სტამბოლში „შუშანიკის წამების“ თურქულენოვანი თარგმანი (Şuşanik) გამოიცა. ქართული ლიტერატურის ეს უძველესი ნიმუში, „პირველი ქართული რომანი“ (როგორც თამაზ ჭილაძემ უწოდა) თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ლიტერატორმა და მკვლევარმა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა თარგმნა.
მანამდე ფარნა-ბექა ჩილაშვილმა ქართულიდან თურქულად თარგმნა ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძისა და სხვა ქართველი ავტორების ნაწარმოებები.
„ბოლო ხუთი წელია ქართული ლიტერატურის მიმართ თურქეთში ინტერესი თანდათან გაიზარდა. დიდი ხანია ვთარგმნი ქართულ ლიტერატურას, იზრდება გამომცემლობების ინტერესიც, ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენით. ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს თარგმანებს. ყველაზე მეტად ერლომ ახვლედიანის რომანს – „კოღო ქალაქში”, – ამბობს მთარგმნელი.
„ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე“, – ეს სიტყვები ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალს, მწერალ ფარნა-ბექა ჭილაშვილის (ფაჰრედინ ჩილოღლუს) ეკუთვნის. იგი 1956 წ. 5 ოქტომბერს დაიბადა თურქეთში, ორდუს ილის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი, მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონის ერთ-ერთ სოფელში დამკვიდრებულან.
ფარნა ბექა ჩილაშვილის ქართულენოვანი შემოქმედება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმიტომაც, რომ ჩვენებურთა მთელი ისტორიის მანძილზე იგი ფაქტობრივად პირველი პროფესიონალი ქართველი მწერალია, რომელმაც სცადა თურქეთში ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნა.
„ნოსტალ.ჯი“
კომენტარები