თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი გიორგი კავკასიძე.
-ვაქცინირებულთა რაღაც ნაწილს შეიძლება მაინც შეხვდეს კოვიდი. ვაქცინა გვიცავს ე.წ. გრძელი კოვიდისგან?
-მე არ მინახავს ასეთი კვლევა. შეიძლება არსებობს და მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. ლოგიკურად თუ მივყვებით, გრძელი კოვიდი არის მოკლე კოვიდის გაგრძელება, საუბარია, კოვიდის გართულებული ფორმის გაგრძელებაზე. მოგეხსენებათ, ვაქცინა გიცავს დაინფიცირებისგან და თუ მაინც დაინფცირდი, გიცავს გართულებებისგან. თუ ვაქცინა გიცავს კოვიდის გართულებული ფორმისგან, წესით, უნდა გიცავდეს გრძელი კოვიდისგანაც.
-თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ ადამიანს ჰქონდა გვერდითი მოვლენა ან გართულება ვაქცინაციის შემდეგ? ვგულისხმობ საქართველოს მონაცემს.
-არ მინახავს საქართველოში ამ კუთხით სტატისტიკური მონაცემი, სხვა ნებისმიერი ქვეყნისას ნახავთ უპრობლემოდ და საქართველოსი რა გითხრათ. საქართველოში ზოგადად სტატისტიკის საქმე ცუდადაა ყველა სფეროში და ვაქცინაციის ამბავში რომ იყოს კარგად – გამორიცხულია.
-სააღდგომოდ, როცა მთვარობა დაჟინებით სთხოვდა საპატრიარქოს, მრევლს ვაქცინაციისკენ უნდა მოუწოდოო (ნეტავი, მართლაც რომ მოეწოდებია ეკლესიას ვაქცინაციისკენ, ვაქცინები რომ არ ჰქონდათ, რა უნდა ექნათ, კი არის საინტერესო…), წმინდა სინოდმა კითხვა შემოუბრუნა მთავრობას – ვაქცინაციის გართულების შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელიო? ამ კითხვაზე ისევ არ გაუცია მთავრობას პასუხი. ეგეთ დროს პასუხისმგებლობა ვინმეს ეკისრება? მაგალითად, ჩემი მეგობრის მამას, აცრის მეორე დოზის გაკეთებიდან ერთ საათში განუვითარდა ინსულტი, მეორე თვეა ლოგინადაა ჩავარდნილი, პირველადი დახმარება გაუწიეს და მერე სახლში რომ მუდმივად სჭირდება მომვლელი, მედიკამენტი, პროდუქტი, რომ ვეღარ მუშაობს, ვეღარ დადის და ვეღარ საუბრობს – პასუხისმგებელი არავინაა?
-ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს რომ იყოს სავალდებულო, ალბათ, სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. ჯერჯერობით ნებაყოფლობითია და ნებით ვიკეთებთ ვაქცინას. წესით და კანონით, წინასწარ უნდა გაგაცნონ ყველა გართულება, რაც კი შეიძლება მოხდეს. ინსულტი რომ მოუვიდა ამ ადამიანს, ვიცით ზუსტად, რომ ვაქცინის ბრალია?
-არ ვიცი, არაოფიციალურად ვიცი ის, რაც უთხრეს ზეპირი სახით, ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ, ერთი პასუხიმგებლობა, რაც აიღო სახელმწიფომ არის ის, რომ ურეკავენ და ეკითხებიან, როგორ არის.
-გამოსაკვლევია და ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა მიხედოს, როგორც ინსულტიან ადამიანს. ინსულტის შემთხვევაში, მკურნალობას ფარავს კერძო დაზღვევაც და რამდენადაც ვიცი, საყოველთაოც.
-ასტრაზენეკაზე რა მოხდა, როგორ ფიქრობთ? ვაქცინაციის გეგმაში ვკითხულობთ, „დანაკარგის მაჩვენებლად აღებულია 15% ყველა ვაქცინისთვის“, ანუ, დანაკარგი გათვლილი გვქონდა და მაინც დაგვაკლდა – როგორ?
-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. შესასწავლია. მე მგონი, ეგ მე კი არა, თავად ხელისუფლებამაც არ იცის. 15 პროცენტიანი დანაკარგი ძალიან მაღალია, იმ დროს, როდესაც ვაქცინის თითოეულ დოზას ოქროს ფასი აქვს.
-უკვე ვრცელდება ხმები, რომ კი არ დააკლდათ, უბრალოდ, მოხმარებიდან ამოიღეს, გართულებების გამო…
-გულისხმობთ, უცხოეთში მომხდარ თრომბულ შემთხვევებს? კვლევები ჩატარდა მაგ კუთხით და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბი არ არის პირდაპირ კავშირში ასტრაზენეკას ვაქცინებთან. მოხსნეს მასზე შეზღუდვები ევროპაში, და დაწიეს ასაცრელ პირთა ასაკიც. ერთადერთი მგონი გერმანია დარჩა, რომელიც ასტრაზენეკათი ცრის მხოლოდ 55 წელს ზემოთ. რაც შეეხება ამერიკას, ამერიკაში ასტრაზენეკა არ არის რეგისტრირებული, რადგან განაცხადი არ შეუტანია, რატომ არ შეიტანა განაცხადი, არ ვიცი. შეიძლება დამთხვევა იყო ის შემთხვევები, შეიძლება მართლაც იყო გართულება 0,00 რაღაცა პროცენტი, მაგრამ ეს 0,00 რაღაცა პროცენტი ყველა წამალს აქვს პანადოლიდან დაწყებული გლუკოზით დამთავრდებული. ამ დროს მეორე მხარეს პინაზე დევს კოვიდი. ადამიანებმა უნდა შეაფასონ, რა უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს მათთვის – შესაძლო 0, 00 რაღაცა გართულება ვაქცინაციის, თუ 0,2 პროცენტიანი სიკვდილობა კოვიდის.
-და თუ მეგი ბაქრაძის საქმეში აქვთ გარკვეული სიახლე? ან, კიდევ თუ მოხდა რამე ტიპის გართულება? იმის სტატისტიკური მონაცემით არ გვაქვს, რამდენ ადამიანს ჰქონდა სულ გართულება და რა ტიპის. ისიც არ ვიცით, რამდენად სწორად მიდის ვაქცინაცია, რამდენად სწორად იმართება პროცესები და ამ კითხვის ნიშნევს ბადებს ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ, წინასწარი მონაცემით ანაფილაქსიური შოკით კლინიკაში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმე. საქმის გამოძიებას, თქვენ ითხოვთ, „ალია“ ითხოვს და კიდევ სულ რამდენიმე ადამიანი, სხვას, თითქოს აღარც ახსოვს…
-კითხვის ნიშნებს კი არა, ეგ პირველ რიგში ბადებს ჭორებს და ჭორების მკვლელი არის სიმართლე. თქვან სიმართლე. ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ დროულად არ გაეწია დახმარება, თქვან! და იგივე რო არ განმეორდეს, ახსნან, რა არ მოხდა, რა უნდა გაკეთებულიყო, ვის როგორ უნდა ემოქმედა და ა.შ. არ ამბობენ რა იყო სიკვდილის მიზეზი. სამწუხაროდ, მე უარესი მგონია, მე მგონია, ვერ ადგენენ სიკვდილის მიზეზს, უბრალოდ არ ჰყოფნით კომპეტენცია.
-არ გამოვრიცხავ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის კომპეტენციას უარავი ადვოკატი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
-დიახ. სულ არის ორი ვარიანტი, ან ვერ გებულობენ, ან არ გვაგებინებენ – ორივე დანაშაულია.
კომენტარები