სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
“რუსული კანონის მიღება არის დანაშაული ყველა მოქალაქის და ქვეყნის წინაშე. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.
თუმცა ამ რუსული კანონის მიღების სავარაუდო შედეგები სოციალურ ჭრილში განსაკუთრებით საგანგაშო იქნება. ფაქტია ყველაზე მეტად დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, მარტოხელა მშობლები, ხანდაზმულები, უმცირესობების წარმომადგენლები, ბავშვები, სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე პირები. მზრუნველობის და აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩება ათიათასობით ადამიანი. დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიღება. სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩება ყველა ის პირი ვისაც არ აქვს საშუალება ადვოკატის დაქირავების. არაფორმალური განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის თუ ინფორმაციის მისაღებად და ცნობიერების გასაზრდელად უბრალოდ აღარ იარსებებს.
არადა რამდენ თქვენგანს უსარგებლია ამ სიკეთით სრულიად უსასყიდლოდ, სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათი მომართული ფინანსური რესურსების ხარჯზე. რამდენმა ადამიანმა შეძელით მცირე ბიზნესის წამოწყება, რამდენმა შეიძინეთ მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარები, რამდენმა შესაბამისი საჭირო დანადგარები შეიძინეთ სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შედეგად? რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ მხარდაჭერის შედეგად საქართველოში და არ მოუწია იძულებით ემიგრაციაში წასვლა, როგორც ათიათასობით სხვას. სწორედ იმ ორგანიზაციების გადმორიცხული მილიონობით ევროს დამსახურებაა საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა საქართველოს არაერთი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის მოსახლეობის.
ამიტომ ეს კანონი ყველას გეხებათ. გამოხატეთ პროტესტი, შეეხმიანეთ იმ ორგანიზაციებს ვისაც ოდესმე თქვენთვის მხარი დაუჭერია და დაუდექით გვერდით. უზრუნველყავით რომ სხვამაც შეძლოს გასაჭირში მათი არსებობით სარგებლობა. საფრთხე რეალურია და ემუქრება თავისუფალ მედიას, სადაც ხშირად ისმის თქვენი ხმა, მაშინ როცა ხელისუფლებას თქვენი არ ესმის.“
კომენტარები