მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა, ადვოკატის კითხვის პასუხად, განაცხადა:
„სხვა პრაქტიკები არ ვიცი, მაგრამ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნები სასამართლო პროცესებზე ბევრჯერ გამოიყენება, პროკურატურის მხარესაც ბევრჯერ გამოვსულვართ და ჩვენი დასკვნები ყოველთვის არის საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი. სამხარაულის ექსპერტიზასთან ვთანამშრომლობდით და ბევრმა ექსპერტმა გაიარა ჩვენი ტრენინგები. სამხარაულმა ჩვენი რეკომენდაციებით, მრავალი წლის წინ, თავისი პრაქტიკა გააუმჯობესა. ამჯერად, თუ არ დეგრადირდება ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელ დასკვნებამდე, კარგი იქნება. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რასაც ქართული კანონმდებლობაა მორგებული. სტამბოლის პროტოკოლში ევროკავშირის ძალიან დიდი თანხები ჩაიდო. ევროსაბჭოს პროექტიდან პენიტენციურ სამსახურის ტრენინგ ცენტრში მოწვეული ტრენერი გახლდით. მათ სავალდებულო ტრენინგებში აქვთ სტამბოლის პროტოკოლი, ამიტომ მათთვის [პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისთვის] უცნობი არ უნდა იყოს“
მოსამართლე, გიორგი არევაძემ ჯიშკარიანს გააწყვეტინა და უთხრა:
„ქალბატონო მარიამ, არც ჩვენს დასამოძღვრად ხართ აქ მოსული და არც ჭკუის სასწავლებლად. რაზეც კითხვას დაგისვამენ, იმას უპასუხეთ, გასაგებია? აღარ გააგრძელოთ. აქ არ ხართ არც ტრენერი, არც ჩემი ხელმძღვანელი, არც ჭკუის მასწავლებელი. კითხვას დაგისვამენ – უპასუხეთ. გაგიმარტივდებათ უფრო. ნუღარ შემოხვალთ ჩემთან პოლემიკაში, სასამართლოს და მოსამართლის განკარგულებას უნდა დაემორჩილოთ. ჩემთან პოლემიკაში არ შემოხვიდეთ“
კომენტარები