პროკურატურამ გუდაურის საქმეზე გამოძიების შედეგებზე ისაუბრა – შეგახსენებთ, გუდაურში 29 წლის ბიჭი, თამაზ გორთამაშ ყოფილი სამხედროს, მერაბ კობიაშვილის გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა – შემდეგომ გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც სჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს სცემენ – საზოგადოება ითხოვდა იმ ადამიანების დასჯას, ვინც კობიაშვილს სცემდა.
“ალიას” მაშინ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ჩხუბს წინ უძღოდა სხვა ჩხუბი და რომ კიდევ იყო ერთი პირი, რომელიც ასევე ნაცემი იყო, რომელიც ქუჩაში დატოვეს ნაცემი.
დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა, რადგან, როგორც სამედიცინო ექსპერტიზითა და ჩვენებებით გაირკვა 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე გუდაურში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა.
19 წლის მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
“განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.”
შესაბამისად, მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა – “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება ძალადობისთვის – 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.”
პარალელურად, პროკურატუმად ცალკე დაიწყო ძიება მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს – მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.
კომენტარები