საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს. დოკუმენტი სავარაუდოდ იქამდეა დაწერილი, სანამ იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შესთავაზებდა, რადგან სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ისევ მოუწოდებს სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი ავალდებულებს, რომ მისი ბოლო მდგომარეობა გაითვალისწინოს, “ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უპასუხოს” და თან 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნა გაითვალისწინოს.
“მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული, მისმა ადვოკატებმა, საფანგეთის დროით სამუშაო დღის ბოლოს მივაწოდეთ სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ და ასევე გავუგზავნეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბერის დასკვნა. 19 ნოემბერსაც, დილით ადრე სასამართლოს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია მიხეილ სააკააშვილის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ის გონზე მოვიდა, მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის რჩებოდა ციხის საავადმყოფოში.
სასამართლოსგან 19 ნოემბერს, გვიან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება გაცხადებული ჰქონდა.
სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიხეილ სააკააშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიტუაციის კრიტიკულობა და მიუთითა მას, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შიმშილობა. მთავრობას დაავალა, რომ ეხელმძღვანელა სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნით. როგორც იცით, ამ დასკვნაში წერია, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს და მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროებოდა სხვა, გამართულად ფუნქციონირებად, მულტიფუნქციურ, ინტენსიური თერაპიის დაწესებულებაში გადაყვანა.
სასამართლოს წერილში ასევე აღინიშნულია, რომ მათ, ჩვენი მოთხოვნა უკვე გადაგზავნილი ჰქონდათ მთავრობისთვის” – აღნიშნავს ადვოკატი თამთა მურადაშვილი მთავარ არხთან საუბარში.
კომენტარები