მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, წერს:
“ხუთშაბათობით ჩემს პატარა ქალაქში ბაზრობა ეწყობა.
შუახანს გადაცილებულ კაცს თავისი ხელით შეკერილი თეთრეული გამოაქვს გასაყიდად.
დღეს ორი ცალი ბალიშის პირი ავარჩიე.
– ჩემი შეკერილია – მერამდენედ მესმის მისგან.
– მართლა ? – მერამდენიმეჯერ ვიკვირვებ მეც.
– ირანში ქარხანა მქონდა…. ეჰჰჰჰ – გული ამოაყოლა.
– მენატრება ჩემი სამშობლო, ნეტავ თუ დავბრუნდები, დავბრუნდები, აბა რას ვიზამ ! – ხმამაღლა გააგრძელა ფიქრი.
ბალიშის პირები პარკში ჩამიწყო და კიდევ მოდიო – მომაძახა.
გუშინ კამბოჯელ კემილის ვკითხე :
– კამბოჯაში ხშირად დადიხარ ?
– არასდროს, ბილეთი ისეთი ძვირია,თანაც რა მინდა კამბოჯაში, განა იქედან არ გამოვიქეცი ?!
———————————————-
გუშინ კემილის სამშობლო შემეცოდა, უფრო სწორად უსამშობლო კემილი შემეცოდა.
თორემ სამშობლოს რა უჭირს კემილის გარეშე.
დღეს ამ კაცის სამშობლო შემიყვარდა.
და საერთოდაც, სულ მგონია, რომ ირანელებივით და ქართველებივით არავის სტკივა სამშობლო.
რა ეროვნების ადამიანთან არ მქონია შეხება ამ წლების მანძილზე და დაკვირვებამ მაჩვენა ეს.”
კომენტარები