“თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღოლზე საუბრისას, ამბობს:
ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ჭყონდიდის ეპარქიაც არის მიტაცებული ბოროტი ძალების მიერ. იმიტომ, რომ აბსურდი იყო ჩემი დასჯა შურისძიებით, რადგან ეს იყო წმინდა წყლის შურისძიება და კანონიკურ სამართალთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა პატრიარქის მიერ გამოცხადებულ, ჩემს მიმართ უკანონოდ გამოტანილ ე.წ. “ოთხგზის მსჯავრს”. შესაბამისად იქ, მუდმივად ეპისკოპოსის გამწესება იყო დანაშაული და კანონის დარღვევა. შესაბამისად, ეპისკოპოსად წოდებული სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელიც არის ცილისმწამებელი, უპასუხისმგებლო, ანტიქრისტიანი და ბოროტი ძალების მიერ მართული, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. მისი სახით დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში უკანონობაა, სუფევს ბოროტება და რა თქმა უნდა, ისევე, როგორც აღმშენებლობის თვალსაზრისით, სულიერი თუ ფიზიკური თვალსაზრისითაც, ეს ადამიანი ჭყონდიდის ეპარქიას მოევლინა, როგორც დამაქცევარი და დამანგრეველი.
ის არის ცილისმწამებელი, მატყუარა და ცრუ ეპისკომოსი, შესაბამისად, მისი იქ არსებობა არის ეპარქიის მიტაცება და უკანონობა.
საქართველოს ეკლესიაში არსებული პრობლემები, მხოლოდ სტეფანე კალაიჯიშვილს არ უკავშირდება. სამწუხაროდ, პრობლემა გლობალური და სისტემურია. სტეფანეც ამ მახინჯი სისტემის, უკანონობის, ცრუქრისტიანობისა და უსამართლობის შემადგენელი ნაწილია. რაც, 2007 წლიდან ფიზიკური, თუ სულიერი აღმშენებლობა მიმდინარეობდა, ბოროტ ძალებსა და ანტიქრისტეს მესვეურებს შეშურდათ და ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ამ შურის გამოვლენა მოხდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მხრიდან. შურით შეპყრობილი ბოროტი ძალების იარაღი აღმოჩნდა პატრიარქი, სტეფანე, გრიგოლ კაცია, სინოდის წევრები და ეპარქიაში არსებული სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, რომ დასრულებულიყო ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა, ბერ-მონაზონთა გამრავლება და წესრიგის არსებობა. ეპარქია ამ კუთხით იყო არასამართლიანი. მე ვამბობდი, რომ: “თქვენ მე მომთხოვეთ პასუხი ნებისმიერ დარღვევაზე, არ მაპატიოთ დანაშაული და იყავით ჩემს მიმართ ულმობელი, მაგრამ მეც ვიქნები მკაცრი, მომთხოვნი და სამართლიანი თქვენს მიმართ!” სამღვდელოებას ვგულისხმობდი. თამარ მეფისეული პრონციპით, როდესაც მან საეკლესიო კრებაზე მოუწოდა ერს: “არავინ დაზოგოთ, ამხილეთ ყველა, ჩემით დაიწყეთ მხილება. არავის მოერიდოთ დიდებისა და პატივის გამო, მაგრამ არავინ დაჩაგროთ დიდებისა და პატივის არ ქონის გამო!” ეს არის გამოსავალი და ეს გამოსავალი პატრიარქს შევთავაზე 2018 წლის სინოდის სხდომაზე: “დიდუბის ეკლესიაში საკუთარი ფრესკა, რომ თამარ მეფის გვერდზე გამოსახეთ, მიბაძეთ თამარ მეფეს, გამოდით და თქვით, რომ თქვენით დაიწყოს მხილება”. მაგრამ დადუმდა, ვერ გამცა პასუხი და ასევე, დადუმდა მთელი სინოდიც. ეს იყო რეალურად გამოსავალი. თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, პირველმა პირმა, თამარ მეფისეული, ან დავით აღმაშენებლისეული ნაბიჯი უნდა გადადგას და კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს!
კომენტარები