ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით,სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.
“დღეს სოციალურ დახმარებაზე მომართვიდან სამი თვე სჭირდება იმას, რომ დაგენერირდეს ქულა და მიიღოს მოქალაქემ პირველი გასაცემელი. ბუნებრივია როცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს ეს საკმაოდ დიდი დროა, როცა დახმარებას ვერ იღებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირებაში ცვლილებას, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეს პერიოდი. კერძოდ, სოციალური დახმარების მიღებიდან გაცემამდე დრო ერთ თვემდე შემცირდეს.
ეს მეთოდოლოგია, რომლითაც მოქალაქეების მოწყვლადობის შეფასება ხდება 2015 წელსაა შემუშავებული. განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები ისეა შეცვლილი, რომ საჭიროა ამ მეთოდოლოგიის ცვლა, რომ სწორად და კარგად დავინახოთ საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტებთან ერთად 2015 წელს შემუშავდა და ითვლება, რომ წარმატებულია, ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად მეთოდოლოგიის დამიზნება უარესდება. ჩვენი მიზანია კარგად, დროულად და სწორად დავინახოთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროება. ამიტომ სხვადასხვა ცვლადებია და განმაპირობებელი კრიტერიუმები რომლითაც ფასდება ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული ქულების და კრიტერიუმების მიხედვით.
დღეს თუ მცირე რაოდენობის კრიტერიუმებით ხდება შეფასება, გაფართოვდება კრიტერიუმების მრავალფეროვნება და უკეთესად მოხდება საჭიროებების დანახვა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბაზაში და ვერ დაინახა სისტემამ მათი მოწყვლადობა, იმ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ სისტემამ ეს სწორად დაინახოს.”, – ამბობს ბარკალაია.
კომენტარები