ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების, „ქართული ოცნების“ შერჩეული კანდიდატების დანიშვნას, ოპოზიციის ხუთმა დეპუტატმა მისცა ხმა. რა ვიცი, ეს საპარლამენტო ოპოზიცია თან მოსამართლეთა დასანქცირებას ითხოვს, თან ვითონ ებრძვის მოსამართლეთა “კლანს“ და საქმე–საქმეზე როცა მიდგა, „კლანის“ მოწონებულ კანდიდატებს მისცეს ხმა. ამას, პირადად ჩემს ლექსიკონში, პოლიტიკური პროსტიტუცია ჰქვია. თქვენ რას იტყვით?
– რა უნდა ვთქვა, ვეთანხმები თქვენს შეფასებას. ძნელი გასაგები არ არის, რაც მოხდა. ეს ყოველივე, სამწუხროდ, არაერთხელ ვნახეთ. ლევან იოსელიანი აირჩია სახალხო დამცველად ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად და გინდა იოსელიანი აურჩევიათ და გინდა ირაკლი კობახიძე, იგივეა. ჩვენ კარგად გვახსოვს, ოპოზიციის მონაწილეობით, „ლეიბორისტულ პარტიას“ როგორ წაგვართვეს დაფინანსება, კომისიის წევრები ყველა საარჩევნო დონეზე, კანონებში შეიტანეს ცვლილებები, შეცვალეს ცნებები, რომლებიც პერსონალურად ჩვენი პარტიის დისკრიმინაციას ეხებოდა, შალვა ნათელაშვილს ურცხვად შეუწყვიტეს დეპუტატის უფლებამოსილება და ა.შ. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ეს თანამშრომლობა ამავე პარლამენტში, ხან ევროკომისიის მოთხოვნილი 12 პუნქტის შესრულებით იფუთებოდა, ხან შარლ–მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობით. რეალურად, პარლამენტის ბოიკოტირების დარღვევა, რომელსაც ეს ხელისუფლება უნდა ჩამოეშალა და უმოკლეს ხანში მივიღებდით ვადამდელ არჩვევნებს, იყო დიდი დანაშული. ეს რომ მომხდარიყო, გვეყოლებოდა ახალი ხელისუფლება და ქვეყანა აღარ იდგებოდა იმ პრობლემების წინაშე, დღეს რომ დგას. სამწუხაროდ, ოპოზიცია შევიდა პარლმენტში იმ მოტივებით და სურვილებით, რასაც იქ ანხორციელებს. ეს პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის ქარვასლა, სადაც მიდის გაცხოველებული ვაჭრობა ქვეყნისა და ხალხის ბედით. ახლა ცდილობენ, ამ 5 დეპუტატზე გადატეხონ ჯოხი, ვინც ხმა მისცა იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას, ამ დროს არანაკლები აქვთ გაკეთებული სხვებს. სამწუხაროდ, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ეს „თანამშრომლობა“ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან არჩევნებამდე, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ბევრჯერ დასჭირდება ამ ოპოზიციის ხმები რეალური ოპოზიციისთვის პრობლემების შესაქმნელად, სხვა ბინძური საქმეების გასაკეთებლად.
– რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რას იტყვით? შეიძლება, ეს ისეთი საკითხებია, რასაც დადებითი და უარყოფითი მხარეებიც შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას, მეტი სიფრთხილე გვმართებს. თუ აქედან რაიმე ეკონომიკური ხეირი გვექნება, ისიც შეიძლება დროებითი იყოს, არა?
– უვიზო რეჟიმი, ორმხრივი პირდაპირი ფრენები, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობ უნდა იყოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის, ამაში ცუდი არაფერია. არც 2006 წელს უნდა შემოეღო სავიზო რეჟიმი რუსეთს საქართველოსთან. მაგრამ არის კონტექსტი და კონკრეტული მდგომარეობა. პირველი, რაც სწორედ ახსენეთ, ეს არის ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მიერ. რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განხორციელებული აქვს ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენიციდი. ეთნიკური ნიშნით დახოცეს და გამოყარეს ქართველები ჩვენი ტერიტორიებიდან და დღესაც აგრძელებს ოკუპაციას, მცოცავი ოკუპაციის სახით. მეორე მნიშვნელოვანი კონტექსტი არსებობს დღეს, თუ რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. უკრაინის ომის შემდგომ, რუსეთის მიმართ დაწესდა სანქციები. ამით დასავლეთმა, ფაქტიურად, „რკინის ფარდა“ ჩამოუშვა რუსეთთან. მართალია, თავიდან რუსეთი აცხადებდა, რომ სანქციებს მისთვის დიდი გავლენა არ ექნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სანქციებმა სერიოზული პრობლემები შუქმნა სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. რუსეთმა დაიწყო სანქციების გვერდის ავლით სხვა საშუალებების მოძებნა. ასეთი იყო შუა აზია, მაგრამ შუა აზია რუსეთიდან შორს არის და იქიდან ტვირთების რუსეთში გადატანა ძვირი ჯდებოდა. ამ დროს აამუშავეს თავიანთი სატელიტი ივანიშვილი, საქართველო ყურის ძირშია რუსეთთან, აგერ სახმელეთო, საჰაერო სივრცე, ზღვა და ამ გზით შეუძლიათ გვერდი აუარონ სანქციებს და მიიღონ ყველა ის პროდუქცია, რისი დეფიციტიც სანქციების შემდეგ შეექმნა რუსეთს. ასევე, საქართველოში მოხდება რუსული „შავი ფულის“ „გათეთრება“. რეალურად, რუსეთმა სათავისოდ გააკეთა ყველაფერი, საქართველო და მისი მოქალაქეები, რუსეთში მცხოვრები ქართველები საერთოდ არ ადარდებს რუსეთის ხელისუფლებას.
– უკრაინის ომის დაწყებამდე რომ შემოეღოთ უვიზო მიმოსვლა და აღედგინათ რუსეთიდან ფრენები, ეს და ბევრი სხვა კითხვები არ გაჩნდებოდა, არა?
– არ გაჩნდებოდა, რა თქმა უნდა. ვიმეორებ, არც 2006 წელს არ უნდა შემოეღო პუტინს სავიზო რეჟიმი, რომლითაც, როგორც თავად თვლის, დაგვსაჯა. ჩვენ გარკვეული ურთიერთობები გვქონდა, თანაცხოვრების ასწლეულები გვაკავშირებს და ნაცვლად იმისა, რომ გაეცნობიერებინა რუსულ ისტებლიშმენტს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელწიფო და არ მოგვქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სუბიექტს, რომელიც უნდა დაჩაგრო, დატუქსო და მის მიმართ გამოიყენო ყველა უღირსი საშუალება, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა. ახლა საუბარია, სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომ ჩინეთიდან ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოს და აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გავლით გავიდეს სარკინიგზო ტვირთები. თავისთავად ეს ტვირთები აფხაზეთიდან რუსეთშიც მოხვდება. საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ძალიან ცუდია. გამოდის, რომ ჩვენ ვხდებით დასავლეთის მიერ ორი სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკური პატრნიორი – რუსეთისა და ირანისა და ორივეს ვეხმარებით ჩვენი ტერიტორიის გავლით სანქცირებული ტვირთების გატანაში თუ შეტანაში თავიანთ ქვეყნებში. ცხადია, დასავლეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან მისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს პროექტი და მერე არა მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას და ჩინოვნიკებს დაასანქცირებს, შესაძლოა, საქართველოსაც დაუწესონ სანქციები. ეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სუვერენიტეტისთვისაც. როგორ გგონიათ, რკინიგზა აქედან რომ ენგურთან მივა, რომელი მებაჟე დახვდება იქ? ცხადია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები დახვდებიან. მთელი საბაჟო და სასაზღვრო დოკუმენტაცია უნდა გაფორმდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მხრიდან და მერე ამას ხელი უნდა მოაწერონ, დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ საქართველოს სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო აფხაზეთს, როგორც დამოკიდებელ სუბიექტს სცნობს, ირიბად თუ პირდაპირ. დღეს აფხაზეთი ჩაკეტილია და რუსეთს არის მიბმული. ამ რკინიგზით გეო–პოლიტიკური, დერეფნის ფუნქცია თუ შეიძინა, ჩათვალეთ, რომ აფხაზეთის საბოლოო აღიარება მოხდება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაშლას საბოლოოდ მოვაწერთ ხელს. ამ პროექტის განხორცილება, თუ უპირველესად არ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა განხილული, იქნება ჩვენი ქვეყნის მტრობა. აქედან გამომდინარე, თუ ამას რუსეთთან დიპლომატიური უთიერთობის აღგენა მოჰყვა, რაზედაც აქტიურად მიდის ლაპარაკი, გამოვა, რომ თბილისში რუსეთი ელჩს გამოაგზავნის და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს ეყოლება 3 ელჩი – თბილისში, აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს ნიშნავს ჩვენივე მხრიდან იმის აღიარებას, რასაც წლებია გვეუბნებიან პუტინი, ლავროვი და მედვედევი – შეეგუეთ ახალ რეალობას და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთო. ანუ, ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება. განა რა მოგება უნდა ნახოს ქვეყანამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობით, ან რკინიგზის პროექტის განხორციელებით, რომ ამ ტერიტორიების დე იურედ აღიარებად და სამუდამოდ დაკარგად გვიღირდეს? თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობით, მომავალშიც ისევ ივანიშვილის კლანი იხეირებს. ღვინო ვის გააქვს რუსეთში? ბიძინას ძმას, ადიკო ივანიშვილს, ერთ–ერთი მონოპოლისტია. ღვინის დანარჩენი იმპორტიორებიც ივნიშვილის კლანის წევრები არიან, გლეხებს კაპიკებს უყრიან და თვითონ მილიონებს შოულობენ რუსეთში. ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა. გლეხებს, მიუხედავად ლარის არაერთგზის დევალვაციისა, 2006 წელს რაც დაუწესეს ერთ კილოგრამ ყურძენზე, დღესაც იმას უხდიან – 90 თეთრს. მე არ ვუტრირებ,როგორც ოპოზიციონერი. რეალურად რაც არის, იმას ვამბობ. ხომ მთავრობისაა ეს „საქსტატი“. შედით, ნახეთ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და შეადგინა 650 000 ადამიანი. ახლა 10%–იანი ეკონომიკური ზრდა გქონდეს ქვეყანაში და სიღატაკე იზრდებოდეს, ეს შეუსაბამოა. ეს რატომ ხდება? მთელი მოგება ბიუჯეტიდან ისევ ელიტას მიაქვს, დაკანონებული უკანონობით გაღლიტეს ბიუჯეტი და ხალხი ღატაკდება. აქედან დასკვნა რომ გავაკეთოთ, ეს არის მოღალატეობრივი, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშული, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის თამადობით აკეთებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაცია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ამ რეალობასაც შევესწარით.
– შესაძლოა, ქაართველმა გლეხმა იხეიროს რუსეთში ღვინის, საზამთროს და ციტრუსის გატანით? ყველაფერს მონოპოლისტები ვერ გაიტანენ და თუ ასეც მოხდა, გლეხს შესასყიდი პროდუქციის ფასს გაუზრდიან. ჩავთვალოთ, რომ უვიზო მიმოსვლით გლეხი წელში გაიმართება. აქ მეორე მომენტია. რუსებით გაივსო საქართველო და უძრავი ქონების ბაზრის მერე, ტურისტული სექტრორით დაინტერესდენენ. რუსებმა ქართველი გიდებისა და მძღოლების ჩანაცვლება უკვე დაიწყეს, აფუძნებენ ტურისტურ კომპანიებს და ჩამოჰყავს რუსეთიდან და ბელორუსიდან ტურისტები, დიდწილად, შუა აზიიდანაც. ამ სეგმენტს რუსები ართმევენ ქართველებს. თუ ასე გაგრძელდა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გაგრძელდება, საქართველოს უამრავი მოქალაქე დარჩება უმუშვარი და რუსულ ბაზარზე მომუშავე კომპანიები დახურავენ ტურიზმის ბიზნესს. ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს, თუ ათასობით გლეხი წელში გაიმართება და ათასობით ადამიანი ტურიზმის სექტორში უმუშევარი დარჩება? ორივენი საქართველოს მოქალაქეები არიან.
– საინტერესო თემა წამოსწიეთ. ახლა რას აკეთებენ აქ რუსები. არა მარტო გიდებად და მძღოლებად დასაქმდნენ, იყიდეს სასტუმროები, ჰოსტელები, რესტორნები, კაფე–ბარები, გასართობი ცენტრები, ყველაფერი, რაც ჩაბმულია ტურიზმთან. თავად დაიწყეს ტურ–ოპერატორობაც და აქ რუსი რომ ჩამოვა, სასტუმრო დახვდება რუსის, თან რუსი მომსახურე პერსონალით, რესტორანი, ბარი და სხვა ყველაფერი დახვდება რუსის და რუსი მომსახურე პერსონალით, რუსი გიდებით და მძღოლებით. ჩვენ იმ რესტორანში ხინკლის მოსახვევად და აჭარულის საცეკვაოდ შეიძლება დავჭირდეთ, ეგ უყვართ რუსებს, სხვა არაფრისთვის. ცხადია, ასეთ პირობებში რუსი და რუსულენოვანი ტურისტები ქართულ ტურისტულ კომპანიებს არ მიაკითხავენ. აქ მეორე მომენტია, რომელიც ყველა ერს აქვს გამჯდარი. ფიქრობენ, რაღა ქართველს ვაშოვნონო ფული, მირჩევნია, ისევ რუსს, ჩემსას გადავუხადო ფულიო და ასეც იქცევიან. ეს უკვე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი დესუვერინიზაციაა. რაც შეხება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მალე უმუშევრად დარჩებიან, მათი უმეტესობა ემიგრაციაში წავა. იმ გიდებმა, მძღოლებმა, ტურიზმის სფეროს მენეჯერებმა და სხვა კონტინგენტმა, მინიმიმ ერთი უცხო ენა იციან და ზოგმა რამდენიმეც. ორი ღერი უცხო ენა არ იცის ხალხმა, ისინი გარბიან და ამ ხალხის უმეტესობა წავა აქედან და უცხო ენის ცოდნის წყალობით, სამსახურსაც უფრო იოლად იშოვნიან უცხოეთში. ბოლოს რა გამოდის? რუსები არა მარტო ბიზნესში ჩაანაცვლებენ ქართველებს, არამედ ქვეყანაში ჩაანაცვლებენ და ეს ისედაც კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითთარებას კიდევ გააუარესებს. ცოტა ხანში ეს პრობლემა სხვა სფეროებსაც გაუჩნდებათ. რაც მეტი რუსი დარჩება აქ, რაც მეტი მოიკიდებს ფეხს ბიზნესის სხვა და სხვა სფეროში, მით მეტი საქართველოს მოქალაქე დარჩება უმუშევარი და დატოვებს ქვეყანას. ეს პერსპექტივა მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ამას არ მოითმენს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც დიდი პატრიოტული მუხტი აქვთ და ამ ხელისუფლებას ქვეყანას არ გადააყოლებენ, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს მიუჩენენ კუთვნილ ადგილს ისტორიის სანაგვეზე.
კომენტარები