კახეთის სახელმწიფო რწმუნებული სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ირაკლი შიოშვილი იმ ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს აღწერს, რომელიც გუშინ ყურადღების ცენტრში მოხვდა.
განცხადება ცოტა ხნის წინ კახეთის მხარის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
„მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სამსახურებრივი ავტომობილით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ვბრუნდებოდი თელავში. კონკრეტულად, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ შემთხვევის შედეგად, დავშავდი პირადად მე და დაზიანდა სამსახურებრივი ავტომობილი. ამჟამად, გავდივარ სამედიცინო მკურნალობის კურსს თბილისში.
რაც შეეხება, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებულ ცილისმწამებლურ ტყუილსა და დეზინფორმაციას, რომ თითქოს მე, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ღონისძიებიდან ვბრუნდებოდი, კონკრეტულად, წინანდლიდან თელავში და მაშინ მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და თან ვიმყოფებოდი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არის სიცრუე.
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ ვარ ალკოჰოლის მომხმარებელი. სულ რამდენიმე დღეა გასული, რაც კორონავირუსი მოვიხადე და ამჟამად, გავდივარ პოსტკოვიდური შედეგების მკურნალობას. შემთხვევა მომიხდა კვირას, 12 დეკემბერს, საღამოს საათებში, ხოლო წინანდალში, „ქართული ოცნების“ ღონისძიება შაბათს, 11 დეკემბერს გაიმართა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ჯგუფმა გადამიყვანა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“. რამდენიმე საათის შემდეგ, კი გადამიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ფიზიკურად ვერ შევძლებდი მისვლას, ვერც თელავის საავადმყოფოში და ბუნებრივია, არც არავის დაუმალავს ინფორმაცია ჩემი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.
მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ შემთხვევის გამო ნამდვილი გულშემატკივარი აღმოჩნდა და გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა. დამიჯერეთ, თქვენ გაცილებით მეტი ხართ და ვერ შეგედრებათ ვერ ცერთი ცილისმწამებელი, მთელი ცხოვრება, საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებისთვის სხვაზე ტყუილების შეთხზვით დაკავებული მეზღაპრე“
შეგახსენებთ, გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, რომ სახელმწიფო რწმუნებული ავარიაში, ნასვამ მდგომარეობაში მოყვა და ის წინანდალში გამართული შეხვედრიდან ბრუნდებოდა.
კომენტარები