„მთავრობამ ყარაბაღში სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების მოხალისედ წასვლა მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს, თუმცა ჭიდაობა და ომი არ არის საჭირო”, – აცხადებს „რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შეილახოს, თუმცა მთავარი საქართველოს ინტერესებია.
კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება თუ საქართველოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ყარაბაღის ომში მოხალისეებად წასვლას გადაწყვეტენ და შესაძლებელია თუ არა შიდა დაპირისპირება დაიწყოს, არეშიძე გვპასუხობს:
„შიდა დაპირისპირებას არ ვვარაუდობ, თუმცა მოხალისეობის სისტემა მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეიძლება, სხვა ტიპის დახმარებაც შეიძლება იყოს. მაგარამ მოხალისეების გაგზავნა არ უნდა დავუშვათ. ძალიან გაგვიჭირდება ამის გაკეთება, რადგან ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი გვრჩება ყურადღების მიღმა. აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნაკლებად და ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების ნაწილს სურს წასვლა. ჭიდაობა და ომი არ არის საჭირო, სხვადასხვა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ. არც ერთის მხარის ინტერესები არ უნდა შეილახოს, მაგრამ მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, – განაცხადა არეშიძემ.
27 სექტემბერს დილით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. დაღუპულია ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანი ორივე მხრიდან, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
კომენტარები