ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსაკუთრებით ემზადება ოპოზიცია. ბევრმა არ იცის, მაგრამ პარლამენტში მოხვედრილი პარტიების ლიდერებმა ეს თემა ზედაპირულად რამდენჯერმე გაიარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მერობის საერთო კანდიდატმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს, თუმცა გადაჭრით ჯერ არაფერი თქმულა, რადგან ჯერ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა გადაწყვეტილება მისაღები.
ნაციონალური მოძრაობა ჯიუტად იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნებია გამოსავალი, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია ხვდება, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. სწორედ ნაცების სიჯიუტის გამო გაჩნდა გეგმა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაერთიანდეს, ანუ ყველას მინუს ნაციონალური მოძრაობა, რაც ხელისუფლების წისქვილზეც დაასხამს წყალს. ზოგადად, დღეს ოპოზოციურ სპექტრში დიდი არეულობაა, რადგან ისინი საკუთარი სიტყვების ტყვეები არიან და ვერანაირად ვერ ახერხებენ, გაამართლონ სურვილი იმისა, რომ პარლამენტში შევიდნენ. არადა, ამის სურვილი აშკარად აქვთ და ეს მათი საუბრებიდან სულ უფრო ხშირად ჩანს.
პოლიტიკოსები ავად თუ კარგად, საკუთარ მომავალზე აუცილებლად ჩამოყალიბდებიან, რიგით მოკვდავებს რა ეშველებათ, ეგ არის საინტერესო. ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხელისუფლებას აზერბაიჯანთან საზღვრის გახსნას სთხოვენ. საქმე ისაა, რომ დაბრუნებული ყარაბახის ტერიტორიაზე, ილჰამ ალიევი ინფრსტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს, მუშა-ხელი კი უბრალოდ არ ჰყოფნის და ლუკმა-პურის საშოვნელად ყარაბახში არაერთი ადამიანი აპირებს წასვლას. იქ მუშაობის სურვილი რა თქმა უნდა ქართველებსაც აქვთ და ისინიც წავლენ, ოღონდ საამისოდ ხელისუფლებამ საზღვარი უნდა გახსნას და კოვიდის მიმართულებით არც თუ უსაფრთხო მეზობელ ქვეყანაში, რამდენიმე ათასი კაცი გაუშვას. ზოგადად, მასიური უმუშევრობის ფონზე, ეს შეიძლება ერთგვარი გამოსავალიც იყოს. სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გადახდილი 200 ლარი ან ერთჯერადად მიცემული 300 ლარი დიდი ვერაფერი ბედენა რომაა, ყველაზე კარგად სწორედ ჩინოვნიკებმა იციან, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი გაღებაც მათ შეუძლიათ. სამწუხაროდ, მხოლოდ უმუშევრობა არ არის ის საფრთხე, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდოს.
„აქამდე ლარის კურსს ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვით იჭერდა, ახლა კი დოლარის გაყიდვაც აზრს კარგავს, რადგან ორთვიანი ლოქდაუნის პირობებში, მყიდველი არ გამოჩნდება. არავის სჭირდება მილიონობით დოლარი, რადგან ქვეყანაში არაფერი მოძრაობს და ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდება. ერთადერთი, რამაც ლარის ვარდნა შეიძლება შეაჩეროს, ახალი წლის მოახლოებაა, როცა ლარი მოთხოვნადი გახდება, მაგრამ უკვე 1-ლი იანვრიდან, კვლავ მწარე რეალობის წინაშე დავდგებით“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
როგორც გვითხრეს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ამ საფრთხეებს ჯეროვნად აფასებს და ხელისუფლებასთან კონსულტაციებსაც გადის, მაგრამ რეალურად ხსნა არსაიდან ჩანს. იმის იმედად ყოფნა, რომ მაგალითად იანვარში საქართველოში 30-40 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა, რაც ქართულ ვალუტას მაშველ რგოლად მოევლინება, აბსურდია. არცერთ, ვიმეორებთ არცერთ უცხოურ კომპანიას განაცხადი არ აქვს შემოტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ბაზარი აინტერესებს. ეგ კი არა და, არაერთი უცხოური ბრენდი ახალი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ტოვებს, რადგან მათი მაღაზიები უბრალოდ აღარ მუშაობს და იჯარის თანხას ტყუილად იხდიან. ისინმი ახლავე აიბარგებიან და პროდუქციის ლიკვიდაციასაც გამოაცხადებენ. აი, ფართის მფლობელები როგორ იშოვნიან ახალ მოიჯარეებს, ეგ ცალკე პრობლემაა და გამოსავალი არც აქ ჩანს.
მოკლედ, წინ უმძიმესი ზამთარი და არანაკლებ უმძიმესი ახალი წელი გველოდება, რადგან საახალწლო სუფრის გაწყობა მთავრობის მიერ ნაბოძები პროდუქტებით არ გამოვა, ისე კი, საჭირო ნობათის ყიდვის შესაძლებლობა მოსახლეობის 70%-ს უბრალოდ არ ექნება.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები