საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“წუხელ პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესის წინაშე წარსდგა სიტყვით. გამოსვლისას ბევრ თემას შეეხო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხად ჩინეთი იყო დაყენებული. “ნუ შეგეშლებათ! თუკი ჩინეთი აშშ-ს სუვერენიტეტს დაემუქრება, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას!” – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინეთის სადაზვერვო ბურთის გამოჩენამ და მომდევნო დღეს მისმა ჩამოგდებამ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მწვავე განცხადების გაკეთების საბაბი გახდა. ისინი პრეზიდენტს დუნე, ნელ მოქმედებაში ადანაშაულებდნენ და მეტი სიხისტისაკენ მოუწოდებდნენ. ახლა კი აშშ-ში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია უმეტესწილად გაერთიანებულია ჩინური საფრთხის წინააღმდეგ.
CNN-ისა და WSJ-ს ინფორმაციით ირკვევა აქამდე უცნობი რამდენიმე დეტალი სადაზვერვო აპარატთან დაკავშირებით – ჩინეთი ჰაინანის პროვინციიდან რამდენიმე თვეა რაც ათობით სადაზვერვო მისიას მართავს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მათი უმრავლესობა აშშ-ს შესასწავლად იყო მიმართული. ამასთან, ყველა საჰაერო ბურთი თუ აპარატი სხვადასხვა ზომისა და წარმოებისაა.
აშშ-ში ჩამოგდებულ ჩინურ სადაზვერვო აპარატს სპეცსამსახურები სწავლობენ. დეტალები უცნობია და საჯარო ალბათ არც გახდება, მაგრამ არამხოლოდ დაფარულად, არამედ ღია პოლიტიკურადაც ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებამ ძალიან მაღალ მასშტაბებს მიაღწია.
სწორედ ამიტომ ეჩქარება აშშ-ს რაც შეიძლება მალე გამოთიშოს რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებიდან, რათა, ერთის მხრივ შექმნას პრეცედენტი, რომ ყველა აგრესორი დაისჯება და რომ ომით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის შემდეგ ძირითადი ფოკუსი ჩინეთის მიმართულებით გასწორდეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიული კამპანიები ჩინეთისათვის ეკონომიკურად მომგებიანი შეიძლება სულაც არ იყოს (გააჩნია ინდუსტრიას), მაინც, მისთვის დასავლეთის ყურადღების გადატანა რუსეთზე სასარგებლოა, ისევე როგორც მოსკოვის პეკინზე დამოკიდებულების ზრდაც. ამას კი ემატება ისიც, რომ სანამ რუსეთი უკრაინაზეა ფოკუსირებული ჩინეთი შუა აზიის ქვეყნებში ზეგავლენებს ძალიან დიდი სისწრაფით ზრდის. არადა რამდენიმე წლის წინ ცენტრალურ აზიას “რუსეთის უკანა ეზოდაც” კი მოიხსენიებდნენ.”
კომენტარები