და მათი მფლობელებიც. ცხადია, გაჩნდება კითხვა, თუ როგორ მოახერხეს ამერიკელებმა დახურული სატელეფონო ხაზიდან ამ ინფორმაციის მოპოვება. ჯერ ერთი, არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ამის მოპოვება შეიძლება და ის ძლიერ სპეცსამსახურებს გააჩნიათ. მეორეც, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების მთელი ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემები, ამერიკელთა მიერ არის გაკეთებული, დამონტაჟებული სუს–ში, თავდაცვის სამინისტროში, შსს–ში, საგარეო დაზვერვაში და როგორ ფიქრობთ, ამერიკელები ყველგან არ დაიტოვებდნენ თითო ხვრელს, საჭირო დროს საჭირო ადგილას შესაძრომად? მით უმეტეს, ჩვენ საქართველოზე ვლაპარაკობთ, რომლის ყველა ხელისუფლება რუსეთის აგენტურით იყო გამოტენილი და დღესაც ასეა. ცხადია, რუსეთის აგენტების ჩანერგვას, უპირველესად, იმ სტრუქტურებში ცდილობს და ახერხებს კიდეც, სადაც მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.ასეთი კი ძალოვანი სტრუქტურებია.
ასევე ამერიკის საელჩოდან მაქვს ინფორმაცია, რომ თურქეთის დაზვერვამაც დააფიქსირა, რომ ჩატაევთან, ერაყში ყოფნისას და თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც, რამდენიმე ზარი განხორციელდა სუს–იდან. თურქებმა როგორ მოახერხეს დახურული სატელეფონო ხაზებიდან ინფორმაციის მოპოვება, ეს არ ვიცი. რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ ამერიკისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურები ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. თუმცა, თურქებმა ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიპოვეს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებსა და თურქებს, დიდი ტექნოლოგიური ჩარევის შედეგად არ მოიპოვეს ეს ინფორმაციები. შესაძლოა, მათ ჩვენ უშიშროებაში ჩანერგილმა აგენტურამ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთაც საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება, რომ ჩატაევი ურეკავდა სოსო გოგაშვილს. მერე ვინ იყო, კიდევ ვის ურეკავდა, ირაკლი ჩიკვაიძეს თუ სხვას, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. შესაბამისად, დამაჯერებლად მიმაჩნია ის ვერსია, რომ გოგაშვილს ჩატაევმა მისცა ფული ხორცის ბიზნესში დასაბანდებლად, საქართველოში ის ამ ფულის ასაღებად იყო ჩამოსული და ამიტომ „გამოეპარათ“ მისი შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს. – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
წყაროს ეს ვერსია იმ კითხვებსაც სცემს პასუხს, რაც ამ სპეცოპერაციის შემდეგ გაჩნდა. რატომ არ აიყვანეს ტერორისტებმა მძევლები, როდესაც ამის საშუალება რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ? რატომ არ ესროლეს, არ დახოცეს იმ კორპუსის ეზოში, მის მიმდებარედ მყოფი ხალხი, სადაც თვითონ იმყოფებოდნენ? სასროლ მანძილზე, ღამითაც და დილითაც არა ერთი ადამიანი გადაადგილდებოდა. ტერორისტებმა ერთი ტყვია არ გაისროლეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარე სკოლებისა და ბაგა–ბაღების ეზოებში, ეს მაშინ, როდესაც სკოლებისა და ბაგა–ბაღების ეზოებშიც, დილით უამრავი ბავშვი, მშობელი და მასწავლებელი ტრიალებდა. ტერორისტებს შეეძლოთ, 22 ნოემბერს, დილით, ერთდროულად რამდენიმე ადგილას სასაკლაო მოეწყოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ დაინდეს ხაფანგში გამომწყდეულმა ტერორისტებმა ჩვენი მოქალაქეები? სუს–ი და კერძოდ, სოსო გოგაშვილი ამტკიცებენ, რომ ისინი თბილისში ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები. როდესაც სროლა ატყდა, ტერორისტებისთვის ხომ ცხადი გახდა, რომ ტერაქტს ვეღარ მოაწყობდნენ? მათ შეეძლოთ ათეულობით ადამიანის მოკვლა, მაგრამ არ მოკლეს. იმაზე მეტის დახოცვაც შეეძლოთ, თან ბავშვებისაც, ვიდრე ნებისმიერი ტერაქტით, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაბამისად, საკმაოდ საფუძვლიანია, ვივარაუდოთ, რომ ჩატაევი და მისი თანამებრძოლები თბილისში ტერაქტის მოსაწყობად და სამტროდ არ იყვნენ ჩამოსულები. და ჩატაევი საკუთარი ფულის ასაღებად იყო ჩამოსული. აქედან გამომდინარე, სარწმუნო ხდება გავრცელებული ვერსია, რომ ჩატაევი შემოიყვანეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა, მას დროულად ვერ მისცეს საკუთარი ფული და იმდენ ხანს იმიტომ ალოდინეს იმ ბინაში. შემდეგ გაჟონა ინფორმაციამ ჩატაევის თბილისში სავარაუდო ყოფნის შესახებ, ამ დროს შსს–მ დააკავა ჩატაევის ერთ–ერთი თანამზრახველი, მეკავშირე, რომელსაც მათთვის საკვები და სხვა საჭირო საშუალებები მიჰქონდა. ეს პირი პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია და დააკავშირა ჩატაევთან. შს მინისტრს, სუს–ის ხელმძღვანელებმა ვერ უთხრეს, რომ თავად შემოიყვანეს ჩატაევი თბილისში და იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ ჩართულიყვნენ სპეცოპერაციაში. სუს–სა და შსს–ს გზები რომ არ გადაკვეთილიყო. ჩატაევი ისე დატოვებდა საქართველოს. მის აქ ყოფნას ვერც გავიგებდით. წყაროს ინფორმაცია ერთ ვერსიასაც ხდის სარწმუნოს. სპეცოპერაცია 17–18 საათს გაგრძელდა და ადრეც გავრცელდა მედიით, რომ ჩატაევს მოლაპარაკება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მას და მის თამხლებ პირებს გააპარებდნენ ბინიდან. სწორედ ამის მცდელობისას გაიჭიმა ამდენ ხანს სპეცოპერაცია, რომელიც ერთ საათში შეიძლებოდა დასრულებულიყო. შავნაბადას კონტრტერორისტული სპეცრაზმის არ გამოყენებაც ბოლო მომენტამდე ამით აიხსნება, ეს სპეცრაზმი მხოლოდ მაშინ ჩამოიყვანეს შავნაბადადან, როდესაც ჯგუფის ლიკვიდაცია გადაწყდა, მანამდე მათ ლიკვიდაციას არავინ აპირებდა, მანამდე სპეცოპერაციას არაპროფილური სპეცრაზმები ახორციელებდნენ. ვინმე იკითხავს, თუ ეს სპეცოპერაცია დროის გასაყვანად მიმდინარეობდა ბოლო მომენტამდე, მაშ, რატომ მოკლეს სპეცრაზმელი და პოლიციელები რატომ დაჭრეს ტერორისტებმაო? ვინც გესვრის, იმას, ცხადია, შენც ესვრი. მე ვფიქრობ, ვანო გოლაშვილი და პოლიციელები სუს–ის მიერ იყვნენ გამეტებულები. სპეცსამსახურების ბინძურ ზრახვებს, მათ შორის, დიდ ფულს, ათეულობით ადამიანი ეწირება ერთი სპეცოპერაციისას და ეს ყველამ კარგად იცის.
წყარო აცხადებს, რომ თავად სოსო გოგაშვილმა კარგად იცის, რომ ამერიკისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურები კუდზე ასხედან, დროის საკითხია, რომ მას დაუმტკიცონ ჩატაევთან სატელეფონო საუბრები და საქართველოში მისი და მისი თანამზრახველების შემოყვანა, ასევე, მათი აქ პატრონობა და ამის შემდეგ, გოგაშვილი და სავარაუდოდ, სუს–ის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ვერ გადაურჩებიან ციხეს. მისი თქმით, ამით აიხსნება ბოლო პერიოდში გოგაშვილის გააქტიურება მედიითა და სოც–ქსელით და იმის მუდმივად ძახილით, რომ ჩატაევსა და მის ჯგუფს ტერაქტების სერია უნდა მოეწყოთ თბილისში და სუს–მა ეს საფრთხე აარიდა ქვეყანას. ამით ამართლებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას გოგაშვილი… წყარო აცხადებს, რომ პანკისის სპეცოპერაცია რეალობის გადაფარვის მცდელობა იყო კატის ძებნა იმ ოთახში, სადაც ის არ იმყოფებოდა. გოგაშვილი აქტიურობს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ თუ დაიჭერენ, ვიღაც მაინც იფიქრებს, რომ გმირი დაიჭირეს, რომელმაც ტერაქტები აარიდა თბილისს.
და ბოლოს, წყაროს თქმით, სოსო გოგაშვილი სუს–იდან იმის შემდეგ გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ამერიკელებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან ჰქონდა კავშირი და ამის გარკვეული მტკიცებულებებიც გააცნეს.
სოსო გოგაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №7
კომენტარები