თამო კეშელავა, „ალია“ #34
„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
– ბეწვზე მოიგო „ოცნებამ“ პროპორციული არჩევნები, 2021 ადგილობრივ არჩევნებზე, მეორე ტური დაინიშნა ოც ქალაქში – ეს იყო ის შედეგი, რისთვისაც 2012 წლამდე იბრძოდით? 2012-ში იფიქრებდით, რომ 2021 წელს, ასეთ რეალობაში გაიღვიძებდით?
– ცხადია, 2012 წლის მერე ნაცების პროცენტული მაჩვენებელი არჩევნებიდან არჩევნებამდე გახუთმაგდა და ეს რისი შედეგიცააა, ყველამ კარგად იცის – სულ ვამბობ, როცა პოლიტიკურ რინგზე დაიყენებ ერთ მოწინააღმდეგეს და აპელირებ მასზე, როგორც ცუდზე და დამარცხებულზე, მაყურებელი დუნდება რაუნდიდან რაუნდამდე. „ქართულმა ოცნებამ“ არჩია პოლიტიკური თამაში, სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ყურადღების გადატანას. ამომრჩევლის ტვინიც გადატანილია პოლიტიკურ თამაშზე და არჩევანს, როგორც უნდა ისე აკეთებს, თუ აიღებდა „ოცნება“ სახელმწიფოებრიობის შენების, ქვეყნის უსაფრთხოების გზას, იმაზე გაჰყვებოდა ამომრჩეველი. რა ვნახეთ ამ არჩევნებზე – მელია, გახარია, კალაძე – სიმპათიებს მიჰყვება ამომრჩეველი, სახელებს და გვარებს. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ხაზით, თუ არ ვცდები 48 პროცენტი მიიღო, ამჟამინდელი (ინტერვიუ ჩაწერილია კვირას, 3 ოქტომბერს) მონაცემით, 20 რაიონში კი – მეორე ტურია, ზოგან კი სულაც წააგეს, სახელებზე და გვარებზე იყო აპელირება, პიროვნებებზე გაკეთდა აქცენტი. არადა, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პარტიის იდეოლოგიაზე, პროგრამაზე. ევროპასა და ამერიკაში პიროვნება უკანა ფლანგზეა, არც აინტერესებს უმეტესობას, იქ პარტიის იდეოლოგია და კურსია გადამწყვეტი. 2024 წლის არჩევნებში დასრულდება სახელებით და გვარებით აპელირება და ემოციებით ხმის მიცემა, პროგრამას მიაქცევს ამომრჩეველი მეტ ყურადღებას, რადგან 2024-ში პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები. კარგია ერთი რამ, თვალნათლივ ვხედავთ, მიდგომები როგორ მეტად დემოკრატიული ხდება. თბილისში ვინც მისცა ხმა კალაძეს, პიროვნულად მას მისცა ხმა, იგივეა მელიას შემთხვევაში, მისი ემოციური გამოსვლებისთვის მისცეს ხმა, თორემ, ჩემი აზრით, „ენმ“, როგორც პარტია, იმდენ ხმას ვერ მოიპოვებს დედაქალაქში, რამდენსაც ცალკე აღებული მელია. ჩვენ, რუსთაველის ქვეყანა ვართ, ტოლერანტობა არ გვაკლია, მაგრამ დემოკრატიას სხვა რამ სჭირდება კიდევ. იყო დარღვევები შეიძლება, მაგრამ ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას, აღარავინ საუბრობს რეფერენდუმზე და გამოსვლებზე. რასაკვირველია არჩევნების ბედზე სააკაშვილის ფაქტორმაც იმოქმედა, მინიმუმ 7%-მდე მაინც მოუმატა „ენმ“-ს მისმა ჩამოსვლამ. სააკაშვილთან ციხეში, ყოველ დღე შედის მისი რომელიმე თანაგუნდელი და ერთი პრეტენზია არ გამოსულა ჯერ იქედან, ესეც ძალიან საგულისხმოა, მისი მმართველობის დროს ვინ გაბედავდა იქ შესვლას და ციხეში შესული რომელი ადამიანი იყო დაზღვეული?
– სიმპათიების მიხედვით მისცეს კანდიდატებს ხმაო, ბრძანეთ და არ ესიმპატიურებოდათ კალაძე? ასე ფიქრობთ?
– კალაძე რომ ესიმპათიურებოდათ, იმიტომ მისცა ამომრჩეველთა 45 პროცენტმა ხმა. გახსოვთ, „ალიასთან“, ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, „ოცნება“ კი არ უნდა დაუშალოს, უნდა გაიშალოს-მეთქი? ფაქტია, კალაძემ წაიღო 45 %-ი ხმების, გახარიამ კი, ერთი შეხედვით, წაიღო იმდენი ხმა, რამდენიც კალაძეს გამარჯვებას უზრუნველყოფდა. სად წავა ახლა ეს ხმები, ამაზე არავინ საუბრობს ჯერ. ხმები, რომელიც გახარიას საარჩევნო საცერში მოჰყვა, შეიძლებოდა დაკარგულიყო, ან გაფანტულიყო, ახლა კი, ვფიქრობ, სწორედ ეს ხმები გაამარჯვებინებს კალაძეს და გეტყვით როგორ: ეს იყო პასიური ხმები, იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ორივე პოლიტიკურ ძალაზე იყვნენ განაწყენებულნი და დიდი ალბათობით, საერთოდ არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ხმების გააქტიურება იყო საჭირო და ეს ხმები გაააქტიურა გახარიამ. გგონიათ, ახლა გახარია გამოვა და იტყვის. არიქა ეს ხმები კალაძეს მიეცითო? არა, ნეიტრალურს დაიჭერს, „ენმ“-ს არ დაუჭერს მხარს, გამორიცხულია. არ წახვიდეთ არჩევნებზეო, ვერ იტყვის, მაგის თქმა – დანაშაულია, იტყვის, წადით, არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატსო. პოლიტიკურად ძალიან კარგი სვლა იყო, გააქტიურებული ამომრჩეველი, არ დარჩება მეორე ტურში სახლში და ვის აირჩევს? თუ გახსოვთ, სანამ გახარია კანდიდატურას დააყენებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი კალაძესთან იყო ოფისში მისული. მაშინ, მან თავად ასე ახსნა ეს ამბავი, არ მინდოდა ტელევიზორით გაეგო და კაცურად, ადამიანურად, მეგობრულად მივედი, პატივისცემა გამოვხატეო. როგორ გგონიათ, მეორე ტურში კალაძეს მიმართ არ გამოხატავს გახარიას ამომრჩეველი პატივისცემას? ნაციონალები, წესით, უკვე უნდა ხვდებოდნენ, რომ პოლიტიკურად გამოჭერილნი არიან.
– თქვენ ცოტა ხნის წინ „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ გახარია ოპოზიციაში გადავა, იგი გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა და „ენმ“-ი მესამე ადგილზე გადაიჩოჩებს, თუმცა, ჯერჯერობით ასე არ მოხდა…
– ერთად გავიხსენოთ, როგორც ვთქვი – მე ვთქვი, თუ გავიდა მეორე ადგილზე, ეს იქნება მაქსიმუმი და ბუნებრივად გადაინაცვლებს „ენმ“ მესამე ადგილზე. თუ მესამე ადგილზე გავიდა გახარიას პარტია, „ენმ“ აღმოჩნდება გახარიასა და „ოცნებას“ შორის მოქცეული და ორივე ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყებს ნაციონალური მოძრაობის დაქუცმაცებას და გასრესვას. ასე ვთქვი და ახლაც იგივეს ვიმეორებ. ვერ გავიდა მეორე ადგილზე გახარია, მაგრამ გავიდა მესამე ადგილზე და დარჩა „ენმ“ მასსა და ოცნებას შორის. მართალია, სააკაშვილმა გაზარდა „ენმ“ის ამომრჩეველთა რიცხვი, მაგრამ ეს დროებითია, დაღვინდება ეს ხმები, დაილექება და ნიშნული დაიწევს. გახარია უკვე გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე.
– მეორე ტურში რა მოხდება?
– მეორე ტურს „ოცნება“ მოიგებს პირწმინდად ყველგან. გახარიასკენ წასული ხმების 80-90 პროცენტი მას მისცემს ხმას, დანარჩენმა პარტიებმა, ყველამ ნაციონალურ მოძრაობას რომ დაუჭიროს მხარი, მაინც ვერ მოიგებენ.
– თქვენ ამბობდით, რომ შეიძლებოდა კალაძე გამოჰყოფოდა „ქართული ოცნების“ გუნდს – კიდევ ხედავთ ამის შანსს?
– არა, ეს მომენტი უკვე წავიდა, ოცნებას ოპოზიციაში უკვე ჰყავს გახარია, ასე ვთქვათ, იყო შეიძლება კალაძის ოპოზიციაში გადასვლაზე საუბარი, მაგრამ კალაძე ის ფიგურაა, რომელიც მყარად იქნება ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართულ ოცნებაში“. რომ არ ყოფილიყო გახარია, ცენტრალური ფორვარდი, კალაძე შეიძლებოდა შემოსულიყო ამ კუთხით, მაგრამ არ იქნება დამაჯერებელი, თუნდაც იმიტომ, რომ მასა და ივანიშვილის ოჯახს შორის ნათელ-მირონია, ნათესავები არიან.
კომენტარები