TBC-ის ბრიტანელმა აქციონერმა, იან მალქოლმ ჰოქმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს მიმართა. ჰოქის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ მათ ბანკი თითქმის $40 მილიონით აზარალეს. მალქოლმ ჰოქი შესაბამისი პროცედურების დაწყებასა და ამ თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვს.
“მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს TBC ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერთდებიან, რათა TBC ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს”. – ნათქვამია იან მალქოლმ ჰოქის განცხადებაში.
ჰოქი აღნიშნავს, რომ მის ინტერესებს საქართველოში ადვოკატი დიმიტრი ტორაძე დაიცავს და მისი “შემდგომი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული ბანკის ხელმძღვანელობის ქმედებებზე”.
ადვოკატის განმარტებით, მალქოლმ ჰოქი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, TBC ბანკს უკვე დაწყებული ჰქონდეს გარკვეული პროცედურები და მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად სააქციო საზოგადოებას მიმართავს.
“მე როგორც ვიცი, მას პირველივე განცხადებისთანავე დაუკავშირდნენ სხვა აქციონერები. ჯერჯერობით, ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ამ კონსულტაციების თემაა, რომ აქციონერთა ინტერესები და, პირველ რიგში, სააქციო საზოგადოება TBC ბანკის ინტერესები როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული კუთხით, იქნას დაცული”. – თქვა ტორაძემ.
კომენტარები