2021 წელს საქართველოს მოსახლეობა კომუნალური გადასახადების გაძვირებით შეხვდა!
გაძვირდა დენის, გაზისა და წყლის გადასახადი.
მართალია თებერვლის ჩათვლით მომატებულ ტარიფებს სახელმწიფო სუბსიდიის სახით თავად გადაიხდის, მაგრამ არანაკლებ ცივ მარტსა და აპრილში, ისევე როგორც მომდევნო თვეებსა და მომდევნო წლებშიც, როცა სუბსიდირება შეწყდება, ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას თავად მოუწევს გაძვირებული ტერიფით გადახდა და როგორ უნდა მოახერხონ ეს, რთული წარმოსადგენია, რადგან კოვიდ პანდემიის გამო, პარალიზებულია თითქმის ყველა სფერო და ადამიანების შემოსავლებმაც კატასტროფულად იკლო…
რა გველოდება წინ და სად არის გამოსავალი? ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა:
– ბატონო გიორგი, ტარიფების გაძვირებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოციალურ ქსელში წერდით, რომ მარეგულირებელ კომისიაში ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიტანა განცხადება დენის, გაზისა და წყლის გადასახადის მომატების შესახებ და პროგნოზირებდით, რომ სახელმწიფო მათ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა…
– მივესალმები „ალიას“ მკითხველს და ვულოცავ შობა-ახალ წელს!
დიახ, რაც დაიმსახურა „ოცნების“ ამომრჩეველმა, ის მიიღო საახალწლო საჩუქრად!
– რატომ მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველმაა? ეს გაძვირება შეეხო უკლებლივ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს…
– რა თქმა უნდა, ყველას შეეხო, მაგრამ ეს გაძვირება იმათი დამსახურებაა დიდწილად, ვინც არჩევნებზე ხმა ოლიგარქიულ მმართველობას მისცა ანგარებით, შიშით თუ სხვადასხვა ქვენა გრძნობით და ამით დააზარალა მთლიანად საქართველო, მაფიოზების გარდა! აბა, რა ეგონათ? ხომ ცნობილია, რომ ეს არის თაღლითების, გადამგდებების ერთობა, რომლებიც ამას დიდი ხანია აპირებდენენ, რადგან ამ გაძვირებაში უპირველესად მათი ინტერესებია ჩადებული და აბა, სხვანაირად როგორ მოხდებოდაა?
– მე მახსენდება ლეიბორისტების აქციები მარეგულირებელი კომისიის შენობასთან სწორედ ტარიფებთან დაკავშრებით და თუ მეხსიერება არ მღალატობს, რამდენიმე წლის წინ, თქვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე თეთრით გაიაფდა კიდეც დენის გადასახადი…
– კი ბატონო, სწორად გახსოვთ და ისიც გემახსოვრებათ, პირადად მე ხელდახელ ბრძოლაც რომ მომიწია მათ წინააღმდეგ. სასამართლო პროცესებზე აღარაფერს ვამბობთ, ჩვენ ვუჩივლეთ მარეგულირებელ კომისიას და იმ ეტაპზე მათი მადა დავაოკეთ! იცით, რააა? ის, რაც ხდება ამ კომუნალური გადასახადების გაძვირებასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირშია იმ ენერგო მაფიასთან და მაფიოზებთან, რომლებიც მოკალათდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და უკანასკნელ სისხლს სწოვენ მოსახლეობას, კარგად რომ გაიბერონ მათი სისხლისგან ნაშვნი ფულით! ეს გაძვირება ხდება ქალაქის მერის კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებით იმიტომ, რომ უპირველესად მათ ინტერესებშია გაზრდილი ტარიფი და იმიტომ რომ სწორედ მათ ჯიბეში მიედინება ფული ენერგეტიკიდან! ეს უბედური ხალხი კი მათი მძევალია, ცხვარივით მიერეკებიან, საითაც გაუხარდებათ და როცა გაუხარდებათ, მაშინ პარსავენ მათ!
იცით თქვენ ვისია კომპანია „ბიტ ფური“ რომელიც ოფშორშია რეგისტრირებულიი? ვისია და ბიძინა ივანიშვილის! იცით, თქვენ რამდენი ბიტკოინის ქარხანა აქვს ივანიშვილს საქართველოში? 4 და ის თუ იცით რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს თითოეული ასეთი ქარხანაა? მაგალითს მოგიყვანთ – თუკი მთლიანი დატვირთვით რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 150 000 კილოვატს მოიხმარს, ბიტკოინის ქარხანა მოიხმარს 100 000 კილოვატს და ეს გახლავთ უზარმაზარი დანახარჯი! იცით თუ არა ის, რომ ახლახან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ჰესების მშენებელ კომპანიებთან გააფორმა – მშენებელი, ანუ ინვესტორი მხარის მიერაა ნაკარნახები ფასები? ისინი ითხოვენ გარანტირებულ ტარიფს 35 თეთრიდან ზემოთ ანუ, 40, 50 თეთრამდე და თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ უკაცრავად გამოთქმისთვის და, პირდაპირ გვტენიან გაძვირებულ ტარიფს და კიდევ იმას, რომ აი, ჩვენ გვჭირდება ბევრი გიგანტური ჰესები ელექტროენერგიისთვის, რომ აგუგინდეს ქვეყანა და ა.შ. და ა.შ… სინამდვილეში კი, ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც დადებულია ჰესების მშენებელ კომპანიებთან, თეთრით შავზე წერია რომ გარანტირებული 35 თეთრს ზემოთ უნდა იყოს გადასახადი!
თქვენ ერთი რამ უნდა იცოდეთ და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – 6 თვის შემდეგ ანუ, ივლისში ტარიფი კვლავ გაძვირდება და ეს ხალხი თუ მოითმენს ამდენს, მაშინ ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ და ეგ არის!
ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ მინისტრობის დროს და იმ დროს როცა კახი კალაძე ჩახუტებული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაშინ დაითრია სხვადასხვა რეგიონებში ჰესები, მოგვიანებით შექმნეს კომპანია, დაარქვა სახელი „ენერგო პრო ჯორჯია“, დაადგინა შესაბამისი ტარიფი და ლაღობს ბიჭი იმიტომ, რომ დიდი მადა გააჩნია! ზოგ-ზოგიერთებს კალაძე დიდი ქველმოქმედი და სამშობლოზე გულდათუთქული პატრიოტი რომ ჰგონია, სინამდვილეში ენერგეტიკის ერთ-ერთი დიდი მაფიოზია და ამ უბედური ხალხის ჯიბეებიდან ამოღლეტილი უკანასკნელი კაპიკებით უფრო გამდიდრებას აპირებს! მათ ხომ ჩვენ, თავიანთ მონებად მივაჩნივართ სინამდვილეშიი? ჰოდა, ზუსტად ისე გვექცევიან, როგორც მონებს და ამ ქვეყანას კიდევ ისე უყურებენ, როგორც ქარვასლას, სადაც ყველაფერს ყიდულობენ და ყიდიან!
– იცით, რა მაინტერესებს? ჰესები რომელიც აქამდე ააშენეს უცხოურმა კომპანიებმა, კრიტიკას ვერ უძლებს და უხარისხოდ წარმოებული სამშენებლო პროცესის დასტური მათი მალევე წყობიდან გამოსვლა იყო… რამდენად გამჭვირვალეა, თუნდაც მათთან დადებული ხელშეკრულებები და რატომ შემოჰყავთ საეჭვო რეპუტაციის მქონე ინვესტორები?
– სრულიად მართებული შეკითხვაა… დიახ, მწყობრიდან გამოვიდა ,,დერდორაკი“ იყო მსხვერპლი, ეკო კატასტროფა როგორც ყაზბეგში, ისე აჭარაში, მაგრამ სამაგიეროდ 400 მილიონი ხომ გაიღეს ბიუჯეტიდან? თქვენ რომ იცოდეთ, სინამდვილეში, გათეთრდა ფული და ამ ყველაფრით კმაყოფილია რამდენიმე კაცი! იგივე ხდება გზების რეაბილიტაცია-მშენებლობების ხელშეკრულებებშიც და თუ გახსოვთ, ამას წინათ ევროკავშირის ელჩმაც თქვა: ,,ჩვენ გაძლევთ ფინანსურ რესურს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ინვესტორებად შემოჰყავს ჩინური კომპანიები, რომელთა კომპეტენცია და ავტორიტეტი დიდი ეჭევის საფუძველს იძლევა და რომლებსაც საერთაშორისო საჯარიმო სანქციები ადევსო!“ გახსოვთ ხომ ეს განცხადებააა? საქმე იმაშია, რომ ასეთ ინვესტორებთან საქართველოს ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებშია და ერთობლივი თაღლითური სქემით ძარცვავენ როგორც საქართველოს ბიუჯეტს, რომელსაც ჩვენ ვავსებთ, ასევე თითოეულ მოქალაქეს გვაცლიან უკანასკნელ კაპიკებს და ოფშორებში გადააქვთ აქ ნაშოვნი მილიარდები!
ახლა რომ სარკინიგზო გვირაბებს აკეთებენ რიკოთზე, იცით რამდენჯერ ჩამოენგრათ თავზეეე? ექსპლუატაციაში რომ შევა, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს? აჭარაში, ყაზბეგში გაჩერებულ უხარისხოდ აშენებულ ჰესებზე აღარაფერს ვამბობ და მთელი საქართველო ჰესებეთ რომ უნდა აქციონ, მათი აშენებული ჰესები რამხელა ზარალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ადვილი წარმოსადგენია! ამათ უნდათ დატბორონ და იავარქმნან ეს ქვეყანა და თვითონ გამდიდრდნენ? არ იქნება ასე და მალე ყველა მიხვდება ამას!
მიაქციეთ ყურადღება ერთ გარემოებას… აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ მიეცა უფლება მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელოს გაზიფიკაცია, ანუ მეზობელი სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია გახადეს მონოპოლისტი და ყველა სახელმწიფოს ქმედებაში, რომ უპირველასად საკუთარი ქვეყნის ინტერესებია უპირატესი, ეს ახალი ამბავიააა? ეს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებს როგორ შეიძლებოდა რომ მიეღოთ, როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა?
დღემდე ვერ გაგვირკვევია იმ გაზსადენებიდან ჩვენ რა გვრჩება, ანუ სახელმწიფოს რა შემოსავალი აქვს? არ ვიცით რამდენია უფასო, რამდენია სოციალური გაზი და არც არავის ახედებენ საბუთებში იმიტომ რომ ეს ქვეყანა მათი საკუთრებაა და იქამდე გააგრძელებენ ასე, ვიდრე ცხვირში არ მოხვდებათ ხალხის მუშტი, რომელიც ამ ქვეყნის რეალური მეპატრონეა! ეს გაძვირებული დენი და გაზი, ყველა სეგმენტში რომ გაძვირებას გამოიწვევს, ან ესაა ახალი ამბავიი? ყველა პროდუქტის საწარმოებლადაა საჭირო დენი და დღეს რომ საახალწლოდ ქართულ შოკოლადს იყიდით მომატებული ფასით, სწორედ გაძვირებული ტარიფით იქნება გამოწვეული!
ირინე გოგოსაშვილი, ალია
კომენტარები