ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამას ადასტურებს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში გამართული კონფერენცია, ასევე თბილისში ჩამოსულ სტუმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
თბილისში მიმდინარე კონფერენციის სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.
შესაბამისად, კომლევას, რომლემაც თბილისში კონფერენცია გახსნა, დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი:
ფოტო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული კონფერენციიდან
ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის მიერ თბილისში ჩატარებული კონფერენციის დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ ვალენტინა ვიაჩესლავოვნა კომლევამ გახსნა კონფერენცია და მისასალმებელი სიტყვისთვის 5 წუთი ჰქონდა გამოყოფილი და მან შეკრებილებს 11:00 საათზე მიმართა.
არიან მომხსენებლები, რომლებიც დისტანციურად ერთვებიან მოსკოვიდან და ეს დღის წესრიგში ასახულია შემდეგნარიად – “ონლაინ, მოსკოვი, რუსეთი” – მსგავსი ჩანაწერი კომლევასთან დაკავშირებით არ წერია.
კონფერენციის ქართველმა ორგანიზატორმა ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა გულბაათ რცხილაძემ “პირველებს” დაუდასტურა, რომ რუსეთიდან თბილისში 2 ადამიანია ჩამოსული – “ორი კაცია ჩამოსული რუსეთიდან, პროფესორები არიან”.
კომლევას გარდა, კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და ვისაც, სავარაუდოდ, გულბაათ რცხილაძე გულისხმობდა, იაკოვლევ ალექსანდრ ივანოვიჩია – ისიც მომხსენებელთა რიგებშია.
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთი და მსოფლიო” მიზიდულობის ძალები” დღეს გაიხსნა. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) – ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
კონფერენციის ორგანიზატორები 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაციაა: ევრაზიის ინსტიტუტი და SIKHA foundation (ქართული) და НИИКР (რუსული).
რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია.
ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა.
„ტვპირველი“
კომენტარები