თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა სუსის ყოფილი თანამშრომლის ჩვენებაზე.
მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი მეხსიერების ბარათის გადაცემას უკავშირდებოდა და აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეა.
„ე.წ. ფლეშკის გადაცემა. რა ახლავს ფლეშკაზე თან, ამას საგამოძიებო მოქმედებები დაადგენენ. არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა. სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა, არაერთხელ ჩანს ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმეში. ჩანს, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, ხელმოწერილი!
რამიშვილმა აღნიშნული პირის, მისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოში მყოფ ყველა ელჩს მიმართა.
სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია, დღეს აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილს “ადამიანური დახმარების მიზნით” მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზა და საუბრობს არაკოლეგიალობაზე. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პატიმრის ადვოკატმა დავით ხარატმა განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, მიაწოდა ინფორმაცია მიხეილ რამიშვილს (ცნობის სახით და არა ჩვენების) და ადვოკატმა რამიშვილმა მისი თანხმობის გარეშე მიიტანა მისი ჩვენება პროკურატურაში. ადვოკატი ციტირებს მისი კლიენტის, სუსის ყოფილი თანამშრომლის სიტყვებს: – “ხელი რაზე მომაწერინა, არ წამიკითხავსო!”
მიხეილ რამიშვილმა სუსის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება ჩაიწერა 3 აგვისტოს, როცა ექსპერტიზისთვის ყველა ნიმუში იყო აღებული. რა შეიძლებოდა სცოდნოდა ექსპერტიზის ჩატარებაზე ისეთი, სუსის ყოფილ თანამშრომელს და რატომ თვლიდა ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არასწორად ჩაატარებდა ექსპერტიზას – ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.
როგორ მოხდა, რომ სუსის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ექსპერტიზის ჩატარების ექსპერტიც ყოფილა, ისე მოაწერა ხელი ნაწერს, რომ არ წაიკითხა? როდის იყო, უბრალოდ, ცნობის სახით მიცემულ ინფორმაციას ხელს აწერდნენ? რომელი ინკოგნიტო რესპოდენტი მოგვიწერს ხელს ჩვენებაზე, თუ გასაჯაროება არ სურს?
სუსის ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენებაზე ხელი მოაწერა, გამოატანა მისი ხელმოწერილი ჩვენება რამიშვილს და ახლა კოლეგიალობაზე და ადვოკატის ეთიკაზე საუბრობენ – უკაცრავად, 22 წლის გოგოა გარდაცვლილი, რა კოლეგიალობა? ასეთ საქმეში ორი ეთიკაა სულ – სიმართლე და სამძიმრის თქმა!
“ალია” არაერთ ადვოკატს დაუკავშირდა კითხვით, როცა მოწმე გაძლევთ ჩვენებას, ხელმოწერილს, როდის გაქვთ მისი გამოყენების უფლება? – პასუხი ერთია – როცა საჭიროდ მივიჩნევთ, ხოდა, როცა საჭიროდ მიიჩნია, გამოიყენა.
რა კოლეგიალობა და რის ადვოკატის ეთიკა, ბატონებო, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მისცა თქვენმა კლიენტმა ადვოკატს და ხელი მოუწერა, დიდი ხანია ამ ქვეყანაში დანაშაულის დაფარვა აღარ არის დასჯადი? – კი, მართალია ხართ, დიდი ხანია! მხოლოდ ერთეულები ისჯებიან ამ მუხლით!
მეტისმეტი მოგდით, ბატონო სუს-ო და ბატონო პროკურატურა, ჯერ იყო და ინფორმაცია, რომლის ავთენტურობაზეც თავს არავინ დებს მტკიცებულებაა და ტელეფონს ამოვიღებო, ახლა კიდევ, ჩვენება მტკიცებულება არ არისო? მეტისმეტი მოგდით!
სუს-ის ის სამი მანქანაც არ დაგვვიწყებია, ბაჩალიაშვილის მანქანას რომ შემთხვევით, აი, სულ შემთხვევით მიჰყვებოდნენ უკან.
ის მოწმეც გვახსოვს, ჩანაწერიც გვაქვს ნანახი და შენახული, მწყემსები რომ ყვებიან, ყოველ დღე ამ გზით დავდივართ და ეს დღეები ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგაო!
ალია
კომენტარები