სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშული, სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
სუს-ში აცხადებენ, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.
„საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.
აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები