უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და დიმიტრი გვრიტიშვილს და ლევან მურუსიძეს მიმართავს:
“დიმიტრი გვრიტიშვილს და ლევან მურუსიძეს მივმართავ!
როცა ჩემს ღირსებაზე საუბრობთ საკუთარ თავს შეხედეთ უპირველესად, საერთოდ თუ იცით ამ ცნების შინაარსი, ან საერთოდ თუ გაგაჩნიათ ღირსება ან შუბლის ძარღვი.
ბატონო დიმიტრი,
შენგან განსხვავებით, როცა შემომთავაზეს შენმა “უფროსებმა” გარკვეული საქმეების, ასევე დუმილის სანაცვლოდ, თან არაერთხელ, სასამართლოში დარჩენა, პირდაპირი მნიშვნელობით “თანამდებობის გაკეთება”, გონებაშიც არ გამივლია ასეთ უზნეო წინადადებაზე დათანხმება და ვარჩიე სახლში წამოსვლა. შენგან განსხვავებით მე ისე აღმზარდეს მშობლებმა, რომ სისხლში და ხორცში მაქვს გამჯდარი წესიერება და პატიოსნება. რაც შეეხება ჩემს პროფესიონალიზმს, ეს კარგად ჩანს ჩემს და შენს გადაწყვეტილებებში. მართლა არ ვკადრულობ კიდევ იმას რასაც იმსახურებ, იმიტომ რომ რომ ჩვენს შორის ერთი ოჯახი დგას, რომელთანაც ორივეს საერთო გვაკავშირებს და მას ვცემ პატივს.
რაც შეეხება ჩემს გასაუბრებას, საბჭოს იმდროინდელი წევრებიდან ერთი წევრი ის იყო, რომლის საქმეზეც ლევან მურუსიძემ დახმარება მთხოვა, ერთი ის, რომელმაც ერთ-ერთ საქმეზე ის იკითხა ამ საქმეს რომ დასაშვებად ვცნობთ, ჯერ ვინმეს არ ვკითხოთო?, მერე ერთპიროვნული თვითაცილების განჩინებით თავქუდმოგლეჯილი გაიქცა საქმიდან. ერთმა წევრმა კი სხვა წევრის წინათ დასმული კითხვა დასვა, ისე რომ ვერ გაერკვა კითხვის შინაარსში, და ვერც იმას მიხვდა რომ მეორედ დასვა, ერთმა წევრმა გასაუბრებამდე მირჩია შინაურულად გაარკვიე შენი საკითხიო, აღარაფერს ვამბობ წევრებისთვის ჩამორიგებულ წინასწარ დაწერილ კითხვებზე, ასევე ზოგიერთი კანდიდატისთვის ჩაწყობილ კითხვაზე.
ბატონო ლევან,
მე ვადა 6 თვით არა, 4 თვით გამიგრძელეს, თან კარგად გეცოდინება იმ დღეს, როცა ვადის გაგრძელების საკითხი წყდებოდა რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩემთან საბჭოს ერთ-ერთი წევრი და როგორ მირჩევდა საქმეს ქუჩურად. მერე ეს გადაწყვეტილებაც არ აიტვირთა საბჭოს ვებგვერდზე და სხვა კოლეგის მეშვეობით გავიგე რომ თურმე 4 თვით გაუგრძელებიათ ვადა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ რაც თავდებად და გარანტორად სხვა პირი მოითხოვეთ, ისიც გეცოდინება რა პირობებში მიწევდა საქმეების დასრულება და როგორ მოჰქონდათ სახლში ჩემთან საქმეები.
ახლა რაც შეეხება ცრუ ჩვენების საკითხს, გირჩევთ სუსთან გაიარეთ კონსულტაცია, ღირს თუ არა ამ თემაზე დავასწრო მოვლენებს და ვილაპარაკო გოგაშვილის წერილზე. ამის დროც მოვა, ასე რომ შეგიძლიათ საჯაროდ მოითხოვოთ ჩემი ცრუ ჩვენების გამო დასჯა”
კომენტარები