ჟურნალისტი ქეთევან ჩემია:
,,სუსტი გულის პატრონები ნუ წაიკითხავთ! გთხოვთ!
მიუხედავად იმისა, რომ სადისტის ჩანაწერები არ არის,
მაგრამ…
დანარჩენებმა თავად განსაზღვრეთ…
ჭუბრის გზაზე ცოლ-შვილს აცდა და ქუთაისში მოხვედრილმა კვახჭირში მოაკითხა ჩემს ქმარს…
ყორასში ცხოვრებისას ჩვენს სახლებს რკინიგზა ყოფდა, მაგრამ მეზობლობას ვერ გვიშლიდა რადგან კუჭავების ამ ოჯახში პატარებს ჩემი უსაყვარლესი ნათელა ახალაია ნათლავდა…
დაზაფრულებმა სწორედ ამ პატარების და მისი დედის ამბავი არ ვიცოდით… მათ მამას ადამიანის სახე აღარ ჰქონდა, მისი ყურაბა კიდევ ცალკე ტრაგედიის ტოლფასი იყო…
სატანჯველი ჯერაც გამოვლილი არ იყოს… ჭუბერგამოვლილებისთვის ახლა იწყებოდა ბრძოლა სიცოცხლისათვის…
სადაც და ვისთანაც ხელი მიგვიწვდებოდა ვიკითხეთ – კუჭავების ამ ოჯახის წევრების დამნახველს ვერავის მივაგენით…
დავდიოდით ხან შემთხვევით შეხვედრილი ტრანსპორტით, ხან ურმით, გაგიკვირდებათ და ვირიც კი დადიოდა სამტრედიაში… უფრო ფეხით ვსერავდით ქუთაისს და მის შემოგარენს… ამაოდ! კვალს ვერ მივაგენით და …
მხოლოდ მორგებში ძიება დაგვრჩა საბოლოო გადაწყვეტილებად…
პირველ ცენტრალურ პროზექტურაში კიბეებზე ჯერ კაცები გავატარე და შემდეგ მინდოდა შესვლა… სანამ პირველ საფეხურს ფეხს დავადგამდი ოჯახის მამა დავინახე პირღებინებთ უკან მორბოდა, შემდეგ ჩემი ქმარი ასევე პირზე ხელაფარებული მოსდევდა უკან… თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა… როგორც იქნა გავაცნობიერე, რომ უშუქობის გამო გახრწნილი გვამების სუნისგან იყვნენ ცუდად, წამით არ დავფირებულვარ არც სუნი მიგვძვნია და არც გვამების სიმრავლის წინაშე დამიხევია უკან…
სათითაოდ გადავათვალიერე… სათითაოდ გადავხადე შავი სუდარები… მთელი ყურადღება ჩემის „საძიებლისკენ“ მქონდა მიპყრობილი და სხვაზე არ მინოდა არც ფიქრი და არც ყურადღების მიქცევა…
ღმერთმა დაიფაროს ყველა იმისგან, რაც იქ ვნახე…
მე არ დამიფარა უფალმა!
ვნახე და არ გავიხსენებდი, არ მინდა გახსენება… მაგრამ თორმეტის წლის „უპატრონო“ – წარწერიანი გოგონას „ნარჩენები“ – ცელოფანში გახვეული… საზარელი სანახავი აღმოჩნდა მაინც… არა, ნუ დამძრახავთ… თუ თქვენთვის ძნელი წასაკითხია, ჩემთვის როგორი გადასატანი იქნებოდა, როგორ ფიქრობთ?
და მაინც მომიტევეთ… ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ უარესი თურმე წინ მედო, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ ვიცოდი… იქიდან წამოსულებმა სულ სირბილ- სიბილით შემოვიარეთ მორგებად ქცეული საავადმყოფოები… ბოლოს მაგული ჩხობაძის – პათანატომიის ინსტიტუტში შიმშილისგან დაღლილობისგან… ჯანდაბისგან – გული წამსვლია… და გონს რომ მოვედი მთავარი ექიმი, რომელიც მიხვდა რაც მჭირდა, საკუთარ მწირ ლუკას მაჭმევდა…
ხელმოცარულები თავჩაქინდრულები
ცოცხალ-მკვდები წამოვედით…
…
ეს ისტორია კეთილად დასრულდა მამამ ოჯახს მიაგნო…
შემდეგ ისინი წავიდნენ და როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთი დავკარგეთ…
მაგრამ მაგული ჩხობაძის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი და იქნებ, შემდეგ არც მომეძიებინა, რომ არა მ ა მ ა ნ ა ჯ ი ჭ ა რ ა ძ ე – ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე – იქვე ჩემს მეზობლად გათხოვილი მაშინ – ჯერ კიდევ ბედნიერი მომავალი დედა!
ახლა როგორ მოვიქცე?
როგორ რომელ გამბედაობას მოვუხმო და აღვწერო:
არადა, ამით დამთავრდა, არასდროს არაფერს მსგავსს არ დავწერ… რომ არა „ბაბუშარაში“ – ხათუნა თოდუას მიერ გამოქვეყნებული სურათი, არასდროს არც გავიხსენებდი, მით უმეტეს, არ დავწერდი…
ადამიანი ყველაფერს უძლებს… ეს დაადასტურა აფხაზეთის ომმა…
რატომ უნდა მახსოვდეს ასე ნათლად, მაგული ჩხობაძემ როგორ მთხოვა, აქ ერთი უპატრონო ნეშტია და იქნებ, პატრონი მოვძებნოთო… როგორ მეყოს დარჩენილი სიცოცხლე იმის გადასატანად რა მომივიდა, როცა თუნუქის სასახლეზე სახელი და გვარი წავიკითხე:
… რა ბედი მაქვს – ვისაც ჩემზე უნდა ეღვარა ცრემლები… ჩემი დასატირებლები გახდნენ…
დიახ… ვიცი გულისტკივილი ისედაც ბევრი გადაგივლით ყველას მაგრამ ხომ არ დაგვიწყნიათ, ხომ ისწალეთ იმ ტკივილით ცხოვრება…
ჰოდა… ვისწავლე მეც…
ჰოდა… მამამისს ჩავაბარე მისი თავი…
ორი ჭირისუფალი ვიყავით: ისინიც ორი იყვნენ: მანანა და მისი შვილი, რომლების უკვე ზეცაში იყვნენ ერთად… ჩვენ მხოლდო ერთს – დედას ვაცილებდით…
ჩვენი საცოდაობით მგონი მიცვალებულებიც ტიროდნენ…
…
დამთარდა …
ამოვისუნთქოთ ყველამ…
ზუსტად ისე დამთავრდა, როგორც აფხაზეთის ისტორია:
სამშობლო დავასაფლავეთ, შვილები ჰაერში დავფარფატებთ…
მერე რა თუ უმეტესობა ჩვენთაგანს არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის ჩვენი მტარვალების წინაშე ამას ხომ ხელი არ შეუშლია უსაშველო ტკივილი წლობით ვატაროთ…
გულისტკივილს ვერ ვიშუშებ… არადა, გული მრთელი მაქვს…
ვაი ამ გაკაჟებას…
რა საჭირო იყო?
მანანა ჯინჭარაძე
ჩვენ მეგობრები უფრო ვიყავით ბაბუშარის საშუალო სკოლის კედლებში…
თქვენ ყველა უსაშველოს მიყვარდით…
რა ვქნა თუ ის სიყვარული ისევ ისე დამაქვს და თუ მაშინ ფრთებს მასხამდე და დავფრინავდი ახლა მამძიმებს…
მიყვარხარ და უკანასკნელ გზაზე რომ არ მენახე, არც დავიჯერებდი და შენზე არც ვიტირებდი…
მიყვარხარ… შენ ისევ ისეთი კაფანდარა მორიდებული მოსიყვარულე ერთგული ბეჯითი სიცოხლით სავსე ხარ ჩემთვის და მე კიდევ შენი უსაყვარლესი „ქეთევან მასწავლებელი“ და სანამ შენთან მოვალ ასე დავრჩები… იქ კი… იქ მოვილაპარაკოთ, რას დამიძახებ…
მაპატიეთ:
სურათის დანახვისთანავე დავწერე, ნუ დამძრახავთ: მე მას არც გადავხედავ… ასე დარჩება, როგორც მანანა ჯინჭარაძის წასვლით დატოვებული ტკივილის ჩემი დიდი და ღრმა ნაწიბური.”

კომენტარები