ახალგაზრდა, წარმატებული სტომატოლოგი, ორთოპედი ქეთევან ვეზდენი ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართულებით მუშაობს და უამრავი ადამიანის ღიმილსა და ცხოვრებას ცვლის. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და ყოველდღიურად ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, რათა ფეხი აუწყოს მის სფეროში მიმდინარე მსოფლიო სიახლეებს.
ქეთევან ვეზდენი: მიყვარს ამის წარმოთქმა, რომ მე ჩემი პროფესიით დავიბადე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არავინ გვყავდა ექიმი, მე ბავშვობიდან მხოლოდ ექიმობანას ვთამაშობდი და არასდროს განმიხილავს სხვა პროფესია. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე და მას შემდეგ ევროპის ყველა წამყვანი სტომატოლოგის კურსი გავიარე. ვესწრები ძალიან ბევრ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციას, რადგან ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება, სიახლეების გაცნობა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ძალიან გამიმარჯკთლა ყველა იმ ადამიანში, ვისაც პროფესიული განვითარების გზაზე შევხვდი. ორთოპედიაში პირველად დათო სუხიტაშვილთან ავიდგი ფეხი, დღეს თუ რამე სიახლეა, ზურა გერსამია ყველა ამ სიახლის ძებნაშია, ამ ორ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს განვითარებაში.
დღევანდელ თანამედროვეობაში ღიმილი და მოწესრიგებული პირის ღრუ სოციალური იმიჯის უპირობო წესად იქცა. ლამაზი, ჯანმრთელი ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი გახდა, რამაც ესთეტიკოსი სტომატოლოგები დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და განვითარების გაჩერების უფლება არ გვაქვს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გარდა, ექიმის დახვეწილი გემოვნება და ხედვა დამატებითი კომფორტია პაციენტისთვის. წარმატებული შედეგების მიღებაში ესეც დიდად გვეხმარება.
– პრაქტიკული საქმიანობის გარდა, აქტიურად ხართ ჩართული საგანმანათლებლო სფეროშიც.
– ჩვენ 15 წლის წინ მივიღეთ განათლება, როცა არც ინტერნეტი გვქონდა და არც ონლაინბიბლიოთეკები. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა, თანამედროვე მიდგომებისა და განვითარებული სტომატოლოგიის გასაცნობად საუკეთესო საშუალება საუნივერსიტეტო პროგრამის გაცნობა იყო და დავთანხმდი შემოთავაზებას, ლექციები წამეკითხა. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ ამ უზარმაზარ პროგრამას გავცნობოდი. ამდენად, ჯერ თავად შევისწავლე ყველაფერი, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც შევუთავსე და ახლა უკვე საქართველოს უნივერსიტეტში, ორთოპედიულ სტომატოლოგიას უცხოურ სექტორზე ვასწავლი, სადაც ამერიკის უნივერსიტეტის პროგრამით ვხელმძღვანელობთ. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემი განვითარების პროცესში. ამას ემატება პრაქტიკული გამოცდილება და ვფიქრობ, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა პროფესიონალად ჩამომაყალიბა.
– ძირითადად, რა მოთხოვნებით მოდიან პაციენტები?
– ძალიან ბევრი უცხოელი ან უცხოეთში მცხოვრები ქართველი პაციენტები გვყავს, რომლებიც ჩვენთან ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოდიან. ამერიკასა და ევროპაში განსხვავებული ტრენდებია, მაგრამ ჩვენ ორივეს ვერგებით. მაგალითად, ამერიკიდან ჩამოსულ პაციენტებს სურთ ქათქათა კბილები, თუნდაც არაბუნებრივად თეთრი იყოს, ევროპელი პაციენტების აზრით, უნდა იყოს ისეთი ცვლილება, მაგრამ არა მკვეთრად შესამჩნევი.
– ქართველ პაციენტებს რა მოთხოვნები აქვთ?
– ძალიან მიყვარს ქართველ პაციენტებთან მუშაობა. როდესაც შენამდე მოდიან, ბოლომდე გენდობიან და ყველანაირ რჩევასა და მითითებას ითვალისწინებენ, რაც ექიმებისთვის დიდი კომფორტია. ევროპელების მსგავსად, ქართველ პაციენტებსაც ლამაზი, მაგრამ ბუნებრივი კბილები ურჩევნიათ. როდესაც პაციენტის მოთხოვნაა, კბილი იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.
დღესდღეობით მოწოდებული მასალები ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. მე უმეტესად ვიყენებ 3D პროგრესულ ტრანსლუსცენტურ ცირკონს. წლების წინ ცირკონი ესთეტიკური დანიშნულებით არ გამოიყენებოდა, მაგრამ დღეს ცირკონის უნიკალური მექანიკური და ესთეტიკური შესაძლებლობები იმდენად დაიხვეწა და განვითარდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მასალაა მსოფლიოს მასშტაბით.
– თქვენი წყალობით, ხშირად პაციენტები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორ ახერხებთ ამას?
– განსაკუთრებით მიყვარს მუშაობა 38 წელს ზევით პაციენტებთან. კარგი ესთეტიკური ცვლილება და შედეგი დახურული პირითაც უნდა იგრძნობოდეს და ეს ეფექტი ამ ასაკში ძალიან კარგად ჩანს, ამ პროცედურას გამაახალგაზრდავებელი ესთეტიკური სრული რეაბილიტაციური პროცედურა ეწოდება, წლების მატებასთან ერთად მოკლდება სახის ქვედა მესამედი, ტუჩის კუთხეები მოშვებული და ჩამოწეულია, სახის ასიმეტრია შესამჩნევი ხდება. სრული რეაბილიტაციის დროს ხდება თანკბილვის აწევა და ჩვენ სახის ქვედა მესამედს ახალგაზრდობისდროინდელ და კბილების დაკარგვამდე არსებულ ზომას და დგომას ვუბრუნებთ. ეს ყველაფერი იწვევს სახის პროპორციების აღდგენას და ადამიანი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
– რა სიახლეებია თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში?
– მინდა ვთქვა, რომ დღეს ყველაფერი ციფრულად კეთდება და ხელით შესასრულებელი სამუშაო მინიმუმამდეა დასული, შესაბამისად, მინიმალურია შეცდომების დაშვების ალბათობაც. ციფრული ტექნოლოგია გვაძლევს სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულების შესაძლებლობას. მაგალითად, გამაახალგაზრდავებელი სრული რეაბილიტაციის დროს პირველი ეტაპია ფოტომასალის შეგროვება, მზადდება ციფრული დიზაინი, სადაც გათვალისწინებულია პაციენტის სურვილი, პირის ღრუს მდგომარეობა და ჩვენი ხედვა, ამ სამი კომბინაციის შემდეგ გამოდის ციფრულად შედგენილი დიზაინი, რომელიც ფიზიკურ ჩარევებამდე დროებითი კონსტრუქცის სახით გადაგვაქვს პირის ღრუში და პაციენტს უკვე აქვს საშუალება, წინასწარ აღიქვას, როგორ შეეგუება ცვლილებებს. კორექციების შეტანა ამ ეტაპზევე ხდება ისე, რომ კერამიკული რესტავრაციები სრულფასოვნად აღადგენდეს ფუნქციას, მორფოლოგიასა და ესთეტიკას. მომდევნო ეტაპები სრულდება მკურნალობის გეგმის მიხედვით გათვლილი პროცედურებით (ვინირი, გვირგვინი, იმპლანტი და ასე შემდეგ).
თანამედროვე სტომატოლოგიის მთავარი მიღწევაა ის, რომ მაქსიმალური ესთეტიკის მიღება მინიმალური დაზიანებით შეგვიძლია, მაგალითად, ცოცხალი კბილის ფერის, ფორმის და ზომის შეცვლა ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. რესტავრაციის 99 პროცენტი ცოცხალ კბილზე კეთდება.
დაკარგული კბილის შევსება ხდება იმპლანტით. ასევე, საოცრად დაიხვეწა იმპლანტაციის პროცედურა და დღეს უკვე ეს შესაძლებელია მომენტალურად, კბილის ამოღებისთანავე.
აქვე აღვნიშნავდი, რომ მიუხედავად განვითარებული ტექნოლოგიებისა, უმნიშვნელოვანესია მკურნალობის სწორი დაგეგმარება და პაციენტის სრულფასოვანი ინფორმირება.
– პაციენტები ხშირად უფრთხიან იმპლანტაციას ფინანსების გამო.
– ხშირად პაციენტი სწორად ვერ ახდენს კალკულაციას, მაგალითად, ფიქრობს, რომ ხიდის გაკეთებით ნაკლები დანახარჯი ექნება, რეალურად კი, ხიდის შემთხვევაში იხდის სამი კბილის თანხას, იმპლანტის შემთხვევაში მხოლოდ იმპლანტისას, რაც ჯამში ერთი და იგივე გამოდის, სამაგიეროდ, შენარჩუნებული აქვს ორი საყრდენი ჯანმრთელი კბილი და ბევრად უკეთესად აღდგენილი ღეჭვითი ფუნქცია.
– რა შეგიძლიათ, გვითხრათ ექსპლუატაციის ვადებზე?
– მსოფლიო პრაქტიკით, ექსპლუატაციის ვადა 15 წელია, მე ჩემს პრაქტიკაზე ვისაუბრებ. დაახლოებით 8-9 წელია, რაც ესთეტიკასა და ვინირებზე ვმუშაობ და საკუთარი შედეგებით კმაყოფილი ვარ. სხვისი გაბრწყინებული და მადლიერი ღიმილი ჩემი ბედნიერების მიზეზად იქცა და ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი საქმიანობა.
ნინო მახარაძე
კომენტარები