„განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა 150 მდე მოწმის ჩვენება, ასევე წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად სასმართლომ ეს მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
ჩვენ განვმარტავთ, რომ ოჯახის თუ დაცვის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ მათ სიღრმეში, ვინაიდან ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ სივრცეს.
აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. სწორედ ამაში ედებოდა მას ბრალი. დასტურდება, რომ ჭრილობა დავით სარალიძეს მსჯავრდებულმა მიაყენა“,- განაცხადა პროკურორმა.
მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
კომენტარები