საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, მამის, ზვიად გამსახურდიას წერილიდან ნაწყვეტს აქვეყნებს:
“პრეზიდენტი და დისიდენტი ზვიად გამსახურდია ეკლესიისა და რელიგიის შესახებ:
“ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.
აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი.
ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. ….. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს.”
კომენტარები