რას წერდა “ალია” 6 წლის წინ
სოსო ჯაჭვლიანმა გასულ კვირას სკანდალური განცხადება გააკეთა – როდესაც დეპუტატი ვიყავი, ქუთაისის სახლში “ჟუჩოკები” დამიყენეს და მაკვირდებოდნენო. ეს ინტერვიუ როდესაც მისცა “ალიას”, ცხადია, უკვე იცოდა ფარული თვალთვალის შესახებ, თუმცა მაინც უნდოდა მეორე ვადით დეპუტატობა და იმედიც ჰქონდა, რომ “ოცნების” სიაში მოხვდებოდა.
2016 წელი, ავტორი ნინო სამხარაძე
ვინ ვეღარ მოხვდება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში, დაახლოებით უკვე ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგარიშს უწევს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიას “რესპუბლიკელებს” – ლევან ბერძენიშვილმა პრემიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ მეჭიაურს ვერ ერევა და როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებსო. შეგახსენებთ, მეჭიაური ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით აცხადებდა, ჩვენ ვერ შევალთ ნატოში და ეს წვრთნები კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდება რუსეთისთვისო. ამის გამო მეჭიაური როგორც აფთრებმა, ისე დაგლიჯეს “რესპუბლიკელებმა”, მისი დაცვა არ უცდიათ არც პარტიის სხვა ლიდერებს, კვირიკაშვილმა თქვა, რომ ვინც ხელისუფლების მიერ აღებული კურსის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს, მათი ადგილი “ქართულ ოცნებაში” არ არის. დიდი ხანია ლევან ბერძენიშვილი აგდებულად მოიხსენიებს “მრეწველთა პარტიის” ლიდერს გოგი თოფაძეს, პარტია “ქართული ოცნების” წევრებს – თამაზ მეჭიაურსა და სოსო ჯაჭვლიანს, ამბობს, რომ მათი ადგილი არ არის მმართველ გუნდში და მოითხოვს დაუყოვნებლივ მათ გარიცხვას. ბერძენიშვილის სამიზნე იყო და რჩება ჯაჭვლიანი. შეგახსენებთ, რომ ბერძენიშვილმა სოსო ჯაჭვლიანს შეუთვალა, – შემიძლია ჩემი ნათარგმნი წიგნები დავაწყო და ყველა წიგნის ერთად აწევა სოსო ჯაჭვლიანის ძალის მქონე კაცსაც კი გაუჭირდებაო. ეს იყო პასუხი იმ განწყობაზე, რომ “რესპუბლიკელების” ადგილი კოალიციაში არ არის. მეჭიაური-ხიდაშელის სკანდალურ დაპირისპირებაზე სოსო ჯაჭვლიანმა “რესპუბლიკელებს” შეუთვალა, ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო.
“ალიას” კითხვებს პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც პარტიის ყრილობის დაწყებამდე “ცენტრ პოინტისგან” დაზარალებულმა ქალბატონებმა ალყაში მოიქციეს და დახმარებას სთხოვდნენ. 14 მაისი ჯაჭვლიანისთვის მინიექსცესებით დაიწყო.
– არასდროს გავქცევივარ პრობლემებს, ჩემთან მოვიდნენ “ცენტრ პოინტისგან” დაზარალებული ქალბატონები, როგორც “ოცნების” დეპუტატთან, და მთხოვეს დახმარება, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად შევხვდები.
– მკითხველისთვის გასაგები რომ გახდეს, თქვენ თავდებში ჩაუდექით “ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელებს, რომლებმაც დააზარალეს ადამიანები და სწორედ თქვენი და სხვა დეპუტატების წყალობით მათ სასჯელი არ მიუსაჯეს. რა ფორმატით აპირებთ მათ დახმარებას?
– მზად ვარ, დედა ავუდუღო იმათ, ვინც დაზარალებულებს რამეს შეჰპირდა, ვინც მათ წინაშე დააშავა და თუ მე ან სხვებს დანაშაული მიგვიძღვის, პასუხი ვაგოთ. მე, სოსო ჯაჭვლიანი, ვერავის დავიცავ, დავიცავ მხოლოდ სიმართლეს. სიმართლე არის შემდეგში, თუ “ცენტრ პოინტმა” ეს ადამიანები აზარალა, კეთილი ინებოს და გააკეთოს ის, რაც საჭიროა. ჰოდა, თუკი ხელი მოვაწერე თავდებობაზე, რომ ვიღაცა ციხეში არ ჩაჯდეს… ისე, იცით, რეალურად ხელი რას მოვაწერე? რომ გაირკვეს რეალურად სიტუაცია და მოხდეს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა.
– გადავიდეთ “ქართული ოცნების” ყრილობაზე. ანეკდოტებს ჰყვებიან, ზოგმა ვერ გაიგო, რა მოხდა რეალურად ყრილობაზე, ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ თუ გიორგი კვირიკაშვილი? რეალურ ამბავს გეტყვით. მაგალითად, სამტრედიის საკრებულოს წევრმა ილია მჟავიამ ყრილობიდან ის გაიგო, რომ “ოცნებამ” თავმჯდომარედ ღარიბაშვილი აირჩია და კიდევ, ძალიან ბევრი “ნაციონალი” გყოლიათ დარბაზში, ისეთები, ვისაც ცალი ფეხი პაატა ბურჭულაძის პარტიაში აქვს, რა ხდება? როგორ ფიქრობთ, თქვენი ადგილი განახლებულ “ქართულ ოცნებაში” დარჩება?
– პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ვინც წარადგინეს, მათ მივესალმები. კარგია, როცა ხდება განახლება, მომწონს მათი განათლება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, ამას ნამდვილად მივესალმები. ჩვენი “ქართული ოცნების” გუნდი, რომელიც შეიქმნა 2011 წელს, იქიდან მოყოლებული ჯერჯერობით, ჩვენ ვართ და ასე მინდა, რომ ვიყოთ, “ქართული ოცნების” წევრები. თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს დაცვაში, თავდასხმაში, ზოგი შეიძლება იდგეს კარებში და ა.შ. სხვადასხვა პოზიციებზე დგომა მისაღებია, რაც, რა თქმა უნდა, გუნდის გადასაწყვეტია. აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს გუნდმა ვინ სად, რომელ პოზიციაზე იდგება იმისთვის, რომ დაიცვას და განავითაროს პარტია. კარგია, როცა პარტიის ლიდერები საკუთარი გუნდის წევრებთან საუბრობენ ამ თემებზე, თუ ვის სად მოიაზრებენ. საბოლოოდ, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ვინც პოლიტსაბჭოს წევრებად დაასახელეს ყრილობაზე, ჩემთვის მისაღებია. ამასობაში საჭიროა, შენმა გუნდმა დაგარწმუნოს, სად გხედავს და სად არის შენი ყოფნა აუცილებელი. ჯერჯერობით საპარლამენტო სია არ არის ჩამოწერილი, ვინ სად და როგორ უნდა იყოს, ყრილობაზე მხოლოდ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა წარმოადგინეს. 21-კაციანი საბჭოს წარდგენისას არ გამჩენია კითხვა, რატომ არის ესა თუ ის პიროვნება აქ და არა სხვა. ეს უკვე კარგია…
– წყალგამყოფი გავლებულია – თამაზ მეჭიაური, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი და სხვა თქვენი თანამოაზრეები “ქართული ოცნების” სიაში აღარ იქნებიან. ეს დაადასტურა პრემიერმა. ადამიანების, ვინც ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, ადგილი “ქართულ ოცნებაში” აღარაა.
– მინდა პრემიერს ვკითხო, ვის და რატომ ვეწინააღმდეგები, “ქართულ ოცნებას” ევროპისკენ გეზი აქვს აღებული, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ მეჭიაური, პეტრე და პავლე კი არ ეწინააღმდეგება ამ გეზს, აღებულ გეზს ეწინააღმდეგება და პრობლემებს ქმნიან ადამიანები, ვისაც ჩვენი ნატო-ში შეყვანა ხელეწიფება. მაგალითად, გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გააკეთა ცნობილი განცხადება და ასევე გაიმეორა ნატო-ში ამერიკის ელჩმა, რომ ნატო არ აპირებს გაფართოებას და ამ ეტაპზე საქართველოს ადგილი იქ არ არის, იგივე თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც არ აპირებს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაჭიროს, იგივე თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომ ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება. ახლა ვსვამ კითხვას, სოსო ჯაჭვლიანი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თუ ისინი, ვინც ჩამოვთვალე? რა გინდა ერთია, მაგრამ რა შეგიძლია, სხვაა. მაგალითად, მინდა ავხტე ორ მეტრზე, მაგრამ ვიღაცა მეუბნება, – რომც ახტე, მაინც არაფერი გამოგივაო, დაახლოებით ასეთ ვითარებაში ვართ. ჩვენ კი გვინდა ნატო-ში შესვლა, მაგრამ იქიდან გვეუბნებიან, ნატო ახალ წევრებს აღარ იმატებსო. მეჭიაური, ჯაჭვლიანი, თოფაძე, ვინც არ უნდა იყოს, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ “ქართულ ოცნებაში” დემოკრატია კრატუნობს, დემოკრატიის კრატუნი გემრიელია და ყველა თავის აზრს გამოხატავს. ჩვენ ახლა აზრთა ჭიდილში ვართ, საბოლოოდ, რა პოზიციაზეც ჩამოყალიბდება უმრავლესობა, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველა პოზიციას დავეთანხმოთ, ეს არის დემოკრატიის ანი და ბანი. ისე კი არა, ვიღაცა რომ გამოვა და იტყვის – “ჰაილ, გიტლერ!” და ყველამ ჩესტი ავუღოთ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა, კეთილი ინებონ და შეეგუონ განსხვავებულ პოზიციებს, ხოლო როცა გუნდი შეჯერდება, ვინც საერთო პოზიციას არ დაეთანხმება, ის პარტიიდან წავა ნელი გაზით.
– პრემიერ-მინისტრმა მეჭიაურს კარისკენ მიუთითა, დროა, თავად მიიღო გადაწყვეტილებაო. სხვათა შორის, სავარაუდოდ, თქვენც გგულისხმობდათ, როგორც მეჭიაურის თანამოაზრეს. რას აპირებთ?
– თითოეული ჩვენგანი თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა ჩემზე იტყვიან, პირადად გავცემ პასუხს ყველას… და თუკი პარლამენტში ვერ მოვხვდები, რომ გითხრათ, ამის გამო ამაღამ არ დამეძინება-მეთქი, დამიჯერებთ?!. როგორც წესი, ადამიანებს უნდა დაელაპარაკო, მოისმინო მისი პოზიცია და გუნდის ლიდერმა მერე მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს სურს, ვირტუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ეს მისი პრობლემაა. როცა მოვისმინე “რესპუბლიკელების” მოთხოვნა პარტიიდან ჩვენი გარიცხვის შესახებ, ისე გავმხიარულდი, მეტი არ შეიძლება. ყველამ თავის მამიდას მოუაროს. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი სახელი – დოლი ჯაჭვლიანი, უპატიოსნესი ქალია, ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელი და მიხედონ მათ, ნუ ერევიან სხვის პარტიაში. ვის საქმეში ერევიან ბერძენიშვილები, წადით რა, “რესპუბლიკელებს” მიხედეთ და ჩვენს ოცნებებში ნუ ერევით… და თუ “რესპუბლიკელები” უფრო მნიშვნელოვანი არიან “ოცნების” დეპუტატებზე, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს “ოცნებას” “რესპუბლიკელები”.
– მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე ანგარიშს უწევს “რესპუბლიკელებს” და სასწორის პინა მათ სასარგებლოდ იხრება, დავით უსუფაშვილი არ დაესწრო ყრილობა, დიდი ალბათობით, დაგიკიდათ. რატომ?
– არ მოვიდნენ იმიტომ, რომ – იმიტომ… ამაზე მეტ პასუხს არ გავცემ. თუ იმ ულტიმატუმებს გაიზიარებს და გაითვალისწინებს “ქართული ოცნება”, რასაც “რესპუბლიკელები” აყენებენ, ეს იქნება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკა ისეთი რაღაც ყოფილა, თურმე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ წარმოგიდგენია. ყველაზე მთავარი, ალბათ, პოლიტიკაში იცით, რა არის? შეასრულო ხალხის დაკვეთა…
– რას მეუბნები, ვის ახსოვს ხალხი? როგორც წესი, ყველა ხელისუფლებას ხალხი ფეხებზე ჰკიდია…
– მაგალითად, მე მახსოვს ხალხი, მათთან შეხვედრას არ გავურბივარ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილო და გავითვალისწინო მათი მოთხოვნები.
– და მაინც, რას გააკეთებთ იმ შემთხვევაში, თუკი “რესპუბლიკელების” ულტიმატუმს დააკმაყოფილებს “ქართული ოცნების” ელიტა?
– მოდი, ასე გავაკეთოთ, ახლა მე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს პიროვნება გახლავთ ადამიანი, ვინც ჩვენ ამ ბრძოლაში დაგვიძახა: ბატონო ბიძინა, თქვენ ამ ბრძოლაში დაგვიძახეთ იმ ადამიანებს, ვისაც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაგვიდგამს, აი, ამ ადამიანებს გაფრთხილება სჭირდება!. ჩვენ შემოვედით იმ ბრძოლაში, რასაც მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ახლა კი სასაცილოა ზოგიერთებისთვის, სასაცილოა ის, რომ მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ფაქტობრივად, თავი გაწირა, “ქართულ ოცნებას” რომ არჩევნებში წაეგო, თითოეული მათგანი, ფაქტობრივად, დაღუპული იყო, ვინც ამ ბრძოლაში უანგაროდ შემოვიდა. ამიტომ გთხოვთ, ჩემი მიმართვა ყურადღებით წაიკითხოთ, ჩვენ ბრძოლაში შემოვედით, ამ სამი წლის განმავლობაში ცუდად თუ კარგად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი ერთგულად გავაკეთეთ, მაგრამ ლაფს გვასხამენ. ლაფს გვასხამენ იმიტომ, რომ არ აღდგა სამართლიანობა ისე, როგორც საჭირო იყო. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არ გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი – ღირსების აღდგენა. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ ბრძოლაში მაშინ შემოვედით და დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატები ვართ, ახლა ვიმყოფებით დასისხლიანებული და კვლავ, ბრძოლაში. გთხოვთ, ყველას ანგარიში გაუწიოთ, ბატონო ბიძინა, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ბრძოლის ველიდან გასვლას არ ვაპირებთ. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ბერძენიშვილებმა შეცდომაში შეგიყვანონ, როგორც მაშინ არ ვაპირებდით ბრძოლის ველიდან გასვლას, არც ახლა ვაპირებთ… და იცით, რატომ? დამარცხებულები, ნაგინები და თავზე ლაფდასხმულები არ გვინდა ამ ბრძოლიდან გავიდეთ… ჩვენ, ყველა, ბრძოლას გავაგრძელებთ, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა და თავი გადავდეთ, მაშინ არავინ ჩანდა, უკუნეთი იყო. ვიბრძოდით და მაგრად გვეკიდა ერთ ადგილას სააკაშვილის რეჟიმი და შენ ძალიან კარგად იცი, როგორ მეკიდა… და ზოგიერთებს იცით, ახლა რა მიაჩნიათ სასაცილოდ? მერაბ შათირიშვილი, ლუკა კურტანიძე და მე რომ წამოვედით ჯაჭვებით დასავლეთიდან სამებამდე ფეხით ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 260 კმ-ში ოთხი კაცი ვერ შევკრიბეთ, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი… ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ. მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, რომ ამ ადამიანებს ანგარიში გაუწიოს, ბერძენიშვილებს და მათ მსგავსებს ჩვენს თავმოყვარეობას ნუ გაასრესინებთ. მართალია, ვერავინ ვერავის გასრესს, მაგრამ სიმართლე არის ერთი, როცა შენ შედიხარ ბრძოლაში და შემდეგ, სურთ თავლაფდასხმული გაგტყორცნონ, ეგ ამბავი არ გამოვა. ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” წევრები და წევრებად ვრჩებით მანამ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებთ. სამართლიანობაა აღსადგენი, ეს ნარჩენებია გასატანი და პროცესები, რაზეც პრეტენზია აქვს ამომრჩეველს, ბოლომდეა მისაყვანი.
– თქვენი საკითხი გადაწყვეტილია, “ქართული ოცნების” სიაში ვეღარ მოხვდებით, გამოდის, რომ თამაზ მეჭიაურთან ერთად ახალ პარტიას ქმნით.
– ჯერ სია არ არის დაწერილი, არავისთვის ცნობილი არ არის, ვინ მოხვდება სიაში და ვინ – არა, გეუბნებით იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ჩემს განცხადებაში გულწრფელი ვარ და ამიტომ მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველამ ერთად დაფიქრებით უნდა გავიარ-გამოვიაროთ ყველა დეტალი, პირადად მე და დეპუტატების დიდი ნაწილი ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არ გვაქვს დამთავრებული. სხვა პარტიაში წასვლას არ ვაპირებ. მე მოვედი “ქართულ ოცნებაში” იმიტომ, რომ ფაშისტური რეჟიმი და დიქტატურა დაგვემარცხებინა. ეს იყო კოალიციის ძირითადი ამოცანა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. არ მინდა ის აზრი განვითარდეს, კოალიცია “ქართული ოცნების” გარშემო, რითაც დაიწყო თავისი მოღვაწეობა. გახსოვთ, ალბათ, პირველი კანონი “ბუსუსებიან პრეზერვატივზე” მიიღეს, ეს ლევან ბერძენიშვილის იდეა იყო. ჰოდა, ქვეცნობიერში ხომ არ გულისხმობენ, რომ ვიღაც ამ “ბუსუსებიანი პრეზერვატივის” როლში გამოვიდეს. სიმართლეს ვერავინ დაამარცხებს და ამიტომ, ბატონებო, არ მინდა “რესპუბლიკელების” ეს იდეა თქვენ განავითაროთ, თორემ ნახმარები თავად აღმოჩნდებით.
კომენტარები