სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან. როგორც „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ვინაიდან ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელი პიკური სიტუაცია.
„სანამ მარნეულის შემთხვევა მოხდებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. მეოთხეული გადაცემები უახლოეს პერიოდში ბევრი დაფიქსირდება. მატება მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, რომ უახლოეს ერთ კვირაში დრამატული მატება იყოს. რაც შეეხება პიკს, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელია პიკური სიტუაცია. პაციენტების მატება იქნება, თუმცა, თუ ამ დინამიკით და ტემპით წავალთ, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი და არ გვექნება ძალიან ბევრი მეოთხეული გადაცემა, როდესაც წყარო იქნება უცნობი“, – განმარტა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის განცხადებით, ამჟამად მათ კლინიკაში 31 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანც ოთხის მდგომარეობა მძიმეა. მათ აქვთ პნევმონია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რის გამოც ითვლებიან მძიმე პაციენტებმა. თუმდა დინამიკაში მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, მაგრამ საყურადღებოა და იმყოფებიან შესაბამის მკურნალობაზე.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, როგორც ძველების, ისე ახლების, არის სტაბილური და ისინი ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. უახლოეს დღეებში ველოდებით სავარაუდოდ, 3-4 პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა. მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ საღამოს დატოვა კლინიკა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235
კომენტარები